ელია

წელს ხევი და მისი ულამაზესი ადგილები ჩემი აღმოჩენაა. ამჯერად მინდა ელიას მთაზე მოგიყვეთ. ეს ნამდვილად ის შემთხვევაა, როცა ცნობილი კურორტის ჩრდილში იმალება არანაკლებ საინტერესო და ლამაზი ადგილი.

 

ელიას მთა სწორედ ის ადგილია, რომლის შესახებაც ყაზბეგში დამსვენებელთა უმეტესობამ ჯერ კიდევ არ იცის. მე პირადად ინტერნეტში წავაწყდი ელიას ფოტოს და მაშინვე მოვიხიბლე, ამიტომ გადავწყვიტე თავად მომენახულებინა ეს ადგილი და ჩემი გადაღებული ფოტოებით ახლა უკვე სხვები დამტკბარიყვნენ.თუ დაგუგლავთ, ელიას მთის სახელწოდებით რუკა დედოფლისწყაროსკენ მიგითითებთ, მაგრამ არ დაიბნეთ. სამწუხაროდ, რუკაზე ყაზბეგის ელიას მთას არ აჩვენებს, მაგრამ თუ გზის თქვენითვე გაკვლევის მუღამი არ გაქვთ მაშინ წმ.იოანე წინასწარმეტყველის ეკლესიის სახელით მოძებნით ამ ადგილამდე მისასვლელ გზას. მთამდე სამანქანო გზაც ადის, მაგრამ მე როგორც ყოველთვის გირჩევთ სულ რაღაც 3 კმ-იანი გზა ტყის გავლით ფეხით აიაროთ.( სასტუმრო რუმსიდან ჩრდილოეთით გაუყევით გზას). ფიჭვისა და ნაძვის გამაცოცხლებელი არომატი გზას უფრო შეგიმსუბუქებთ. დიდი ალბათობაა, გზაში ციყვებიც დაგემგზავრონ. დასტური იმისა, რომ უკვე ელიას მთაზე ხართ პატარა ეკლესიაა, რომელიც წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის სახელითაა ცნობილი. ეკლესია პატარა ბაზილიკას წარმოადგენს.

 

ეკლესიიდან ოდნავ მოშორებით ყურადღებას იპყრობს პატარა ორსართულიანი ხის შენობა. რაც არ უნდა კოლექტივში ყოფნის მოყვარული იყოთ, მგონია, რომ ამ სახლის დანახვისას თქვენც კი მოგინდებათ რამდენიმე დღით აქ დასახლებიდან მოშორებით, ულამაზესი ხედებით გარშემორტყმულ, ამ სახლში განმარტოება. ელიას მთა იმითაც არის უნიკალური, რომ ერთი წერტილიდან ხელის გულზე იშლება დაბა სტეფანწმინდა, ჩანს გერგეთი, მყინვარწვერი, დარიალის ხეობა და ყუროს წვერები ( ეს ის ჩამონათვალია, რაც მე ვიცანი ..) 

 

 

ფაქტი, რომ ეს ადგილი ჯერ კიდევ უცნობია ბევრისთვის იმითაც დამტკიცდა, რომ 3 საათის განმავლობაში, რაც იქ ვიყავი, ბურთი და მოედანი ჩემი იყო. გირჩევთ, ელიას მთაზე მოხვედრისას მხოლოდ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიით არ შემოიფარგლოთ და გორაკებზე გალაღების უფლება მისცეთ თავს. რაც უფრო მაღლა ახვალთ მით უფრო ლამაზი ხედები გადაიშლება თქვენს თვალწინ, ხოლო თუ დაგროვილი ემოციები და გრძნობები შემოგაწვებათ აქ თავისუფლად შეძლებთ რაც შეიძლება ხმამაღლა ,,აააას“ ან ,,უჰუუს“ ძახილს (რაც მე აქაც კი არ გამომივიდა J ), მოპასუხე კი მხოლოდ თქვენივე ექო იქნება.

ასე რომ, თუ ცივილიზაციასთან ახლოს, მაგრამ თან მოშორებით, განმარტოებით ყოფნა მოგენატრათ, თუ ცოტა ექსტრიმის და გორაკებზე ბოდიალის მოყვარული ხართ ან თუ ახლის ძიება თქვენი ცხოვრების ნაწილია, მაშინ გაეშურეთ ელიასკენ.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %