90 წამის ხანგრძლივობის ფრენა
გიფიქრიათ თუ რისი მოსწრება შეგიძლიათ წუთნახევარში, მხოლოდ 90 წამში? ერთი მთლიანი სიმღერის მოსმენაც კი შეუძლებელია ამ დროის განმავლობაში. ერთი ჭიქა წყლის დალევას მოასწრებთ?
აღმოჩნდა, რომ 90 წამის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ თვითმფრინავით მგზავრობა მოასწროთ.
მსოფლიოში ყველაზე ხანმოკლე სამგზავრო ფრენის ხანგრძლივობა მხოლოდ 90 წამია. გამოცემა THE SUN გვიამბობს, თუ როგორ შეუძლიათ ტურისტებს ასეთი უნიკალური გამოცდილების მიღება.
მსოფლიოში ყველაზე ხანმოკლე კომეციული ავიარეისი ხორციელდება შოტლანდიის ორ კუნძულს "უესტრეისა" და "პაპა უესტრეის" შორის. საქმე იმაშია, რომ კუნძულებს შორის მანძილი მხოლოდ 2.7 კილომეტრია და ფრენის დრო, ქარის მიმართულებიდან გამომდინარე მერყეობს 47-დან 90 წამამდე და ის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშიც არის შეტანილი. პირველი ფრენა 1967 წელს განხორციელდადა, 2016 წელს კი მემილიონე მგზავრს მოემსახურა.
გამოცდილი ტურისტების თქმით, მთელი ფრენის მანძილზე მხოლოდ ერთი სელფის გადაღებას თუ მოახერხებ.
იბადება ლოგიკური კითხვა, რა საჭიროა ასეთი ხანმოკლე ფრენა? პასუხი ძალიან მარტივია - ქარიშხლიანი და მძვინვარე ზღვა. ერთი კუნძულიდან მეორეზე გადასვლის ალტერნატივა, რათქმაუნდა, არსებობს. მაგრამ! მისი განხორციელება შეიძლება მხოლოდ ნავით და ის 20 წუთს გრძელდება. თუმცა ვინც ერთხელ მაინც იმგზავრა „ალტერნატიური გზით“, აცხადებს, რომ მსგავსი „ატრაქციონით“ ცხოვრებაში მეორეჯერ აღარ ისარგებლებს.
ყველაფრიდან გამომდინარე, ერთი კუნძულიდან მეორეზე მოხვედრის ყველაზე იდეალური გზაა - გადაფრენა. ყველაზე ხანმოკლე რეისით ძირითადად კუნძულების ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს, ახლობლებისა და ნათესავების მოსანახულებლად.
აქვე გვინდა დავამატოთ, რომ მსოფლიოში ყველაზე გრძელ რეისად აღიარებულია გადაფრენა სიდნეიდან ნიუ-იორკში. მისი ხანგრძლივობა 19 საათსა და 16 წუთს შეადგენს. თუმცა ახლა ეს ფრენა ტესტირებას გადის, ამიტომაც ჩვეულებრივი მგზავრებისთვის ის მიუწვდომელია. თუმცა რეგულარული რეისების დაწესებას უკვე 2022 წლიდან გეგმავენ.