turebi.ge მომხმარებლის გვერდი

ცავატ ტანემ, ერევან!

ქვეყნები არასდროს არ ჰგვანან ერთმანეთს. ყველა მათგანს თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს. აი, სომხეთი, მაგალითად, ჟანგისფერია, ვარდების სურნელი აქვს და მის საუნდტრეკად რომელიმე კომპოზიციას ავარჩევდი ფილმიდან ”არიზონას ოცნება”.
სომხეთი, ერევანი
ავლაბარში თუ მოხვდებით, ერევნის მიკროავტობუსში ჩაჯდებით და მის ნახვას გადაწყვეტთ, ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ...

თბილისიდან ექვსსაათიანი ჯაყჯაყის შემდეგ სომხურ გზებზე წინ მაღალი შენობები და ფერადი, ღია ბარები გამოჩნდა ეს ერევანია. კონტრასტების ქალაქი ცივი, ამაყი, სავსე უამრავი მდიდარი და უგემოვნო ადამიანით, ძალიან ცოტა ღიმილიანი სახით, ბევრი ტიტით და ფერადი, სურნელოვანი ვარდებით სავსე ქუჩებით, საოცრად მოწესრიგებული, სუფთა ინფრასტრუქტურით.

ყველაზე საინტერესო ადგილობრივი კაფეები და მუზეუმების კასკადია, თანამედროვე ხელოვნების ნამდვილი განძი კავკასიაში,რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ქალაქის სრულად დათვარიელებისათვის და ქალაქგარე ექსკურსიისათვის ხუთი დღე საკმარისია. კაფეებში ვიზიტი ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ადგილობრივი დელიკატესების დაგემოვნება ნამდვილად ღირს. საკმაოდ ძვირია სუვენირებიც. ამიტომ, თუ დაბალი ბიუჯეტით აპირებთ ეწვიოთ ერევანს, უბრალოდ ადექით და ღამის ქალაქის ხედებით დატკბით. 

შეგიძლიათ, ექსკურსია დედაქალაქის ცენტრალური ადგილით დაიწყოთ. აქ მოცეკვავე და მომღერალი შადრევნები, ისტორიის მუზეუმი და ეროვნული გალერეა დაგხვდებათ. 
ერევანი, სომხეთიმოედნიდან აბოვიანის ქუჩაზე შევუხვიე. აბოვიანი ძველი ერევნის სახეა, ვარდისფერი ტუფით მოპირკეთებული შენობებით, ნაციონალური სუვენიერების მაღაზიებით სავსე. ჩრდილოეთ პროსპექტი ახალი ერევნის სახეა. შავტუხა სომეხი გოგონები, ეშხით სავსენი აქ მომავალ საქმროებს არჩევენ. ან საქმროები ეძებენ საცოლეს. ქუჩებში ფერადი ვარდების ჯიხურების წინ, სომხურ სასიყვარულო ისტორიებს მოჰკრავთ თვალს. 

სომხეთში ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ექსკურსიაა სომხეთის გულში _ ყველაზე საინტერესო ტაძრებსა და სასახლეებში, გარნის წარმართული ტაძარი, რომლითაც სომხები ძალიან ამაყობენ, აუცილებლად სანახავი ადგილია. ‘’მეტყველი ქვების მიწა’’ ასე უწოდა ნონამ, ჩემმა ნაცნობმა სომეხმა გარნის. ტაძრის წინ ადგილობრივი დელიკატესების ყიდვაც შეგიძლიათ. თუ შეიძლება ქართულ ჩურჩხელას, ტყლაპს და ფელამუშს ასე ვუწოდოთ. მაღალი, გამხდარი, კუშტი სომეხი ბებოები ღიმილით გარწმუნებენ, რომ ჩურჩხელას სხვაგან ვერსად ვერასოდეს გასინჯავთ და როდესაც ხვდებიან, რომ ქართველი ხარ ტრადიციულ სომხურ ფრაზას გესვრიან : 'ქართველებმა ჩვენგან ისწავლეს , თორემ...'
სომხეთისომხეთიერევანში ჩემი ვიზიტის ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი ვაღარშაპატში მოსმენილი სააღდგომო ლიტურღია გახლდათ. 
გულწრფელად გეტყვით, არასოდეს მიგრძვნია თავი ასე ახლოს ღმერთთან და ამავდროულად ასე შორს. ათასი სანთლით განათებულ ტაძარში შიფონის, თეთრი კაბებით , ანგელოზებივით ჩუმად დაფარატებდნენ პატარა გოგონები. ზიარებისთვის თავდახრილი მორწმუნენი საკურთხეველთან ელოდებოდნენ სააღდგომო მადლის გადმოსვლას. 
 აღდგომის მეორე დღეს დავტოვე ჟანგისფერი, უღიმილო სომხეთი. დავტოვე ქალაქი, რომელიც ერთდროულად , გაყვარებს კიდეც თავს და  საოცარ სევდასაც გიტოვებს გულში. დაახლოებით ისეთს, როგორიც სომხური სიმღერებია. არარატის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, ყველა სომეხს სახეზე რომ აწერია,  თითქოს შენც მოგყვება, სულში გიძვრება და გაფიქრებს იმაზე, რომ ჩვენ, თარგამოსის შვილები, ყველანი ერთ ბედ ქვეშა ვართ... 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
34 %
ევროპაში
32 %
აზიაში
4 %
თურქეთში
3 %
ეგვიპტეში
10 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
12 %