turebi.ge მომხმარებლის გვერდი

სოფელი არშა/ არშის ჩანჩქერი

თუ თვლი, რომ მოგზაურობა საუკეთესო საშუალებაა, შეიგრძნო ცხოვრება, მაშინ კეთილი იყოს შენი მობრძანება მოგზაურთა სამყაროში.

 

დიდი პაუზის შემდეგ კვლავ დავუბრუნდი ბლოგერობას. ამ დროის განმავლობაში დასაწერი და გასაზიარებელი ბევრი დაგროვდა. რამდენიმე ქვეყნის და სამშობლოში არაერთი საინტერესო ადგილის მონახულების მიუხედავად მინდა ჩემი .,დიდი დაბრუნების“ პირველი პოსტი იმ ადგილს მივუძღვნა, რომლმაც ყველაზე კარგად მაგრძნობინა, რა მაგარია ზოგჯერ ცხოვრება.

 

ხშირად მოგზაურობისას ისეთი ადგილების მონახულებას ვირჩევთ, რომელზეც ყველაზე მეტი გვსმენია, რომელიც ძალიან პოპულალურია, რომელსაც განკუთრებული ნიშა აქვს, მაგრამ არშის ჩანჩქერის ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ყველაზე საინტერესო სწორედ ის ადგილებია, რომლის შესახებაც შემთხვევით გაიგებ ან გადააწყდები.

 

ყაზბეგის მუნიციპალილეტში დაბა სტეფანწმინდა ის ძირითადი ლოკაციაა, რომელიც ტურისტების ყურადღებას იპყრობს. ფაქტი, რომ ყაზბეგი თავისი სამებით  საქართველოს კულტურის ერთ-ერთი მთავარი ნიშაა არ შეგედავებით, თუმცა ალბათ ბევრმა არ იცით სოფელი არშის შესახებ, რომელიც ყაზბეგიდან სულ რაღაც 5 კმ-ში მდგებარეობს. ზაფხულში ყაზბეგში ჩემი 5-დღიანი დარჩენის განმავლობაში ერთ-ერთ დესტინაციად სწორედ არშა ავარჩიე თავისი ულამაზესი ჩანჩქერის გამო. მთავარი მიზანიც ის იყო, რომ თავად უნიკალური ყაზბეგის გარდა სხვა საინტერესო ადგილები აღმომეჩინა მის ირგვლივ.

 

სოფელი არშა ყაზბეგიდან 5 კმ-ში მდებარეობს, ამიტომ თუ ჩემსავით მარტო მოგზაურობთ ტრანსპორტის გარეშე მაშინ ფეხითაც შეგიძლიათ გაუყვეთ გზას. არშა ერთ-ერთი უძველესი სოფელია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, აქ მდებარე ისტორიული ციხე (ახლა მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი) ძველად სტრატეგიული მნიშვნელობის იყო. მაგრამ მთავარი რისთვისაც აქ ჩასვლა ღირს ჩანჩქერია. ორი კასკადოვანი ჩანჩქერიდან სოფლის გზიდან ერთის დანახვაა შესაძლებელი.

 

პირველ ჩანჩქერამდე დაახლოებით 20 წუთის სავალია. ჩემი გათვლებით ეს მარტივი სირთულის გზაა. პირველი კასკადოვანი ჩანჩქერიდანვე უკვე მოჩანს სოფელი არშა და სოფელი სნოს დასახლება. თუ თქვენ გადაწყვეტთ არშის მოხახულებას გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის საპიკნიკე ადგილი, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია - ციცაბო აღმართები და უზარმაზარი ზომის სარეველა ბალახი არ იძლევა პიკნიკის მოწყობის შესაძლებლობას. მე პირადად არც ვიცოდი, რომ ამ ტერიტორიაზე ორი ჩანჩქერი იყო და თავიდან ცოტა გულიც დამწყდა, რომ ჩემი ლაშქრობა ასე ცოტახანს გაგრძელდა, ამიტომ გადავწყვიტე აღმართით მევლო და ყველაზე მაღალი წერტილიდან დავმტკბარიყავი ულამაზესი ხედებით. აი აქ კი იწყება ნამდვილი მოლაშქრის თავგადასავალი. ჩრდილოეთით სიარულისას სრულიად შემთხვევით შორიდან მოვკარი თვალი უზარმაზარი სიმაღლის ჩანჩქერს, მაშინ ნამდვილად მივხვდი რატომ ეძახდნენ არშის ჩანჩქერს ქალის თმას, ჩანჩქერი კლდეზე ისე ჩამოედინება, რომ ქალის დალალებს მოგვაგონებს. რა თქმა უნდა, ჩემს საბოლოო ლოკაციად ჩანჩქერის საწყისი წერტილი ავირჩიე და გზას გავუყევი, გზას, რომელიც დანამდვილებით ვიცოდი, რომ იქნებოდა გრძელი, რთული და რაც მთავარია ექსტრემალური. ამიტომ კარგად შევიკარი თასმები და გზას გავუყევი. აქვე გეტყვით, რომ ჩემსავით არ მოიქცეთ და შორტები არ ჩაიცვათ, სხვა ბევრ მიზეზთან ერთად აუცილებლად დაგსუსხავთ ჯინჭარი.

 

ჩაიცვით გამძლე და სასურველია წყალგაუმტარი ფეხსაცმელი. გზაში მოგიწევთ სარეველა ბალახის გადათელვა და ძალიან ვიწრო გაუკვალავ ბილიკზე სიარული. ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე მიხვდებით, რომ აქაურობა პირველყოფილურად ხელშეუხებელია. სწორედ ამიტომ თამამად ვიტყვი,რომ ეს ძნელი სირთულის გზაა. გზაში სავარაუდოდ ერთხელ მაინც გაგიჩნდებათ ეჭვი, რომ ვერ მიხვალთ დანიშნულების ადგილამდე, რადგან გზა უბრალოდ აღარ არის და გაიჭედეთ, მაგრამ თუ ცოტა კიდევ გარისკავთ და თქვენი თავის იმედად იქნებით დაუძლეველი არაფერია. მე პირადად რამდენიმეწამიანი ყოყმანის შემდეგ ათ წუთში უკვე ჩანჩქერის თავთან ვიყავი . უზარმაზარი სიმაღლის ჩანჩქერი ხმაურიანად ეშვება და ყინულივით ცივი შხეფები კიდევ უფრო გაფხიზლებს. აქედან გადაშლილი ხედები კი გარწმუნებს, რომ ეს გზა ამად ღირდა. ამის შემხედვარე სულ აღარ ფიქრობ იმ გზაზე, რომელიც უკან დასაბრუნებლად უნდა გაიარო.

 

 

 

ბოლოსკენ გეტყვით, რომ რაც უფრო ცოტანი იქნებით ჩანჩქერამდე მისვლის მსურველები მით უფრო მოსახერხებელი იქნება. და ბოლოს, ყაზბეგში მოხვედრისას თუ უფრო საინტერესოდ გინდათ დროის გატარება მაშინ არშა ნამდვილი აღმოჩენაა მოლაშქრეებისთვის.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
49 %
არა
24 %
გააჩნია მიმართულებას
27 %