რა ფერია პოლონეთი?
ევროპაზე ვერაფერს დავწერ ისეთს, რაც ცნობილ პუბლიცისტებსა და ჟურნალისტებს არ დაუწერიათ…
ვერც პოლონეთზე დავწერ განსაკუთრებულს რამეს, იმიტომ კი არა, რომ არ შემიძლია. იმიტომ, რომ პოლონეთი ჩემთვის ესაა ქვეყანა სავსე მშვიდი, ლამაზი, მშრომელი, მოწესრიგებული და განათლებული ხალხით. ქვეყანა, სადაც არცერთი გოჯი მიწა არაა აუთვისებელი, ქვეყანა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირს.
ევროპა გარყვნილება არაა. ევროპა ჩემთვის ევროკავშირია. ევროკავშირი კი ესაა ბევრი , კულტურულად განსხვავებული, ტრადიციებშემონახული და ამავდროულად მოდერნიზებული ქვეყნით დაკომპლექტებული კავშირი, სადაც დაახლოებით სამოცი, სამოცდაათი წელი ვერ შევალთ. ვერ შევალთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვიცით სად დავყაროთ ჩვენი ნაგავი, არ ვიცით სად გადავაფურთხოთ, სად დავცალოთ საშარდე ბუშტი, სად დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები და სად დავარღვიოთ, სად ვიყოთ სოლიდარულები და სად არა, სად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები (მიუხედავად მათი რელიგიური, რასობრივი, ეროვნული , სექსუალური , ფიზიკური და ფსიქიკური ”განსხვავებებისა”) სად დავჭამოთ ერთმანეთი და სად არა.
პოლონეთი ჩემთვის საჰაერო საზღვრის გადაკვეთისას არ დაწყებულია. ღრუბლების გაფანტვიდან დაიწყო, როდესაც თეთრ ნისლს მიღმა პოლონური სოფლის ფერადი მიწები დავინახე, მიწებზე მოფუთფუთე ტრაქტორები, ტყეებს შორის ნამცხვარზე მოსხმული მინანქარივით მოპრიალე ტბები და ქარხნების გამჭვარტლული მილებიდან ამომავალი კვამლის ნაცრისფერი ფთილები. თვითმფრინავში რთული და გაურკვევლი გზის გავლის შედეგად მოვხვდით_ ჯერ იყო საინტერესო ლიტერატურული კონკურსი, მერე გაუგებრობა ამ კონკურსის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც გაუგებრობადვე დარჩა და მონაწილეთა სურვილით, კონკურსი მაინც შედგა. ანუ, ჩემი ვიზიტი პოლონეთში წმინდა ტურისტული მიზნების მატარებელი არ ყოფილა, მაგრამ შესაძლოა სწორედ ამან მომცა შანსი მენახა მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ტურისტს.
ჰოდა, იმას ვწერდი რომ ასე დაიწყო პოლონეთი ჩვენთვის_ ნისლს მიღმა მიწიდან ამოჩრილი სოფლების ფერადი მიწებით. აეროპორტიდან ვარშავის გარეუბანში , ტექნიკური კოლეჯის სტუდენტურ საცხოვრებელში მოვხვდით. კონკურსის მონაწილეები ოთახებში გადაგვანაწილეს და ჩვენდაუნებურად პოლონურ სტუდენტურ ცხოვრებას შევუერთდით.
ხომ გგონიათ რომ ევროპელი ახალგაზრდები თავიდან ბოლომდე გართობაზე არიან კონცენტრირებულნი? ალბათ ბევრი ასე ფიქრობს, მაგრამ ვერ მოგართვით.
ჩვენ, ყოვლადარაორგანიზებულმა ქართველებმა ღამის 12 საათზე ქართული ცეკვის მასტერკლასის ერთმანეთისთვის მოწყობა, ლექსების წაკითხვა და ,,ზუბროვკას'' დალევა გადავწყვიტეთ. სწორედ ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა. ზღურბლზე გამოჩენილ სამ, კუნთმაგარ პოლონელს ქართველი ბიჭები ოთახში ეძიძგილავებოდნენ და არყის დალევას სთავაზობდნენ. შეურაცხყოფილი პოლონელები კი პოლიციაში დარეკვით გვემუქრებოდნენ. საბოლოოდ მივხვდით, რომ ადგილობრივებისათვის ძილი, სიმშვიდე და სწავლა სამუშაო დღეებში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო და წესებს დავნებდით.
მეორე დღეს ვარშავის ქუჩებში გამოვეფინეთ. ეს არის ქალაქი, იდეალური წესრიგით. ქალაქი, სადაც ვერ იგრძნობ რომ რამდენიმე ათეული წლის წინ საერთოდ აღიგავა პირისაგან მიწისა. ფერადი სახლები, კაფეებიდან გამოსული ბლინების სუნი, ადგილობრივების უხეში სლავურის მსგავსი ენა- ეს ყველაფერი მოწმობს, რომ ქალაქს ,რომელიც სრულ იდილიაში ცხოვრობს ვერასოდეს ვერანაირი სისტემა და დიქტატურა ვერ დაამარცხებს.
ვარშავაში ყოფნის მომდევნო დღეებში რამდენიმე საინტერესო ღონისძიება გვქონდა-შეხვედრა მართლმადიდებელ ეპისკოპოსთან, ლიტერატრული მარათონი, შეხვედრა კოლეჯსა და უნივერსიტეტში ”ჩვენებურებთან”,პოლონელებისათვის გამართული ქართული ენისა და ცეკვის მასტერკლასები, ქართული ფილმების ჩვენება, უსასრულო სიარული ვარშავის ფერად სახლებს შორის, ქვაფენილმოყრილ ქუჩებზე.
ჩემთვის საინტერესო იყო იმის აღმოჩენა, რომ “სირენკა”, ანუ ქალთევზა ვარშავის სიმბოლოა. ლეგენდის მიხედვით ქალთევზას ზღვიდან მდინარის მეშვეობით ძველი ვარშავის მისადგომებამდე მიუღწევია. შესასვენებლად ნაპირზე ამოსულს არემარე ძალიან მოსწონებია… ის ერთ მეთევზეს შეუფარებია, ბევრი განსაცდელისგან უხსნია, მათ შორის ტყვეობიდან. მადლიერების ნიშნად ქალთევზას აღუთქვამს მეთევზეთა დაცვა და მფარველობა.
ქალთევზა არა, მაგრამ ჩვენს დროში უამრავი ვარშაველი და ქალაქის სტუმარი სიამოვნებით ისვენებს მდინარე ვისლას სანაპიროზე, რომელიც თავშეყრის პოპულარულ ადგილად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ გახდა.
რამდენიმე დღეში ავტობუსით კრაკოვისაკენ გავწიეთ. ეს ქალაქი ყველაზე მეტად ქუთაისს მაგონებს. მასსავით ძველია, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას კრაკოვის ტურისტულ განვითარებაზე ბევრი უფიქრია და ისიც შესაბამისა, ქუთაისზე ბევრად კოხტაა, მაგრამ უფრო მუქი.
ჩემთვის კრაკოვი ყავისფერია. არ ვიცი ეს იქაური სიცხიანი მოგონებების გამოა თუ არა ,მაგრამ არასოდეს დამავიწყდება დღეები, როდესაც ყველაფერს ნაცრისფერ ბურუსში ვუყურებდი მაღალი სიცხისა და წვიმიან ღამეებში სადგურამდე ფეხით ბორიალის გამო და უკანასკნელი გროშებით ერთმანეთისთვის ნაყიდი იაფფასიანი სენდვიჩების გემო, რომელიც არასოდეს დამავიწყდება.
კრაკოვი 18 ნაწილად იყოფა, რომლებიც ოფიციალურად აღნიშნულია რომაული ციფრებით, მაგრამ პრაქტიკაში უფრო ისტორიული სახელებით მოიხსენიებენ. თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა თავმოყრილია ძველ ქალაქში. ტურისტები ძირითადად აქ ჩერდებიან, რათა ფეხით მივიდნენ ნებისმიერ ცენტრალურ წერტილამდე.
გარშემო რაიონები კი ძირითადად ახალმშენებლობეს, რელიგიურ ძეგლებს და პარკებს წარმოადგენს. მწვანე ზონით საინტერესოა VII რაიონი ზვეჟინეცი. პოდგუჟეს რაიონში ნახავთ უჩვეულო არქიტექტურას, მაგალითად იულიას ვილებს.
რამდენიმე სასახლე, მათ შორის კიხმაიერების ან ვოძიცკების, პოპელის კარ-მიდამო და სტალინური არქიტექტურის ნიმუშები მდებარეობს ნოვა ხუტაში. ეს ადგილი სიმშვიდით არ გამოირჩევა, ხშირია ქუჩის ქურდობები და ამიტომ აქ დღის სინათლეზე მისვლა ჯობს.
კრაკოვის ძველი ქალაქის ტერიტორია, ისევე როგორც ვარშავის პრაქტიკულად საფეხმავლოა. ისე, ტაქსიც არც თუ ძვირია, ქალაქში მგზავრობა დაახლოებით 25 ზლოტი დაგიჯდებათ. ღამე ფასები ორმაგდება.
ჩემთვის კრაკოვში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი ვაველია. თუ ეიფელი პარიზის სავიზიტო ბარათია, ვაველი-კრაკოვის გახლავთ. არ დაგავიწყდეთ აქ არსებული დრაკონის გამოქვაბულის ნახვა და ადგილობრივების მიერ გადმოცემით დამახსოვრებული და წლების განმავლობაში სხვდასხვა მთხრობელების ფანტაზიით შელამაზებული მითებისა და ლეგენდების მოსმენა ვაველის ციხე-კოშკსა და დრაკონებზე.
ვაველი ჩვენი საექსკურსიო ლოკაციის ბოლო ადგილი იყო. კრაკოვში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრის მერე ჩვენი ავტობუსით დავტოვეთ პოლონეთის უძველესი ქალაქი და კვლავ ვარშავას, უფრო კონკრეტულად კი აეროპორტს ვესტუმრეთ. საგზლად კი მოგონებები და უკან დაბრუნების ძალუმი სურვილი დავიტოვეთ. იმ დღიდან დღემდე ვგრძნობ, რომ კრაკოვის ქუჩები ისევ მე მეძახის და იმ ქვეყანაზე, რომელმაც მრავალი დიდი დარტყმისა და ხერხემალში გატეხვის შემდეგ ისევ შეძლო ფეხზე წამოდგომა მოსაყოლი კიდევ ბევრი მაქვს, მაგრამ პოლონეთი რომ უკეთ იგრძნოთ, უბრალოდ უნდა მოხვდეთ იქ.