ლარნაკა - დღე პირველი
იანვარი, 2020 წელი.
კვიპროსის ბილეთის ყიდვისას, ვიცოდი, რომ ლარნაკა დიდად ვერაფრით გამაოცებდა, თუმცა მოცემულ მომენტში, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ბილეთი სპონტანურად მეყიდა და სადმე მარტო წავსულიყავი.
აეროპორტიდან ჩემს ჰოსტელამდე ავტობუსით მოვედი. საჭესთან უსაყვარლესი ქალი იჯდა. ყველას სათითაოდ გვეკითხებოდა, სად მივდიოდით და მერე გვახსენებდა, თქვენი ჩასვლის დროაო.
ჰოსტელის ფანჯრიდან 4-5-სართულიანი თეთრი შენობები ჩანდა. უსახური ხედი, ალბათ, ცოტა დამთრგუნველია, მაგრამ მე მხოლოდ ის ვიგრძენი, რომ სწორ დროს სწორ ადგილას ვიყავი.
ერთადერთი, რაც ჩამოსვლის დღეს მოვასწარი ის იყო, რომ ზღვაზე ჩავედი, მთავარ ქუჩამდე გზა დავიმახსოვრე, ზღვის პროდუქტები ვჭამე, ცოტა ვიბოდიალე და მომდევნო დღის გეგმა შევადგინე.
მეორე დღეს, ქალაქში სანახავი ძირითადი ადგილები უკვე მონიშნული მქონდა. ჰოსტელიდან ქუჩას გავუყევი და ევროპის მოედანს მივუახლოვდი. იქ უკვე ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. იქვეა ულამაზესი Larnaca Marina, სადაც შეგიძლიათ ზღვაში შეჭრილ ქვებზე ახვიდეთ და ისეირნოთ, ადგილობრივ მეთევზეებს მიესალმოთ და ულამაზესი ზღვის ხედით დატკბეთ. დილით ცხელოდა, ამიტომ ზღვაში რამდენიმე ადამიანსაც მოვკარი თვალი.
იქვე ნახავთ სომხების გენოციდისადმი მიძღვნილ მემორიალსაც.
ქალაქში ბევრი ტურისტი არაა, თუმცა ვინც შემხვდა, ძირითადად, რუსულად საუბრობდნენ. უნდა ვთქვა, რომ ხალხით აღფრთოვანებული ვარ. დახმარებისთვის მუდამ მზად არიან, მაგრამ არავინ გაწუხებს. შენს სივრცეს გრძნობ, რომელსაც, თითქოს, ყველა პატივს სცემს. უმნიშვნელოა, სად ხარ - კაფეში, ქუჩაში, მარკეტსა თუ რესტორანში. ყველგან ძალდაუტანელ კეთილგანწყობაა, რაც ძალიან მომწონს.
მოედნიდან სანაპირო გზას მიუყვები. გზად უამრავ ბარსა და რესტორანს ნახავთ, რომელთა შორის Ocean Basket გამორჩეულად მომწონს.
ცოტა ხანში ლარნაკის ციხესთან რომ მივედი, მეჩეთის მინარეთი დავინახე. ციხე პატარაა, შიგნით შესვლის სურვილი დიდად არ მქონია, ამიტომ მეჩეთისაკენ წავედი. აყრილ გზას აკეთებდნენ, ამიტომ ქუჩები გადაკეტილი იყო. ვუარე, ვუარე მეჩეთს ირგვლივ და ბოლოს მაინც ვიპოვე ეზოში შესასვლელი ჭიშკარი, რომელსაც ძალიან კი ვეწვალე, მაგრამ ვერ გავაღე, ვიდრე ერთ-ერთი მუშა არ მომეხმარა.
აივნიდან მოხუცმა კაცმა დამიძახა. ინგლისური არ ესმოდა, მე კიდევ ნაცნობ სიტყვებს მოვკარი ყური და სახე გამინათდა. პალესტინელი არაბი აღმოჩნდა. დაკეტილია ახლა მეჩეთიო, მაგრამ ვიღაცას დაუძახა, გასაღები და სპეციალური ჩასაცმელი კაბა მოატანინა. კარი გამიღო და ცოტა რამ ჩემზეც გამომკითხა. ძალიან გაუკვირდა და გაუხარდა იმის გაგება, რომ არაბულად ლაპარაკი შემეძლო.
მეჩეთის შემდეგ გზა ლაზარეს ეკლესიისაკენ გავაგრძელე.
ეკლესიიდან კვლავ ციხესთან დავბრუნდი და ზღვის ნაპირს ავუყევი, ვიდრე მეთევზეების მომდევნო ადგილს არ მივუახლოვდი, ზღვაში რკალისებურად შეჭრილ ქვაყრილს.
ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჰალა სულთანის მეჩეთამდე მივსულიყავი, ოღონდ არა აეროპორტის გზით, არამედ მომევლო ტბის მთელი არეალი, მივსულიყავი მეჩეთამდე და აეროპორტიდან ავტობუსს გამოვყოლოდი უკან, ცენტრამდე.
როცა მარილის ტბაზე წავიკითხე, იმედი გამიჩნდა, რომ ფლამინგოებსაც ვნახავდი, რომლებიც აქ ნოემბრიდან მარტამდე იზამთრებენ. მარილის ტბაზე ასვლა დავიწყე სპეციალურად გაკეთებული ბილიკით, პარკიდან. გზადაგზა სკამები მხვდებოდა. როცა შემაღლებული ადგილიდან გადმოვიხედე და ვარდისფერი ფრინველები ვერსად დავინახე, საშინლად დამწყდა გული და არც კი გამხსენებია, რომ ზოგადად, შორ მანზილზე კარგად ვერ ვხედავ.
მივყვებოდი ვიწრო გზას. იშვითად მხვდებოდნენ ადამიანები. სულ ხუთი თუ ექვსი მათგანი შემხვდა. გზაზე ულამაზესი მცენარეები ნელ-ნელა იცვლებოდნენ. სადღაც ერთ საათში ან საათ-ნახევარში იხვების ფრთხიალი და ხმაური გავიგონე. დავინახე ფრინველების გუნდი, რომელიც ტბაზე ლივლივებდა და მოვარდისფროდ ელვარებდა. მაშინვე გადავუხვიე ბილიკიდან. სირბილით მივდიოდი ტბის ნაპირისკენ, რბილ მიწაში ვეფლობოდი და ბედნიერებისგან ვხტუნავდი. ეს იყო დღე, როცა პირველად ვნახე ფლამინგო და ბავშვივით ვქვითინებდი.
მაგრამ ამ ყველაფრით ვერ დავკმაყოფილდი. ნაპირიდან მაინც შორს იყვნენ. მინდოდა, რომ უფრო ახლოდან დამეთვალიერებინა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მოპირდაპირე ნაპირზე, ტბის ყურეში უნდა მოვმხვდარიყავი. ტბის ამ ბილიკმა ნელ-ნელა დასახლებულ პუნქტამდე და Kamares Aqueduct-მდე მიმიყვანა. გამოჩნდა ქალაქის უბნები. უკვე საკმაოდ დაღლილი ვიყავი, წყალიც გამომელია, მაგრამ მარკეტის ძებნა დიდ დროს წამართმევდა. ამიტომ ფორთოხლისა და ლიმონისხეებიან მოკლე ქუჩაზე გავედი, ჩავიარე და მინდორზე აღმოვჩნდი.
მინდორი ხასხასა მწვანე და ძალიან ვრცელი იყო. ფართო გზა გამოჩნდა, საიდანაც ბევრი წვრილ-წვრილი, საცალფეხო ბილიკი იშლებოდა.
ვიცოდი, ფართო გზა მეჩეთამდე მიმიყვანდა, მაგრამ მაინც ყურემდე ჩასვლა გადავწყვიტე. ამ უზარმაზარ ტბისპირა მინდვრებში ვიყავი მარტო და ისეთი ბედნიერი და თავდაჯერებული არასდროს ვყოფილვარ. შემეძლო იქ მივსულიყავი, სადაც მინდოდა. ისე გადამეხვია გზიდან, როგორც და როცა მინდოდა. და არაფრის მეშინოდა. საერთოდ არაფრის.
ყურისაკენ მისასვლელი გზა უკვე ძალიან რბილი და ტალახიანი იყო. რამდენჯერმე ფეხსაცმელიც მიმეწება მიწაზე.
ვხედავდი ამ ჩემს ჟივჟივა ფლამინგოებს და ვტკბებოდი.
გზა ისევ მეჩეთისაკენ გავაგრძელე, გზა ხან მშრალი იყო, ხან სველი. ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ საშინლად ვიღლებოდი და საშინლად მწყუროდა. უკვე ექვსი-შვიდი საათი იყო გასული, რაც თითქმის შეუსვენებლად დავდიოდი ხან ქალაქის ქუჩებში და ხან ტბის მინდვრებში. ტბა ზოგან იხლიჩებოდა და პატარ-პატარა წყალსატევებს ქმნიდა. ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო, რომ ფოტოების გადაღებაც არ გამომდიოდა - ფოტოზე ყველაფერს ხიბლი ეკარგებოდა. არც ბორცვები ჩანდა და არც სიხასხასე. ბოლოს, როცა მეჩეთამდე მივედი, ყველა კუნთი მტკიოდა და მიცახცახებდა.
მეჩეთის ნახვის შემდეგ მთავარ გზაზე უნდა გავსულიყავი და ავტობუსისათვის დამეცადა. Maps.me-ს ჩავხედე და იქვე ახლოს სასმელი წყლის მანიშნებელს მოვკარი თვალი. წყალს ონკანიდან არ ვსვამ, მაგრამ უკვე აღარაფერი მაინტერესებდა.
გაჩერებასთან მივედი თუ არა, ავტობუსიც მოვიდა.
სახლში რომ მოვედი, სამზარეულოში ოლგა დამხვდა, ქალი ვილნიუსიდან, ისიც ტურისტი. ინგლისური კარგად არ იცის, ამიტომ რუსულად მელაპარაკება. მე რუსულად ვერ ვლაპარაკობ და ინგლისურად ვესაუბრები. დამსვა, ყავა გამიმზადა, ფორთოხალი დამიჭრა, თვითონაც ჩაი დაისხა და ერთი საათი მაინც ასე სხვადასხვა ენაზე ველაპარაკებოდით ერთმანეთს, თუმცა ყველაფერი გვესმოდა. ასაკი მკითხა და რომ გაიგო, დაბადების დღე მქონდა, ხომ დალევო, მკითხა. ვერ ვიტყვი, შევეწინააღმდეგე-მეთქი და რამდენიმე ჭიქა "სკოჩიც" მოვწრუპეთ.
მთელი საღამო ოთახში ვიჯექი და ბედნიერებისგან ვიბღინძებოდი.
ისე გამოვიდა, რომ ლარნაკა ჩემთვის საოცარი ადგილი აღმოჩნდა და იმავე ღამეს შევადგინე გეგმა, როგორ უნდა წავსულიყავი ნიქოზიაში, რომელსაც მომდევნო ბლოგში აუცილებლად მოგიყვებით.