turebi.ge მომხმარებლის გვერდი

მოგზაურობა პრაღაში - დაუვიწყარი 4 დღე. Vol.1

პრაღა - თითქოს დიდი ქალაქია და ამავდროულად პატარა, მყუდრო, საშენო, მშვიდი ხალხით და გემრიელი სამზარეულოთი.

 

მინდა მოგიყვეთ პრაღაში მოგზაურობის შესახებ, გაგიზიაროთ შთაბეჭდილებები და დაგაკვალიანოთ თუ რისი მონახულება შეიძლება 4 დღეში. ვინაიდან პოსტი საკამოდ ვრცელი გამომივიდა, ამიტომაც მას რამდენიმე ნაწილად დავყოფ.

 

ბევრგან შემხვედრია პრაღის სურათები, ბევრი წამიკითხავს, ბევრი მსმენია ამ ქალაქის შესახებ და როგორც იქნა დაგეგმილი, დეტალურად ჩამოწერილი ტურით გავემგზავრეთ ჩეხეთის დედაქალაქში. კაფეებში, სუპერმარკეტებში და მეტროში ბილეთების საყიდლად თავისუფლად ვხმარობდით საბანკო ბარათს ( TBC VISA), ჩეხური კრონები ვიყიდეთ  მხოლოდ წვრილმანებისთვის, სუვენიების საყიდლად და ქუჩაში სოსისების და ტკბილეულობის დასაგემოვნებლად. 1 ევრო დაახლოებით 25 კრონაა, (+/-2)

 

 

პრაღაში გავატარეთ სულ ოთხი დღე, და ეს საკმარისი აღმოჩდა მთავარი ადგილების, ძველი ქალაქის, ზოოპარკის, ებრაელების უბნის დასათვალიერებლად.

პრაღაში ყოფნისას MUST დასაგემოვნებელია მათი სოსისები, რომელსაც თითქმის ყველა ნაბიჯზე იპოვით, ტრდელნიკები (მათი ტკბილეულობა) და ჩეხური ლუდი, რომელიც, სხვათაშორის, წყალზე უფრო იაფი ღირს.

 

პრაღა დღე #1 ჩამოსვლა და ძველი ქალაქი

 

თვითმფრინავი ჯდებოდა აეროპორტში და პირველი შთაბეჭდილება უკვე საოცარი იყო - აგურისფერი სახურავები და სიმწვანე სიმწვანე სიმწვანე. საკმაოდ კომფორტული აეროპორტია, მარტივი გამოსასვლელით, სადაც გამოსვლისთანავე გხვდება 119 ნომერი ავტობუსი , რომელსაც მიყავხარ პირდაპირ მეტროსთან. ფულის დახურდავებით თავი არ შევიწუხეთ, ბილეთები შევიძინეთ ბარათით (თითო დაახლოებით 1 ევრო) და გავეშურეთ პირდაპირ ქალაქის ცენტრისკენ. მეტროდან ამოსვლისთანავე ხვდები სხვა სამყაროში, სადაც ერთნაირი სახლებია, არ არის ცათამბჯენები, და რომელიღაც ზღაპრის გმირად გრძნობ თავს.

პირველი ლოკაცია  Wenceslas Square, ანუ ვაცლავის მოედანია,  საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ნაციონალურ მუზეუმზე, აქეთ-იქით ამზადებენ ტრდელნიკებს (დაუყოვნებლივ დავაგემოვნეთ) და წვავენ სოსისებს. ეს ადგილი მუდამ სავსეა ტურისტებით, ჰაერში ტკბილეულის და შემწვარი სოსისების სუნი დგას, ყველა ფუსფუსებს, უამრავი პატარა მაღაზია, რესტორანი, კაფე  და სუვენირებია. მოედნის მეორე ბოლოში დგას ცხენზე ამხედრებული წმინდა ვაცლავის ქანდაკება, ხოლო მის  უკან ჩეხეთის ნაციონალური მუზეიმის საკმაოდ შთამბეჭდავი, უზარმაზარი შენობა.

 

 

ვაცლავის მოედნიდან ქალაქის ვიწრო ქუჩებით და ლამაზი შენობების დათვალიერებით მივედით ძველი ქალაქის მოედანზე (Staromestske Namesti). მოედანი ძალიან დიდია, მაგრამ წესივრად სურათების გადაღება არ გამოდის, ვინაიდან  უამრავი ტურისტი სულ მოძრაობს წინ და უკან. აქვეა  ბევრი კაფეა გაშლილი, ქუჩაში ამზადებენ სოსისებს და აქაურ ტკბილეულობას, ტრდელნიკებს.  საათში ერთხელ მოედანზე, რატუშას წინ (city Hall) იკრიბება ხალხის დიდი ნაკადი და ელოდებიან  ასტრონომიური საათის ანუ პრაღის კურანტების დაკვრას, ჩვენც შევუერთდით ცნობისმოყვარე ტურისტებს და დაველოდეთ კურანტებს და მინდა გითხრათ საკმაოდ საინტერესო სანახაობაა, თუმცა მე უფრო დიდ ექშენს ველოდებოდი.

 

 

პრაღა  ნელა, აუჩქარებლად უნდა დაათვალიერო, თითოეული შენობა გხიბლავს და გაოცენს. ჩვენ ჩავედით მანდ შაბათ-კვირას და ამას დაემატა ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, ამ პერიოდში ქალაქი ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცარიელებული იყო (ყველა დასასვენებლად ქალაქგარეთ იყო წასული), მანქანები თითქმის არ ჩანდა და ქალაქში მხოლოდ ცნობისმოყვარე ტურისტები ვმოძრაობდით.  ამით ჩვენ დავასრულეთ პირველი დღე და დასასვენებლად სახლში წავედით. სხვაშორის, ჩვენს სახლთან მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო მეტროს რამდენიმე სადგური დახურული იყო, თუმცა მოსახლეობას დისკომფორტი რომ არ შექმნოდათ, ზუსტად მეტროს მარშრუტით 2-3 წუთში ერთხელ ავტობუსი დადიოდა.

 

დღე მეორე: ზოოპარკი, მატარებლები და IL DIVO

 

ყველა დიდ ქალაქში სადაც ჩავდივართ, აუცილებლად ვათვალიერებთ ზოოპარკს. შესაბამისად მეორე დღე დაიწყო მისი დათვალიერებთ. მეტროს Nadrazi Holesovice სადგურიდან გადის ავტობუსი 112 ნომერი, რომელსაც პირდაპირ ზოოპარკის შესასვლელთან აქვს ბოლო გაჩერება. დიდი ხანი ზოოპარკზე არ გავჩერდები, უბრალოდ მაქსიმალური ქულით შევაფასებდი. უზარმაზარი ტერიტორია, ლამაზად მოწყობილი და სავსე სანახაობებით. აქ ცხოველების და ფრინველების, ქვეწარმავლებისა და თევზების უამრავი სახეობაა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო - ჟირაფებისთვის გამოყოფილი უზარმაზარი ტერიტორია, ასევე „ლემურების კუნძული“, სადაც ეს პატარა სასაცილო ცხოველები გალიების გარეთ პირდაპირ შენს თავზე ხეებზე ზიან და გიყურებენ. აქ ძალიან ბევრი საბავშვო გასართობი ზონაა, საკვები პუნქტი, რათქმაუნდა ტრადიციული ტკბილეულობა და სოსისები.  ტერიტორია იმ დონემდე დიდია, რომ დაგვჭირდა საბაგიროთი ასვლა, და ისიც, როცა გვეგონა რომ საბაგირომ ზედა წერტილამდე მიგვიყვანა  - ზოოპარკის შუა ნაწილი აღმოჩნდა. სპილოები, ბეჰემოტები, დიდი კუ, მაიმუნები, გველები, ღამურები (გალიებს გარეთ) და ბაყაყები... მშვიდად წყნარად და ყვეალაფრის დასასთვალიერებლად მინიმუმ 4 საათი გჭირდებათ.

 

 

დაღლილები და უამრავი ემოციით გავეშურეთ უკან ცენტრისკენ, სადაც ვესტუმრეთ რესტორან U Vytopna (Railway Restaurant Vytopna). სადაც სასმელები მიმტანის მაგივრად პატარა მატარებელს მოაქვს. საინტერესო გარემოა, უგემრიელესი სამზარეულო და ნამდვილი ჩეხური ლუდი: შავი, თეთრი და მიქსი (შავი+თეთრი).

 

  

მეორე დღის საღამო დაგვირგვინდა მსოფლიოში ცნობილი კვარტეტის IL DIVO-ს კონცერტით. პრაღაში ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ზუსტად ამ ჯგუფის კონცერტი იყო. ვინც არ იცის მათ შესახებ ავუხსნი, ოთხივე ვოკალისტს საოპერო ხმა აქვს და ისინი როგორც კლასიკურს ასევე ცნობილი ჰიტების თავისებ ვერსიებს ასრულებენ, ძირითადად ყველ სიმღერა ესპანურადაა, თუმცა იტალიურად და ინგლისურადაც მღერიან. საათნახევრიანმა კონცერტმა უდიდესი სიამოვნებით ჩაიარა და „ნიხვატკა“ დატოვა კიდევაც.

ამით დასრულდა ჩვენი მეორე დღე...

 

მოგზაურობა პრაღაში - დაუვიწყარი 4 დღე. VOL.2

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
34 %
ევროპაში
32 %
აზიაში
3 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
4 %
სახლში
14 %