ორიოდე სიტყვა ლარნაკის ტრანსპორტზე, ჩემს ბიუჯეტზე, საჭმელ-სასმელსა და სხვა სიამეებზედ

როგორც წინა ბლოგში დავწერე, ყველაფერი დაიწყო მეტისმეტად სპონტანურად.

"შავ პარასკევს", როცა გადავწყვიტე, რომ რომელიმე ქვეყნის ბილეთი უნდა მეყიდა, შევედი ვიზეარის საიტზე და ქუთაისი-ლარნაკა-ლარნაკა-ქუთაისის ბილეთი შევიძინე 111 ლარად. თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ყველაფერი მაქსიმალურად ბიუჯეტურად დამეგეგმა.

მომდევნო ეტაპი ბუქინგზე ჰოსტელის პოვნა იყო. კარგად რომ მომეძებნა, ბევრად უფრო ადრე რომ დამეჯავშნა სასტუმრო, ალბათ, ბევრად უფრო იაფადაც გამოვძვრებოდი, მაგრამ მოცემული მომენტისათვის არჩევანი alkaios holiday rooms & apartments-ზე შევაჩერე, თანაც, ოთახი აივნით მინდოდა და ოთხი ღამის სრული საფასური, 112 ევრო გადავიხადე. ოთახები სუფთა და მოწესრიგებული დამხვდა. მისაღებს, სამზარეულოსა და აბაზანას ვიყოფდი ოლგასთან, რომელზეც წინა ბლოგშიც მოგიყევით. ოთახში დამხვდა მობილურის დამტენისათვის სპეციალური გადამყვანი, რომელიც საერთოდ არ მქონდა გათვალისწინებული, უფასო ვაიფაი და კონდიციონერი, რომლის ჩართვის შემთხვევაშიც ყოველ დამწვარ კილოვატზე 0.40 ევრო უნდა გადამეხადა, თუმცა გათბობა ნამდვილად არ დამჭირვებია :დ

ოთახების მეპატრონე ძალიან ყურადღებიანი და საყვარელი კაცი იყო, რომელიც მხოლოდ იმისთვის "მაწუხებდა", რომ ეკითხა, ხომ არაფერი მჭირდებოდა :დ

სასტუმრო მთავაზობდა აეროპორტიდან ტრანსფერს 15 ევროდ, თუმცა არც ამაში გადამიხდია ფული და აეროპორტის მთავარ გაჩერებაზე 425 ნომერ ავტობუსს გამოვყევი, რომელსაც ცენტრამდე მიჰყავხარ. ბილეთს, უშუალოდ, მძღოლთან ყიდულობ 1.50 ევროდ.

გზად, რაც თვალში გხვდება, არის ლიმონისა და ფორთოხლის/მანდარინის ხეები. ამ ხიდან ნაყოფი არ მომიწყვეტია, მაგრამ აქაური ლიმონი რომ კერძი იყოს, ყოველდღე შევუკვეთავდი რესტორანში, ისეთი არომატული და გემრიელია.

მოძრაობა გადატვირთული არაა. ქუჩები არის სუფთა და მოწესრიგებული. გზაზე ქვეითთა გადასასვლელებთან შუქნიშნებია. ღილაკზე თითის მიდებაც საკმარისია, რომ ყველა ჩერდება და გზას გითმობს. ქალაქში გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა.

ავტობუსის გაჩერებები შეგიძლიათ ნახოთ ძალიან სასარგებლო აპლიკაციაზე - Maps.me. და საერთოდ, ამ აპლიკაციაზე შეყვარებული ვარ. მაშინ, როცა ვაიფაი მხოლოდ სასტუმროსა და კაფე-რესტორნებშია, ეს პატარა სიჭკვიანე ინტერნეტის გარეშე გეუბნება სად ხარ, გაჩვენებს მარშრუტს, რუკაზე კი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ადგილი შეგიძლია ნახო და მონიშნო.

თუ სხვა ქალაქში გინდათ გადასვლა, ეგეც მარტივია და ტრანსპორტში გარკვევა ადვილად შეგიძლიათ. ამ საიტზე ნახავთ ფასებს, დროს, ქალაქებს შორის მიმოსვლის სავარაუდო ხანგრძლივობასა და გაჩერების წერტილებს (ამ ლინკზე მონიშნული მაქვს ლარნაკა-ნიქოზიას მარშრუტი)

http://www.intercity-buses.com/?wp=routes-details&category=&article=&article=201BC99BCCCCDFB5C3C99805195E3DBF

რაც შეეხება ტაქსებს, ვერაფერს გეტყვით, რადგან არ დამჭირდა და არ გამომიყენებია. ზოგადად, თუ რაიმე ძალიან, ძალიან შორს არაა, მირჩევნია, ფეხით ვიარო.

ლარნაკის მთავარი არეალი არის Finikoudes. ყველაფერი აქაა თავმოყრილი. კაფე-ბარები, რესტორნები, მაღაზიები...

ლარნაკისათვის, სტანდარტულად, დღეზე 50 ევრო მქონდა გათვლილი (საზღვარზე თანხა არ მოუთხოვიათ, მაგრამ ჯავშნის ჩვენება დამჭირდა). მოკლედ, ოთხი დღე და 200 ევრო. ფასების განსაზღვრისათვის კვიპროსს ვერც ეგვიპტეს შევადარებდი (ერთი ლარი კაი მოზრდილი 7 გინეა იყო მაშინ) და მით უმეტეს, ვერც საბერძნეთს, რადგან ათენში მხოლოდ 16 საათით გავჩერდი და ბევრს ვერაფერს დავხარჯავდი. შესაბამისად, ცოტა მიჭირდა რაიმეს ძვირ-იაფობის განსაზღვრა და ახლაც მიჭირს, ამიტომ ინფორმაციას დავწერ და თვითონ შეადარეთ სხვა ქვეყნებს, სადაც გიმოგზაურიათ.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სუპერმარკეტი ვერსად ვნახე ისეთი, როგორიც ჩვენთანაა :დ ქუჩებში ხშირად მხვდება პატარა მარკეტები, სადაც თითქმის ყველაფრის ყიდვა შემიძლია. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ტკბილეული დავათვალიერე :დ ერთ-ორ ევროდ შოკოლადიანი რბილი ვაფლის მოზრდილი შეფუთვა ვიყიდე და მთელი დღე ვჭამდი (მომენატრება) :დ ერთი-ორი-სამი ევრო ღირს თითქმის ყველა სასუსნავი. მათ შორის, ჩიფსები და მსგავსი მაიმუნობები.

ალკოჰოლის ფასებიც ასეა. 0.80 ევროდან იწყება და ადის ნელ-ნელა მაღლა.

როგორც დავგუგლე, აქაური თეთრი ღვინო ძალიან ცნობილია თავისი გემოთი და 4 ევროდ ვნახე მაღაზიაში, თუმცა არ გამისინჯავს.

ძალიან მომეწონა ლუდი KEO. რაღაცით "კორონას" გემოს მაგონებს. ოღონდ, თუ ბარში შეუკვეთავთ, ჩამოსასხმელი მოითხოვეთ, ბევრად კარგი და არომატულია.

რაც შეეხება კვებას.

ძალიან ბევრი რესტორანი და კაფეა ირგვლივ. ზოგიერთს მენიუ გარეთ აქვს გამოტანილი და სადაც ჩავიჭყიტე 5-6-7 ევროდ შეგიძლია შეუკვეთო კერძები, თუმცა მე ძალიან მინდოდა ზღვის პროდუქტები მეჭამა და მეტწილად, გამესინჯა, ამიტომ აქ ცნობილ რესტორანს, Ocean Basket-ს მივაკითხე (ძალიან ახლოსაა სანაპიროსთან და ევროპის მოედანთან). მენიუს ნაწილსა და ფასებს ფოტოზე ნახავთ. პირველ დღეს Platter for 1 person შევუკვეთე (დიდი :დ), ზღვის პროდუქტების ნაკრები. უუუუგემრიელესი იყო ყველაფერი, ამიტომ მეორე და მესამე დღესაც მანდ მივედი და ყოველ ჯერზე სხვადასხვა რამე გავსინჯე. დღეს მიმტანებმა უკვე მიცნეს და იცოდნენ, რომელ მაგიდასთან დავჯდებოდი, ტრადიციულად :დ

ჰო, მართლა, თუ ხამანწკები მოგინდებათ, ერთი ცალი 3 ევრო ღირს. ჩემს შემთხვევაში, ხამანწკების დაგემოვნების მცდელობამ არ გაამართლა. ძალიან, ძალიან არ მომეწონა და კიდევ კარგი, დამატებით, თევზი მქონდა შეკვეთილი :დ

მოკლედ რომ ვთქვა, ამ რესტორანში ჭამა დღეში ერთხელ მიწევდა. სადღაც 15-დან 25 ევრომდე ვიხდიდი (ლუდის ჩათვლით, რასაკვირველია :დ) და სიმართლე რომ ვთქვა, დღეში ერთხელ ვჭამდი, რადგან საჭმლის მართლა უზარმაზარი პორცია მოაქვთ, მე კიდევ მთლიანად ვსანსლავდი და მერე აღარ მშივდებოდა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
26 %
B. საერთოდ არ მივმართავ
49 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
25 %