რუმინული მოგზაურობა - ბუქარესტი

ბუქარესტის მონახულება ჩემი რუმინული მოგზაურობის ბოლო ეტაპი იყო, ამიტომ გამომგზავრების წინა დღე მთლიანად რუმინეთის დედაქალაქს მივუძღვენი. ბუქარესტი ევროპის კავშირის მეექსვე ყველაზე დიდი ქალაქია და სანახავიც საკმაოდ ბევრია, თუმცა საერთო ჯამში 1-2 დღე სრულიად საკმარისი იქნება დასათვალიერებლად. ჩემი დაკვირვებით, ბუქარესტი ალბათ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ეკლექტური არქიტექტურის მქონე ქალაქია. აქ განცალკევებით და ერთმანეთის გვერდითაც შეხვდებით როგორც  ისტორიული და კომუნისტური წარსულის კვალს, ასევე მოდერნული არქიტექტურის შედევრებს.  

პირველი, რაც ბუქარესტში უნდა ნახოთ პარლამენტის შენობაა. შეიძლება, ერთი შეხედვით  უინტერესოდ ჟღერს, მაგრამ თავისი ფართობის გამო ის მსოფლიოშია ცნობილი და სიდიდით ადმინისტრაციულ შენობებს შორის პენტაგონის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, ამავდროულად ბუქარესტის პარლამენტი მსოფლიოში ყველაზე მძიმე შენობაა. ექსტერიერის გარდა შენობა ინტერიერითაც აგაღფრთოვანებთ, ამიტომ თუ დრო გექნებათ აუცილებლად დაგეგმეთ  წინასწარ ტური პარლამენტში. ქალაქის ამ ნაწილში შეხვდებით ტრიუმფალურ თაღსაც, რომელიც პირველ მსოფლიო ომში რუმინელ ჯარისკაცთა საპატივაცემოდ ააგეს. 

ქალაქის ძველი ნაწილი ყველაზე ხალხმრავალი და ხმაურიანია. ვიწრო ქუჩები, გარე კაფეები, კლუბები, მრავალნაირი სწრაფის კვების ობიექტი, ეკლესიები და ისტორიული ძეგლები ერთ სივრცეშია მოქცეული. გირჩევთ, სასტუმროც/ჰოსტელიც ქალაქის ძველ ნაწილში, მეტრო Piața Unirii 1-თან დაჯავშნოთ, რადგან ქალაქის ყველაზე სანახაობრივ და ხალხმრავალ ადგილებამდეც ახლოს იქნებით და გადაადგილების მხრივაც ძალიან პრაქტიკული იქნება. გადაადგილებას რაც შეეხება, ბუქარესტში ოთხი სახის ტრანსპორტი მოძრაობს ტრამვაის და ტროლეიბუსის ჩათვლით, ამიტომ ქალაქის შორეულ ნაწილში მოხვედრა პრობლემა არ იქნება.

 

ტრანსპორტით თუ ფეხით გადაადგილებისას აუცილებლად შეამჩნევთ ქალაქის რეკრეაციული ზონების სიმრავლეს. ბუქარესტში ხელოვნურად შექმნილი რამდენიმე ტბაა, რომელთა გარშემო ბაღები და სასეირნო ბილიკებია მოწყობილი. რადგანაც მხოლოდ ერთი დღე მქონდა დედაქალაქის დასათვალიერებლად, არჩევანი ,,ჩისმიგიუს“ პარკზე შევაჩერე და ძალიანაც გამიმართლა. ჩისმიგიუც ხელოვნური ტბაა, ირგვლივ შერეული სახეობების ფლორით გალამაზებული ბაღებით. ტბასთან ნავებიც ქირავდება და შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი დროით დატკბეთ ტბაზე სეირნობით. ცისმიგიუს პარკს იმ შემთხვევაშიც ვუწევ რეკომენდაციას, თუ ტბიდან მოშორებით იქნებით. აქ ნებისმიერ სეზონზე ულამაზესი პეიზაჟები დაგხვდებათ.

 

როგორც აღვნიშნე, ქალაქი ეკლექტურია და თავისი ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი პერიოდის ნაშთს ინახავს ძეგლების და შენობების სახით. თუმცა საბოლოო ჯამში, ბუქარესტი ნამდვილად ევროპული ქალაქია, რომელიც თავისი ისტორიით, ძველის და ახლის შერწყმით, კულტურით და დასასვენებელ-გასართობის ადგილების სიმრავლით ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.

    

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
39 %
არა
30 %
გააჩნია მიმართულებას
31 %