დაუვიწყარი ლაშქრობა ოქროსწყლის ტბაზე

ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, რუკებს მარჯვნივ გავყევით თუ მარცხნივ, მაინც სვანეთისკენ გაგვწია გრძნობებმა, მონატრებამ, ინსტიქტებმა, ბუნებამ და "აბა თუ გოგო ხარ ამოდი" ძახილმა...მოკლედ ოქროს წყლის ტბას მივაშურეთ...

ოქროსწყლის ტბა კოდორის ქედის ფერდზე, პირდაპირ სვანეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს. ოქროსწყალი ჩვენსკენაა, მეორე ტბა კი დიდ ოქროსწყალს რომ ვეძახით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა...  ამ ორ ტბას ერთი ქედი ყოფს გადავიჭყიტეთ იქით, იქაური ჭინკების დაშინების მიუხედავად. სანახაობა მეტად მშვენიერი დაგვხვდა...მაგრამ ეს მერე...

 

მოკლედ, აგერ, უკვე წელი იყო გასული რაც ამ ლამაზ ადგილზე ხმები გვქონდა გაგონილი. ნაცნობ-უცნობი ყველა აქებდა და ადიდებდა...შორია სვანეთი თბილისიდან. ხოდა დრო ბევრი დავკარგეთ ამბების მოსმენაში და გადამოწმებას კი ვერა და ვერ ვახერხებდით..

 

ერთხელაც გამოჩნდა თავისუფალი პარასკევი. ხოდა, სამი წვრილი გოგო დავირაზმეთ, ჩანთები მოვიკიდეთ , ერთი კარვის იმედზე დავადექით გრძელ გზას ჩვენსავე ბედნიერებამდე.

 

პარასკევი მთლიანად გზამ გალია.

 

გზაზე ყოფნა მიყვარს, მით უფრო, როდესაც ავტოსტოპით, გამყოლთ მივყვებით. სხვა და სხვა ადამიანს ხვდები და ათას რამეს იგებ. როგორ ცხოვრობენ, რა უჭირთ, რა უხარიათ, რა პრობლემები აქვთ...გზაზე ყველა გულახდილად საუბრობს, აზრებს ღიად გიცვლიან. საუბრობ ყველაფერზე და გაცილებით უფრო ხშირად იმ ადგილზე სადაც ხარ. იმ პრობლემაზე რაც იქაა და იმ გადაჭრის გზებს ეძებ რაც ადგილობრივისთვის და ქვეყნისთვისაც ყველაზე ოპტიმალური იქნება...მოკლედ, გზა გზრდის. გზაზე ყოფნაა ის რაც  გაცნობს ქვეყანას, შენს ხალხს, თეთრს და შავს გიყოფს  და გაიძულებს იფიქრო ხვალ მზე სულ რომ არ ამოვიდეს, დილა შენით როგორ გაანათო. 

 

მოკლედ გასვლაზე სამივე ისეთი გოგოები ვიყავით, მთელი ეს პროცესები რომ გვიყვარს და მთელი გზა მოწყენის გარეშე გადავკეცეთ. საღამოს უკვე ხაიშში ვიყავით. გადავუხვიეთ სოფელ ლუხში და იქვე სოფელთან ახლოს დავიდეთ  საბანაკე...დაბანაკებამდე სახალისო ამბავი გადაგვხდა. ხაიშში ლეკვი აგვეტორღიალა. ნაგაზისმაგვარი. შეხედავდი მობაჯბაჯე სიმბა გიყურებდა. გვდია გვდია და ლუხში შესვლისას სოფელის ძაღლები დაესივნენ...კი იყო სიმბასავით მამაცი მარა ჯერ თვეების იქნებოდა და თავის დაცვას ვერ შეძლებდა. იქვე 50 მეტრში მდგომმა ეს რომ დავინახე ჩანთიანად მისაშველებლად გავიქეცი ყვირილით, ჩემს ხმაზე პატრონიც გამოვიდა და სანამ მივედი იქამდე დაშალა აყალმაყალი. გავუშვით სიმბა საღსალამათი შინ და უკან მოვბრუნდით. ბანაკის გაშლილსას ნინიამ (ჩემმა შეუცვლელმა ფეხმეწყვილემ ) სიცილი დაიწყო, ნეტა ის ძაღლები მე რომ დამსეოდნენ მაშინაც მაგ 15 კილოანი ჩანთით მასე თუ გამოქანდებოდი საშველადო...მე დავფიქრდი. და მაგ პაუზამ უფრო გაგვახალისა...

 

გათენდა შაბათი.

 

დილა მოკლე იყო და დღეც მსგავსი ვისურვეთ. არ ასრულდა...სოფელ ლუხიდან ტბამდე კარგი 30 კილომეტრიანი გზაა...გზას რომ ვიძახი არ გეგონოთ ვაზვიადებ, ნახევარზე მეტი, სადღაც 17 კმ, ტყის სამანქანო გზა მიდის...აქა-იქ ქვებია ჩამოყრილი და რამდენად  მანქანა ბოლომდე შეძლებს ვერ გეტყვით მაგრამ საფეხმალოდ კი უნდა დადგე და მდინარის აღმა იარო ამ გზაზე დაუსრულებლად. არასდროს ეს 17 კმ არ დასრულდა...გინდა ფეხი ბალახს შეახო, იქ ეკლებით ხელები დაიკაწრო, ბოლო-ბოლო სვანეთში ვარ წამოსული ლაშქრობაზე ასე სუფთად ხო არ დავბრუნდებითქო ვჩხუბობ...  მაგრამ თურმე დროს ვუსწრებ წინ...

 

დასრულდა გზა და დაიწყო თავდავიწყება...ჯერ იყო და „მოკლეზე“ ჩავუხვიეთ...სულ რაღაც 200 მეტრის შესამოკლებლად და იმდენი ენერგია გავხარჯეთ 2 კილომეტრს ეყოფოდა. მაგრამ ვიხალისეთ, მორიდან მორზე ვიხტუნავეთ, გვიმრებში ჩავხტით, ტალახებში ვისრიალეთ და ფურგონს მივადექით...აქ რა ძალამ ამოიყვანა და როდის არ ვიცი, ლოგიკა ვერ მიმყვა მანდამდე მაგრამ ეხლა უკვე ბინად გადაკეთებული ფურგონი იყო...აქ შევისვენთ, ფეხსაცმლიდან ეკლები ამოვიყარეთ და ჯიპიეს ჩავაცქერდით. აქედან უკვე წვრილ ბილიკზე ან უბილიკოდ სიარული გვიწევდა. გზა ხეებს ქონდა ჩახერგილი და ისევ მორიდან მორზე დავიწყეთ ხტუნაობა.  უღრან ტყეში შევედით. სამყაროს ზემოდან ვუყურებით.  შემდეგ არ გაყოყოჩდეთო და ისევ ტალახში გვიკრა ცხოვრებამ თავი. მუხლამდე ტალახში. ქვებიც და გვიმრებიც გაფენილიყვენენ მოსახმარებლად ძირს მაგრამ საქმე უფრო გაერთულებინათ, სრიალებდა. მე ორჯერ მოვსრიალდი და ორ წუთში მუხლამდე ტალახი გახდა ყელამდე ტალახი...მაგრამ ეგეც გასრულდა...ტალახიანი ბილიკის შემდეგ იწყება ყვავილების სამყარო. ხანდახან სამოთხე და ხანაც ჯოჯოხეთურად რთულად ასატანი. ჩემზე სამი თავით დიდ ყვავილებში მიწევდა გადაადგილება, მაგრამ გაგვიმართლა რომ ასე თუ ისე გაკვალული იყო...ეს მინდორიც გადავიარეთ და პატარა მდინარესთან მისვლისას საიდანღაც პირდაპირ ჩვენს ფეხებთან ყეფით ძაღლი მოვარდა.  ძაღლს კოკაი ერქვა, მეგობრებისთვის კოკი, მეგობარიც  იქვე იჯდა მდინარესთან.

 

 

ესპანელი  ბიჭი იყო რომელსაც ევროპა-აზიის მოვლა გადაუწყვეტია თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად. ოქროსწყალზე წამოსვლაც მოუნდომებია მაგრამ  ამ პატარა მდინარესთან ტელეფონი, რომლითაც გზას იკვლევდა წყალში ჩავარდნია და გაფუჭებოდა. ხოდა იჯდა ასე და ფიქრობდა კოკისთან ერთად რა ექნა, გაერისკა და გზა გაეგრძელებინა?  ტბას ვერ მიაგნებდა...უკან დაბრუნებულიყო და ნაწვალები წყალში ჩაეყარა? ენანებოდა. სწორედ ამ დროს ორმეტრიან ყვავილებიდან სამი გიჟქალა გამოჩნდა მის მისახმარებლად ^_^ 

 

ასე ვიხსენით განსაცდელისგან უცხო მოყმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა...

გზა ერთად გავაგრძელეთ.

 

 

გადავიარეთ ყვავილებით სავსე მინდორი და მდიანრეს მივადექით.„დარჩ - ორმელეთს„ ეძახიან. მთის მდინარეა, სათავეს კოდორის ქედზე  რომ იღებს და საბოლოოდ ენგურს უერთდება. ცივი იყო? ცივი კი არა გამყინავი. სიგანე დაახლოებით 8-10 მეტრი, მდინარესთან შევჩერდით, მოვემზადეთ და გადავკვეთეთ, საშიში არაა მაგრამ დისკომფორტს ნამდვილად გამოიწვევს...პრობლემა მხოლოდ კოკი იყო, პატარა ცუგასთვის ეს მდინარე მოღრიალე თერგს გავდა...ცდილობდა მაგრამ ვერ ბედავდა გადმოსვლას, ბოლოს ისევ მეგობარი დაეხმარა და ყველა მშვიდობით აღმოვჩნდით მეორე ნაპირზე...

 

საღამოვდებოდა. ყველაზე ლამაზი და ველური ნაწილი იწყებოდა.აქ უკვე გაუკვალავი იყო მინდორი, შემდეგ მცირე წიწოვანი ტყე და ისევ ყვავილის მინდვრები. სიმაღლეს შეპარვით ვწევდით. და გამოჩნდა ბოლო ნაწილი.

 

ძალიან, ძალიან რესკი აღმართი. ლოდებითა და დეკებით სავსე. კლდეებით შეფინული რომელზეც ულამაზესი, საკმაოდ მოზრდილი ჩანჩქერი გადმოდიოდა...სამოთხის კადრებს გავდა...უყურებ, უყურებ და თვალს რომ ვერ წყვეტ, მაგრამ მერე მოკვდავის აზრი გიბრუნდება, გახსენდება რომ ეგ აღმართი მაგ კლდე-ლოდებზე შენი ასავლელია და დრო კი ცოტაღაა დაღამებამდე... უბრუნდები მიწას, ხრი თავს და ჯორ-ცხენის მორჩილებით მიიწევ წინ...ნელი, ზანტი ნაბიჯით...

 

 

კოკიც დაიღალა. სიმაღლეზე ჩანჩქერიდან გადმოსული რამდენიმე პატარა ნაკადული უნდა გადაგეარა, თუმცა ლოდებზე არ იყო ჩვენთვისაც კი იოლი საქმე. პატარა ძაღლისთვის მით უფრო... გამუდმებით ვცდილობდით მის დახმარებას და ისიც კარგი მეგობრებივით გვენდობოდა...ბოლოს უცხო მოყმემ გადაწყვიტა ჩამოგვრჩენოდა, მისი ჩანთა ჩვენსაზე გაცილებით მძიმე იყო...ჩვენ სამნი კი ჩქარი ნაბიჯით მივიწევდით წინ...იმიტომ არა რომ ტბის ნახვა მეჩქარებოდა, ან რომ ისე მშიოდა უკვე მშიერ დათვს აქეთ გავკრავდი კბილს, არც იმიტომ რომ ზემოდან ხედების დანახვა მინდოდა...არა, ამ სისწრაფისთვის ენერგიას,  ასეთი დღის შემდეგ, თან მშიერზე მხოლოდ ერთი ფიქრი გაძლევს ადამიანს...ცივი ღამის შიში. სულ მალე დაბნელდებოდა და ჩვენ ჩანჩქერის გვერდით, ციცაბო აღმართზე ლოდებში გავიჭედებოდით...ნათელზეც კი საშიში იყო ამ ლოდებზე ბღოტიალი, ცივ ღამზე რომ აღარაფერი ვთქვათ...ამიტომ მე და ნინიამ ერთმანეთს გადავხედეთ და ყველა ფიქრი გავთიშეთ თავში, ისე როგორც მაღალ მთებზე ვაკეთებთ ხოლმე, ყველა ფიქრი, დაღლა და წუწუნის სურვილი გაქრა, რადგან საქმე გვედო წინ და ეს საქმე გასაკეთებელი იყო. სხვნაირად მთაში არ ხდება. ან იზამ ან უარესი დაგემართება. ამიტომ თავები დავხარეთ და სწრაფად ხვლიკებივით დავიწყეთ სიმაღლის აწევა...

 

ოცდაათ კილომეტრზე, ხან მოსაწყენი გზა, ხან მდინარეები და ხანაც ორ მეტრიანი ყვავილები მქონდა გამოთელილი...ასეთ დროს სწრაფად, შესვენების გარეშე მოძრაობა ემოციურად ძალიან გფიტავს, გინდა პირველივე ლოდზე ჩამოჯდე და ქვითინი დაიწყო, ნახევარი საათით გვიან რომ დაღამდეს რა მოხდებათქო ეწუწუნო სამყაროს...მაგრამ სამყარო მასე არ მუშაობს... ფეხი უნდა აუწყო და დროში ჩაეტიო. მანძილის დანაწილება დავიწყე. ეს ის მეთოდია რაც ყველაზე რთულ მომენტებში ყოველთვის მშველის... ბავშობიდანვე ვიყენებ. მისი ეფექტურობა ყოველ მეორე გასვლაზე მტკიცდება. აღმოვაჩინე რომ არამარტო მე მქონია ეს გზა ნაპოვნი. გზა თუ როგორ უნდა მოიტყუო თავი. სიმაღლე დაალოხებით 500 მეტრი იყო ასაწევი. ხოდა დავყავი., ჩანჩქერთან რომ მივიდოდი ზუსტად მესამედი მექნებოდა გავლილი, ანუ ორი იმდენი გასავლელი რაც გავიარე,  ყველაზე დიდ ლოდს რომ გავცდებოდი მერე თითქმის მისული ვიყავი. ასე საკუთარ თავს პატარა დავალებას ვაძლევდი და მიღწეულით ბედნიერი უკვე ვგრძნობდი ენერგიას რომელიც კიდევ ერთ პატარა დავალებას გადამატანინებდა...40 წუთიც არ დაგვჭირდა და უკვე საბანაკეზე ვისხედით. ^_^

 

ამოვედით. აღმოვაჩინეთ რომ გაჩერება „უცხო მოყმესაც“ გადაუფიქრებია და ჩვენი შემყურე ისიც დადგომია აღმართს.

 

 

არ მახსოვს რას ვჭამდი იმ საღამოს , მაგრამ მახსოვს რომ გაჩერება არ შემეძლო...ტბას კამკამა ლურჯი ფერი ქონდა და გამდინარედ მოძრაობდა. ისეთი ცივი იყო, ან ისეთი შეციებულები ვიყავით რომ შეცურვა ვერ გავუბედეთ...სხვა დროისთვის დავითქვით. გეგონებოდათ  ტბა ძაბრის ყელში იდგა. ყველა მხრიდან კლდეებში. მხოლოდ ერთი მხრიდან იშლებოდა ხედები. გზადაზგა ღრუბლები იყრებოდა და უშბის ერთი რქა ჩანდა ...ხან გამოჩნდებოდა, გავხედავდით და მაშინვე იმალებოდა...მთებიც იპრანჭებიან ხანდახან....

სიცივემ დააღამა შაბათი.

მზიანი ამინდით  გათენდა კვირა.

ჩვენი ბოლო დღე იყო ამ გასვლაზე, იმ ღამითვე თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით. ორშაბათს დილას სამსახური, მოვალეობა გველოდა.

 

 

დილა კოკისთან თამაშში გაილია. ქედიდან მეორე ტბა დაიზვერა...ქედს იქით თოვლს ემატა, ღამეებს კაცის თვალისაგან  მიტობებული ტბა გაეყინა, ქედს აქეთ კი მზის სხივებს მეორე ტბა გაელღო...ქედს  იქით ოკუპანტებს დაუდიათ ბინა. ბედი ჩვენი რომ ამ სიმაღლეზე ოკუპანტი გადამთიელები კი არა ჭინკებიც არ ამოდიან თორემ ვინ იცის სად გავათევდით იმ ღამეს...

 

 

თორმეტი ხდებოდა რომ დავეშვით. დამრეც ფერდზე ჩამოსვლა ასვლაზე ათჯერ უარესია...ხან რომელი ლოდი ამიყირავდებოდა და ხან რომელ დეკით დაფარულ ორმოში ჩამივარდებოდა ხოლმე ფეხი... ცოდვა გამხელილი ჯობიაო მასწავლიდნენ და გეფიცებით ვერსად ჩემგან ისეთ სიტყვებს ვერ მოისმენთ როგორც მსგავს დაღმართებზე დაშვებისას...ლანძღვით ჩამოვედი ყვავილებიან მინდორზე მაგრამ გავიხედე თუ არა უკან ისევ ჩანჩქერის სილამაზემ შემიპყრო და გაღრეჭილი დავეშვი სვანეთის სოფლებისკენ.

 

 

ჩვენმა მდინარემ - გადასვლა თქვენი ნება იყო, გადმოსვლა ჩემიაო...ოდნავ შედიდებული და გაძლიერებული დაგვხვდა. კოკის ძალიან უჭირდა გადასვლა, ვეხმარებოდით მაგრამ ერთხელ მოგვტაცა და ასე 4-5 მეტრი კი აცურავა, დავიჭირეთ. მეორე ნაპირზე გადასული შეშინებული აცეცებდა თვალებს და ყოველ გამოხედვაში ვგრძნობდი როგორ უხაროდა რომ იქ, მასთან ვიყავით. ორფეხა მაღალი არსებები რომლებიც გაავებული მდინარისგან იცავენ. მინდორიც და ტალახიანი უღრანი ტყეც მშვიდობით გავიარეთ და აი სატყეო გზას დავადექით...წინ 17 კილომეტრია და დაუვიწყარი თავგასავალი გველის.

 

 

წვიმა. გადაუღებელი.კოკისპირული. ჭექა-ქუხილი. პირდაპირ ჩვენს თავზე ისე ქუხს რომ ყოველ წუთას მეგონა ან ახლა დამამეხებს ადგილზე ან ეხლათქო...გადავრჩი. თვალებს ვერ ვახელდი ისეთი სიხშირით წვიმდა. ასე გავიარეთ დაახლოებით 10 კილომეტრი, წამით არ გადაუღია, სრულიად გალუმპულები და შეციებულები აღმოვჩნდით. გზა კი თბილისამდე გვქონდა ჩამოსატანი. საღამოს შვიდი ხდებოდა. და იღბლის გჯერათ? მეტყევეების მანქანის ხმა გავიგეთ. ისეთი იმედი იყო რომ ბოლო კილომეტრებს მაინც შეგვიმსუბუქებდა ვინმე რომ ამ იმედით სირბილი დავიწყეთ. ვერ დავუშვებით მანქანას ჩვენთვის გაესწრო... კოკი სიცივისგან კანკალებდა. ალბათ ჩვენც მასავით ვიკანკალებდით ზედ 12 კილოიანი ჩანთა რომ არ გვქონოდა წამოკიდებული.

 

მანქანას დავეწიეთ. მეტყევეები არიან. მაგრამ მანქანაში ადგილი არაა...ერთადერთი გზა ისაა რომ ზედ შევსკუპდეთ, უსაფრთხოების წესის ყველა დარღვევით, უბრალოდ მის მისაბმელზე ვიდგეთ, როგორც შევძლებთ თავი გავიმაგროთ სოფლამდე. მძღოლი წუხს, სულ დამაქ ჭაჭა და მაინცდამაინც დღეს არ წამოვიღე, ხომ გაგათბობდით უცბადო...რა დროს ჭაჭაა ცალფეხზე ვდგავარ სატყეო მანქანაზე. უფროსწორად კი არ ვდგავვარ მიყინული ვარ.  ფილმი ინდიანა ჯონსი გახსოვთ? და მისი მუსიკა?  სწორედ ამის სიმღერა დავიწყე, ვეჭიდებოდი მანქანის ჩარჩოს, ვუყურებდი მდინარეს, ვიცილებდი ხის ტოტებს, ვაკონტროლებდი რომ ფეხი სადმე არ ჩამვარდნოდა და კი...მე ბავშობაში რომ გმირებს ვუყურებდი ის ვიყავი სვანეთის ტყეებში...ან მათზე უკეთესი, მე დუბლიორი არ მყავდა...ხოდა დავიწყე ეს სიმღერა, ვმღეროდი ბოლო ხმაზე და თან ყოველი ტოტის წარმატებით აცდენაზე მხნეობა მეტი მეძლეოდა, ჩვენი ესპანელი უცხო მოყმეც ამყვა და ამ სიმღერა სიცილში  ადრენალინიც არ გვაკლდა და გავთბით ...

 

ჩამოვედით სოფელში. მეტყევემ სახლში შეგვიპატიჟა, სველებს გვერიდებოდა შესვლა მაგრამ სვანურმა სტუმართმოყვარეობამ დაგვჯაბნა. ჭკადუების ოჯახი იყო. დიასახლისმა ფეჩი გააგიზგიზა. ჩვენ გარშემო შემოვერტყით.  სანამ ვთბებოდით ჭაჭით და  სვანური პურ-მარილით გაგვიმასპინძლდნენ. ასე გემრიელად ბოლოს როდის მეჭამა არ მახსოვდა...ვივახშმეთ, რადგან გზად ფიზიკური დატვირთვა აღარ გველოდა მაგრამ სველები ვიყავით ჭაჭაც არ ვიუარეთ. ტემპერატურა მოვიმატეთ და წამოვედით.

 

უცხო მოყმე და კოკი მათ დავუტოვეთ. ხვალ მესტიაში უნდა წასულიყვნენ. ჩვენ ხაიშამდე ჩამოგვიყვანა მასპინძელმა და გზას დავადექით თბილისამდე...

 

სვანეთის ასეთი გასვლები მუდმივად ერთმანეთზე უკეთესია. შარშან ცხვანდირების სილამაზით და სიმშვიდით ტკბობამ მაცოცხლა, წელს ოქროსწყლის თავგადასავლებმა...მომავალ წელს იმედი მაქვს, მანდ ტბები არ გამოილევა და მეც ჩემსას ვიპოვნი რაიმეს...ველური, ხელ უხლებელი ბუნება. ალპური და სუბალპური ზონების შეერწყმა. მყინვარების გამუდმებული მზერა...სვანეთი ჩემი ბედნიერებაა... სასიცოცხლო ენერგიის წყარო.

 

გირჩევთ არ გაუშვათ შანსი ამ ხედებით ტკბობის. ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე ეს ტბა გელოდებათ...გადახედეთ ჩვენი აფხაზეთის მთებს და ხეობებს...

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %