ტყიბულის მწვანე მარგალიტები

უცნობი და ჯადოსნური ადგილების აღმოჩენა ჩემი ბავშვობისდროინდელი ჰობია, რომელიც ვერაფერმა ვერ მოკლა და შეცვალა. რაგინდ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში ბებიაჩემის ეზოს რომ ვიპყრობდი აღმოვაჩნე რომ ეს იყო ის, რაც მამშვიდებდა და ცხოვრების აურზაურისაგან გაქცევის საშუალებას მაძლევდა.

სად გარბოდიო, მკითხავთ, მით უმეტეს სკოლამდელ ასაკშიო.

კი, ლოგიკური კითხვაა , მაგრამ თქვენ ხომ არ იცით, როგორი ინტროვერტი ვარ. ტიპური მარტოხელა თახვი (წინადადებას მარტოხელა მგელი უფრო შეეფერება,მაგრამ რატომღაც თახვები უფრო მესიმპათიურებიან.)

ჰოდა, ბებია ტყის პირას , ქოხში ცხოვრობდა (ცხოვრობს). სახლს წინ ნაკადული ჩამოუდიოდა, ნაკადულს გადაღმა -ტყე, ოდნავ მოშორებით - წყარო. წავიდოდით მე და დედა წყაროს თავზე, ვეძებდით სოკოებს, სამკურნალო ბალახებს, მიგვქონდა პლედები , წიგნები, მე- ჩემი აკვარელები და ტილოები. მოკლედ, ასე გავიზარდე. ტყეში ბოდიალსა და წიწვების სუნში. 

ქალაქში ყოფნა ყოველთვის დიდი დისკომფორტი იყო ჩემთვის, ამიტომ უდიდესი ბედნიერება მაშინ  მეწვია, როდესაც ცხოვრების მეგზურადაც მოლაშქრე ავარჩიე.

ახლა იმ ამბავს დავუბრუნდეთ, პოსტში რომ უნდა გიამბოთ. ეს ჯადოსნური ადგილი იმერეთში მდებარეობს და ჩემთვის ბავშვობასთან ასოცირდება. მას სოჩხეთი ჰქვია და ტყიბულის რაიონის ერთ-ერთი სოფელია. თითქოს არაფრით გამორჩეული, მაგრამ საოცარი, ჯადოსნური ადგილებით სავსე.



სოჩხეთს ჯერ კიდევ ბავშვობისას გავეცანი - ჩემი ერთ-ერთი დეიდაშვილის მამული იყო და პატარა ბჟღარტებს გვიყვარდა იქ სტუმრობა. მაშინ ყველაფერი გვაოცებდა- კამკამა მდინარეები ზემოდან გადმოფენილი მწვანე ფოთლოვანი ხეებით, პაწაწინა ჩქერები და შიგნით მოხტუნავე ლაპლაპა თევზები.

სოჩხეთი ტყიბულიდან 12 კილომეტრში ნაქერალას ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე მდებარეობს. სოფელში ადგილობრივი, ნაკლებად ცნობილი მინერალური წყლის დაგემოვნება შეგიძლიათ და იმ ტანდაკორძილი ხის ნახვაც სოფლელებისა და მეცნიერების ვარაუდით 1 500 წელს რომ ითვლის. თავად სოფელიც საკმაოდ ძველია- ისტორულ წყაროებში მე-18 საუკუნიდან მოიხსენიება.

სოჩხეთის ტყეებს განსაკუთრებული ზურმუხტისფერი ელფერი აქვთ. შეიძლება ეს ჩემი ბავშვობის გამოძახილია და მე ვხედავ რომანტიულად, მაგრამ ეს სოფელიც, ისევე როგორც ბევრი სხვა ტყიბულის რაიონში ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავია.

ჰოდა, ერთ დღესაც, როდესაც შემოდგომის მზეში მე და ჩემმა დეიდაშვილმა ჩვენი ბავშვობის ადგილის ნახვა გადავწყვიტეთ ავიღეთ ორი ზურგჩანთა, მანქანაში ჩავჯექით და გავეშურეთ.

 მე ფანჯრისაკენ მოვკალათდი. უკან მოვიტოვეთ იმერული , კარალიოკით დახუნძლული ეზოები, ტევრები, ტყიანი ადგილები და ცოტა ხანში ნათიას ბავშვობის სახლს მივადექით. ზურგჩანთები პარმაღთან დავყარეთ და ტყისაკენ გავეშურეთ. 

მდინარეში ფეხების ჩატყაპუნება შემოდგომის თბილ დღეს , ჯერ კიდევ შემორჩენილ ბალახზე წამოწოლა და მწვანე ფოთლებს შორის გამოჩრილი მოლურჯო ცის ნაფლეთების ყურება- რა უნდა გინდოდეს ბედნიერებისათვის ამაზე მეტი ადამიანს. სოჩხეთის ტყით ტკბობას რომ მოვრჩით მე  და ნათიამ ცუცხვათისაკენ წასვლაც გადავწყვიტეთ. წყალში ჩამბალი ფეხები ძლივსძლივობით ამოვკრიფეთ , სახლისაკენ წავფრატუნდით, ვინაიდან ნათიას ტყეში გზის გაგნების არც სურვილი ჰქონდა და არც შესაბამისი უნარ-ჩვევები ცუცხვათისაკენ მანქანით წავჩანჩალდით.



თუ ცუცხვათში ყოფილხართ ურთხმელის კორომებიც გეხსომებათ, იქაური მინერალური წლის გემოც და  მიწიდან თავამოყოფილი ქარვისფერი ტეშენიტები. ყველაზე მეტად კი პალეოლითური დროის საცხოვრისი - ცუცხვათის მღვიმე, სადაც თავს შეჰყოფ თუ არა დროში მოგზაურობას იწყებ. წარმოიდგენ. როგორ ცხოვრობდა შენი წინაპარი ოდესღაც, სად ასუფთავებდა ნანადირევს, სად ეძინა. სად სწავლობდა ახალ უნარ-ჩვევებს პირველი ქართველი, რომელმაც მაშინ არც კი იცოდა რომ ქართველი ერქვა.

მღვიმე 13 სართულისგან შედგება. პირველი სართული ადამიანისთვის მიუვალია და მდინარე ჭიშურა მიედინება.

მეორე სართული (მთავარი ტალანი) ატარებს უზარმაზარი ბუნებრივი გვირაბის ხასიათს (სიგრძე – 200 მ, სიგანე – 10-30 მ, სიმაღლე 10-28 მ). მასში წყალი მხოლოდ შაბათაღელის წყალდიდობის დროს გაედინება. ტალანის განშტოებებში არის წყაროები, პატარა ტბა, კალციტის ნაწვეთი ფორმები. ჭერთან შენახულია ადამიანის მიერ დამაგრებული ძელები – ძველი საკულტო ნაგებობის ნაშთი.


მეოთხე სართულიდან დაწყებული და უფრო ზევით მღვიმეები უწყლოა. მათში ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლები შუა პალეოლითიდან (მუსტიეს ეპოქიდან) ბრინჯაოს ხანამდე და ისტორიულ ეპოქამდე, ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლები. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს:

1. ბრინჯაოს მღვიმე (V სართული), რომლის ნაფენთა საერთო სიმძლავრე 12-13 მეტრს აღწევს; მათში აღბეჭდილია უკანასკნელი 140 000 წლის განმავლობაში მომხდარი კლიმატური ცვლილებები;

2. ზედა მღვიმე (XI სართული), სადაც აღმოჩენილი იქნა პირველყოფილი საკულტო საგნები: საგანგებოდ დალაგებული მღვიმური დათვის თავის ქალები, ბარძაყის ძვლები და კბილები, მსხვერპლად შეწირული სხვა ცხოველთა ძვლები;

3. ქარაფში გახსნილი სამი მღვიმე (მოაჯირიანი, ღამურებისა და დათვის – VII-IX სართულები), რომლებიც ატარებენ ფეოდალიზმის ხანაში სიმაგრეებად გამოყენების ნიშნებს – შენახულია ქვითკირის კედლები, გამოჭრილი საფეხურები, ქვევრების ნატეხები. აქვე ღამურების დიდი კოლონიაა.
თავისი სიძველითა და სართულების რაოდენობით ცუცხვათის მღვიმოვანი ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში .

ამ საოცარ ადგილას შემონახულია ქვითკირის კედლები, ქვევრის ნატეხები. სიძველითა და მრავალსართულიანობით ცუცხვათი ერთ-ერთი პირველი
მღვიმეა მსოფლიოში, მაგრამ სამწუხაროდ ქართველებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და სავარაუდოდ მოსახლეობის 70 %-ს არ უნახავს.

ცუცხვათში შუა საუკუნეების დროინდელი ციხესიმაგრის ნანგრევების ნახვაც შეიძლება. უფრო სწორად ციხის სანახავად ცუცხვათს უნდა გასცდე და ოკრიბისკენ გაიწე. ცუცხვათისა და ოხომირის ახლოს ნანგრევებსაც დაინახავ.

თავის დროზე ცუცხვათის ციხე ქუთაისიდან აღმოსავლეთ საქართველოსკენ და ოკრიბის გავლით რაჭისაკენ მიმავალ გზებს აკონტროლებდა. ციხე იმერეთის უმნიშვნელოვანეს სიმაგრეს წარმოადგენდა, მაგრამ როგორც ბევრი სხვა სტრატეგიული ადგილი მოგვიანებით ისიც ოსმალებმა დაიკავეს. უფრო მოგვიანებით კი ,,კეთილ მეზობელთან''-რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ დანგრიეს.

მღვიმეების, ციხეების, მდინარეში ფეხების ჩაბუჟბუჟებისა და თევზებთან მოლამუნების დღის მერე შინ დაბრუნების დროც დადგა. ცაზე პირველმა ვარსკვლავებმა დაიწყეს ციმციმი. ვიჯექი ისევ, მანქანის მინაზე თავმიჭერილი და ვფიქრობდი- რატომ არასოდეს, არავის მოუვიდა აზრად ემუშავა აქტიურად იმ მხარის ტურისტული პოტენციალის გაპარებაზე, ტყიბული რომ ჰქვია და უამრავ მარგალიტს რომ ინახავს.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
41 %
ევროპაში
25 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %