ბალი - “რამდენიმე ცხოვრება რომ მქონდეს, ყველას აქ გავატარებდი”

“If I had several lives I would spend all of them here” – “რამდენიმე ცხოვრება რომ მქონდეს, ყველას აქ გავატარებდი” - ძალიან გარუჯული სერფერი ბიჭი უყვება ახალჩამოსულ მეგობარს თავისი თავგადასავლების შესახებ. სუპერმარკეტის რიგში ვართ, აღარ მახსოვს რას ვყიდულობდი, მგონი რომ რაღაც უცნაური და ლამაზი ხილი დავინახე, დამაინტერესა - ვიყიდი თქო. “You are crazy maaan” - გიჟი ხარო ღიმილით პასუხობს ძალიან გარუჯულ ბიჭს მეგობარი. არადა მეც ვიფიქრე, რომ სიამოვნებით გავატარებდი ამ კუნძულზე ბევრ ჩემს ცხოვრებას, სიგიჟეა? ამდენი აღარ ვიცი და ფიქრიც მეზარება - ისეთ მშვენიერ ადგილას ვარ, აი აქ რომ ფიქრი სრულიად არ არის საჭირო, არც ფიქრი და არც რამე ზედმეტი, აქ მარტო ერთი რამით ხარ დაკავებული - აქ გსიმოვნებს, ყველა და ყველაფერი. სალაროსთან ჩემი უცნაური ხილის ფულს ვიხდი და გარეთ გამოვდივარ, დღეს უამრავი საქმე მაქვს - ოკეანეში ჭყუმპალაობით დაწყებული ქვიშაზე კოტრიალით დამთავრებული და არც კი ვიცი საიდან დავიწყო…

 

 

ბალი - ინდონეზიის ერთი პატარა კუნძული, სიმწვანესა და ტროპიკებში დაკარგული. სერფერების, იოგების, ფრილანსერების და კიდევ უამრავი ადამიანის ფავორიტი ადგილი დედამიწაზე. აქ მოდიან იმისთვის, რომ დაივიწყონ ყველანაირი ნეგატივი, აქ თქვენ ახალი ცხოვრება გაქვთ, პრობლემებს და რუტინას ტოვებთ სხვა კონტინენტზე. “ეს ყველაფერი უკვე საკმარისად იყო, ახლა ბედნიერების დროა” - თითქოს ამ სიტყვებით გხვდებათ აეროპორტის შენობაც კი, სადაც უკვე იმდენი პალმაა, რომ თავისუფლად შეგიძლაი შეზლონგი მოიტანოთ და წამოწვეთ.

 

 

ბალი შორსაა, სადღაც ჩვენი პლანეტის მეორე მხარეს. თბილისიდან იქ მოსახვერდად დაახლოებით 10 000 კილომეტრი უნდა გადალახოთ. ბილეთები შესაბამისად ძვირი - სეზონზე 3000-3500 ლარამდეც კი ღირს. ცოტა რთულია ამდენის გადახდა მარტო ბილეთში, რა ვქნათ? ამ შემთხვევაში ევროპა გვიშველის - საკმაოდ ხშირად არის ხოლმე პრომო-ბილეთები ევროპის ქალაქებიდან - ამსტერდამი, პარიზი, მილანი, უნდა ეძებოთ. სწორედ ასე წავაწყდი ფრენას 1400 ლარად პარიზიდან, ჩინეთის ავიახაზების რეისით (China Southern), პარიზამდე კი - მშობლიური ვიზეარი. კი მართალია, რომ გზა გრძელდება და მეტი ბოდიალი გიწევს, მაგრამ როდის იყო, რომ ნამდვილ მოგზაურს ეს აშინებდა? ჩავფრინდი პარიზში, ერთი დღე ვისეირნე, კრუასანები ვჭამე, მეორე დილით კი დე გოლის აეროპორტიდან გავფრინდი ბალიზე. ჩინეთის ავიახაზებს კომფორტული ბოინგისა და კარგი სერვისის გარდა კიდევ ერთი სასიამოვნო ბონუსი აღმოაჩნდა - ფრენა იყო 12 საათიანი ლეიოვერით ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში (ანუ პარიზი-გუანჯოუ-ბალი).

 

 

იმისათვის, რომ მგზავრებმა ლოდინის დრო მაქსიმალურად კომფორტულად გაატარონ, ავიაკომპანია გთავაზობთ სასტუმროში განთავსებას ტრანზიტული დროის განმავლობაში, სრულიად უფასოდ. ეს ყველაფერი ასე ხდება - გუანჯოუში ჩაფრენილი მგზავრი აეროპორტშივე აფორმებს ტრანზიტულ ვიზას. იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნის პასპორტი გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ აიღოთ 24, 72 ან 144 საათიანი ტრანზიტული ვიზა. ტრანზიტულ ვიზაზე ინფორმაციას წასვლამდე ვეძებდი, მაგრამ რადგანაც საქართველო ვერც ერთ ჩამონათვალში (24, 72, 144 საათიანი) ვერ ვიპოვე და შესაბამისად, არ ვიყავი დარწმუნებული მომცემენ თუ არა ვიზას ჩინეთის აეროპორტში, წინასწარ გავიკეთე ის თბილისში - ძალიან მარტივად კეთდება 5 დღეში და 60 ლარი ღირს. ამიტომაც თავის დაზღვევა ვამჯობინე. მაშ ასე, ტრანზიტული ვიზის გაფორმების შემდეგ ირჩევთ თქვენთვის სასურველ სასტუმროს, სადაც მიყავხართ მძღოლს, გაძლევენ ცალკე ნომერს საუზმით, ისვენებთ და როდესაც თქვენი ფრენის დრო მოახლოვდება, მძღოლს ისევ უკან მოყავხართ აეროპორტში და ამ ყველაფერში იხდით 0 დოლარს. მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო. კუნძულამდე ჩაღწევის კიდევ ერთი ეკონომიური ვარიანტი არის თბილისიდან გადაფრენა კუალა ლუმპურში (Air Arabia – low cost) და შემდეგ იქიდან - დენპასარში.

 

 

ბალიზე რამდენიმე ცნობილი სანაპიროა, მათგან ჩემი ფავორიტია - ჩანგუ (Canggu). ახალგაზრდული, მოძრავი, ტრენდული და ძალიან რელაქსური. აქ აბსოლუტურად ყველაფერი არის, რაც შეიძლება კომფორტული დასვენებისთვის დაგჭირდეთ - სასტუმროები და ჰოსტელები ყველანაირ ბიუჯეტზე, ბარები, რესტორნები, ფიტნეს დარბაზები, ქო-ვოექინგ სფეისები, ტანსაცმლის და აქსესუარების მაღაზიები, ადგილობრივებმა საკუთარი KFC-ც კი შექმნეს. ცოტ-ცოტა რაღაცეები მოპარეს ორიგინალს და დაირქვეს JFC (Java Fried Chicken). სახალისოა, მაგრამ აი გემრიელის რა მოგასხენოთ )). ძალიან ლამაზი ბარები და რესტორები დიზაინის საინტერესო ელემენტებით, კარგი სერვისითა და მუსიკით, გემრიელი საჭმელი - ხანდახან სრულიად გავიწყდება, რომ აზიაში ხარ, თავი რომელიმე ევროპული კურორტის სანაპიროზე გგონია. ძალიან პოპულარულია ჯანსაღი საკვებისა და ვეგანური კაფები. ფასები ასეთ ადგილებში საშუალოა, აზიის სხვა ქვეყნებთან შედარებით ცოტა ძვირია, მაგრამ მაინც მისაღები. იაფად ჭამა კი ყოველთვის შეგიძლიათ ადგილობრივ სასადილოებში, სადაც ბრინჯის დიდი პორცია ზღვის პროდუქტებით სულ რაღაც 2-3 დოლარი ღირს.

 

 

ვერ ვიტყვი, რომ ბალის პლიაჟები ყველაზე ლამაზია, რაც კი მინახავს - თუნდაც იგივე ფილიპინები ბევრად უფრო გამოირჩევა ფირუზისფერი წყლითა და თეთრი ქვიშებით, მაგრამ ბალის ხიბლი მის საოცარ აურაშია და ამას მხოლოდ მაშინ გრძნობ, როდასაც თავად მოხვდები აქ. ეს ადგილი მაგნიტივით იზიდავს ადამიანებს, მუხტავს მათ დადებითი ენერგიით და თქვენ ისევ და ისევ გინდებათ აქ დაბრუნება. არავინ შემხვედრია აქ მხოლოდ ერთხელ ნამყოფი - ყველა მეორედ, მესამედ, მეოთხედ ჩამოდის და ბევრი საცხოვრებლადაც კი რჩება. აქ მოდიან ახალი ემოციებისთვის - ზოგი სულიერი სიმშვიდის საპოვნელად, ზოგიც - გიჟური გართობისთვის. თავს აქ მარტო არასოდეს იგრძნობთ და დედამიწის ნებისმიერი კუთხიდან ჩამოსულ ადამიანებს გაიცნობთ. ადგილობრივები ძალიან მეგობრულები არიან, ყოველთვის ყველაფერში დაგეხმარებიან, მუდამ გიღიმიან და ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ თქვენში ფულის ტომარას ხედავენ - უბრალოდ ასეთია მათი მსოფლმხედველობა - მზის სხივებთან შეზავებული ჰარმონია. ყოველი სახლისა თუ შენობის წინ დაინახავთ ყვავილებით, ტკბილეულობით, ხილით და სურნელოვანი ჯოხებით შევსებულ კალათებს. კალათების გამოტანის პატარა რიტუალს ადგილობრივი მოსახლეობა აუცილებლად დღეში რამდენჯერმე ასრულებს, ეს არის ერთგვარი მადლობის ნიშანი სამყაროსთვის ამ კეთილი ადამიანებისგან. სანაპიროზე სეირნობისას ყოველ ნაბიჯზე გთავაზობენ სერფინგის გაკვეთილებს - 2 საათი დაახლოებით 14 დოლარამდე ღირს. სცადეთ - დაუვიწყარი ემოციებია. საღამოობით ხალხი ოკეანის ნაპირზე იკრიბება მზის ჩასვლის საყურებლად - ერთ-ერთი ულამაზესი მოვლენაა კუნძულზე, განსაკუთრებით კი წვიმების სეზონის დროს, როდესაც სრულიად გიჟური კოსმუირი ფერები იხატება ცაზე.

 

 

ინდონეზიაში უამრავი საინტერესო კუნძული არსებობს - გილი, ლომბოკი ან იგივე ფლორესი და კომოდო ვარდისფერი პლიაჟებითა და საოცრად საინტერესო კელიმუტუს ვულკანით. ამ ყველაფრის ფონზე ბალი ზედმეტად გაპიარებულის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებსო ამბობენ, კი შესაძლოა, მაგრამ სწორედ ამ პიარმა შექმნა ის ტალღა და ვაიბი, რაც ასე დამახასიათებელია ბალისთვის - ცოდნა იმისა, რომ შენ ძალიან შორს ხარ საკუთარი სახლისგან, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან სახლში გრძნობ თავს. ერთხელ მაინც თუ განიცდით ამ გრძნობას, დამიჯერეთ, რომ არასოდეს დაგავიწყდებათ ის.

 

გვინდა თუ არა ჩვენ ეს, ალბათ თითოეულ ჩვენთაგანში ცხოვრობს პატარა რომანტიკოსი, რომელიც ყოველთვის ელოდება ხელსაყრელ მომენტებს, რომ გამოძვრეს გულის ბნელი კუნჭულიდან და ხანდახან მაინც გაგვახსენოს თუ რაც ნიშნავს, როცა მართლა ცხოვრობ. ცხოვრობ და არა არსებობ. ერთხელ მაინც აჩვენეთ თქვენს პატარა შინაგან რომანტიკოსს კუნძული ბალი და ის მუდამ მადლობელი დაგრჩებათ ამისთვის - ყველაზე მთავარი ხომ ყოველთვის შეგრძნებები, ლამაზი ფერები და დამახსოვრებული მომენტებია. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %