45
იტალიის კიდევ ერთი ჯადოსნური ქალაქი
რომის, ვენეციის და მილანის გარდა იტალიაში უამრავი ერთმანეთზე ლამაზი ქალაქია. დღეს სანტ-აგატა-დე-გოტიზე მოგიყვებით. ნეაპოლს და ბენევეტოს შორის, მთის მდინარის - მარტორანოს კლდოვან ნაპირზე გაშენებული ისტორიული ქალაქი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი სანახაობაა. განსაკუთრებით ლამაზი ხედი იშლება ქალაქის ხიდიდან.
ქალაქის სახელწოდების წარმოშობის შესახებ რამოდენიმე ვერსია არსებობს. "სანტ-აგატა" ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში დაერქვა, ხოლო მეორე ნაწილი "დე-გოტი" - სწორედ ის ნაწილია, რომელის შესახებ დღემდე დიდი მითქმა-მოთქმაა. ისტორიკოსების აზრი ორად იყოფა. ნაწილი თვლის, რომ ეს გოტების მიერ აშენებული ციხე-სიმაგრის გამო ეწოდა, ხოლო მეორე ნაწილის აზრით სახელწოდება დე-გოტების ოჯახისგან მოდის, რომლებიც ქალაქს მეთოთხმეტე საუკუნეში მართავდნენ.
ქალაქს საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვს. აქ ჩვენი წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში უკვე არსებობდა დასახლება, რომელსაც სატიკულა ერქვა. ქალაქი ჩვ.წ.აღ-მდე 315 წელს რომაელებმა დაიპყრეს. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ქალაქს ჰუნები დაეპატრონნენ, რომლებმაც ციხე-სიმაგრე ააშენეს. ქალაქმა მრავალი დამპყრობელი გამოიცვალა.ქალაქში უამრავი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. აქ ნახავთ დიდ კულტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმს, რამოდენიმე შუსაუკუნეობრივ ელესიას, ტაძარს და ციხე-სიმაგრეს. მაგრალითად, ქალაქის სამხრეთით განლაგებუია გოტიკური სტილით ნაშენი ეკლესია Chiesa del Santissima Annunziata, რომელიც მეცამეტე საუკუნეშია აღმართული. ეკლესიის შიგნით მეთხუთმეტე საუკუნეში შესრულებულ ფრესკებზე გამოსახულია დიდი სამსჯავროს სცენები, რომლებიც ნეაპოლიტანელი მხატვრის ანჯოლილო არკუჩოს ფუნჯითაა შესრულებული.
სანტ-ანჟელოს ეკლესია ქალაქის ჩრდილო ნაწილშია განლაგებული და ლანგობარდების ეპოქას მიეკუთვნება. ესაა სამნავიანი ბაზილიკის ფორმის ეკლესია. მისგან ოდნავ მოშორებით წმინდა ფრანცისკის სახელობის ეკლესიაა აღმართული, რომელიც 1282 წელს აშენდა და მეთვრამეტე საუკუნეში სრული რესტავრაცია ჩაუტარდა. მიუხედავად ამისა, აქ მეთხუთმეტე საუკუნის ფრესკებია შემონახული.
ისტორიული ქუჩების უმეტესობა მოკირწყლულია, სახლებს კი ისეთივე იერსახე აქვთ (თითსმის), როგორიც შუა საუკუნეებში ქონდათ. ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობა ყოფილი ფრანცისკანელთა მონასტრის შენობაშია მოთავსებული, რომელიც მეცამეტე საუკუნეში აშენდა. მის უკან კი კათედრალური ტაძარია. ტაძარი 970 წელს აშენდა, შემდეგ მეთორმეტე საუკუნეში გადააკეთეს, ხოლო 1688 წლის მიწისძვრის შემდეგ, 1728-1755 წლებში თავიდან აღადგინს. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ღირსშესანიშნაობა ლანგობარდების მიერ აგებული ციხე-სიმაგრეა, რომელიც მეთერთმეტე საუკუნეში ნორმანებმა გააფართოვეს. მეცხრამეტე საუკუნეში კოშკებს "თავები მოკვეთეს" და მათ ადგილას საცხოვრებელი ოთახები ააშენეს. ციხის პირველ სართულზე ტომაზო ჯაკვინტოს ფრესკები ჯერ კიდევაა შემორჩენილი.
ქალაქი სავსეა შუა საუკუნეებში ნაგები სახლებით და ატმოსფეროს ამ ეპოქითაა დამუხტული. ვიწრო ქუჩებში სეირნობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.