გველეთი/ დარიალის ხეობა

 

წინა პოსტის მსგავსად ახლაც მინდა, ერთი საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ადგილის შესახებ გაგიზიაროთ. ყაზბეგში რამდენიმედღიანი მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი სანახავი ადგილი განთქმული დარიალის ხეობა და მამათა მონასტერი იყო თუმცა, სანამ დარიალზე ვისაუბრებ მანამდე ჩემი პატარა აღმოჩენის შესახებ მინდა გიამბოთ.

ყაზბეგიდან 9 კმ-ის მოშორებით, დარიალისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს სოფელი გველეთი. სოფელი დარიალის ხეობას მიეკუთვნება და ხევის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა, რომელიც ძველად დიდ როლს ასრულებდა ხეობის დაცვაში. ამ სოფელმა ჩემი ყურადღება თავისი ჩანჩქერით მიიპყრო. სოფლიდან დაახლოებით 1 კმ. ფეხით სავალ გზაზე ჩამოედინება ორი, ფორმალურად, დიდი და პატარა გველეთის ჩანჩქერი. ჩანჩქერამდე მისასვლელი გზა მარტივი სირთულისაა , თუმცა ვიწრო ბილიკების გამო შეიძლება გათვლილზე დიდხანს  დაგჭირდეთ მისვლა. დიდი ჩანჩქერი რატომღაც პატარძალის სახელითაა ცნობილი. მე პირადად მხოლოდ ის ასოციაცია გამიჩნდა, რომ ჩანჩქერი შეიძლება პატარძლის ფატას ჰგავს. ჩანჩქერიდან დარიალის ხეობის საოცარი ხედები იშლება. სოფელში ერთი პატარა საინტერესო ადგილია, ტბა რომელსაც თავისი გულის ფორმის გამო სიყვარულის ტბასაც უწოდებენ.

 

გველეთის მონახულების შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრებული ემოციებით შეუდგებით დარიალის მამათა მონასტრისკენ მიმავალ გზას. დარიალის ხეობა ჩემთვის როგორც მოგზაურისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ხეობაა. უზარმაზარი კლდეებით და მთებით გარშემორტყმულ ხვეულ გზაზე სიარული კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება. გაითვალისწინეთ, რომ გზაზე ციცაბო კლდეებიდან ხშირია ქვების ცვენა, ამიტომ ფეხით სიარული აქ განსაკუთრებით სარისკოა, მაგრამ თუკი მარტო მოგზაურობთ პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ადგილობრივები განსაკუთრებით ყურადღებიანები არიან და გზაზე აუცილებლად შემოგთავაზებენ დანიშნულების ადგილამდე მიყვანას.

 

მანქანით გველეთიდან დარიალის მონასტრამდე სულ რაღაც 10 წუთში მიხვალთ. რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ ფოტოებზე დარიალის ხეობის და მონასტრის სოლამაზე ფოტოშოპის დამსახურებაც იყო თუმცა, ეს არის ადგილი, რომელიც ინტერნეტში ნანახ გაფილტრულ ფოტოებსაც სჯობს. დარიალის მონასტრის კომპლექსი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ეკლესიური ადგილია საქართველოში. აქ ბუნების ხელით შექმნილი სილამაზე და ადამიანის ხელით შექმნილი სილამაზე იმდენად ჰარმონიულობაშია ერთმანეთთან, რომ წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. რაც ძალიან მესიამოვნა , კომპლექსი ძალიან მოწესრიგებული , გამწვანებული და მოვლილია.

 

კომპლექსის ეზოში არის კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცეები, რაც კიდე უფრო სასიამოვნოს ხდის აქ დასვენებას. მონასტერს ჩრდილოეთით თუ აუყვებით მდინარის პირას საპინიკე ან უბრალოდ დასასვენებელ ადგილსაც წააწყდებით. მზიან ამინდში განსაკუთრებით სასიამოვნოა ეზოში დასვენება და ხედებით ტკბობა, თუმცა დამიჯერეთ აქურობას წვიმიან ამინდშიც კი თავისებური ეშხი აქვს. კლდეებზე ჩამოწოლილი ნისლი კიდევ უფრო მეტ მისტიკურობას სძენს ამ ადგილს. ასე რომ, ნუ დაჯერდებით მხოლოდ ინტერნეტში ნანახ ულამაზეს ფოტოებს, დარიალის ხეობა იმსახურებს ადგილის დაკავებას თქვენს  ფოტოაპარატში და მეხსიერებაში.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %