ტიმოთისუბანი - მთა გვირგვინა
წლის ყველა სეზონი გამორჩეულად მიყვარს. თითქოს თითოეული მათგანი სუპერგმირია განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და ისტორიით. თითოეული მათგანი რაღაც ახალს გაჩვენებს. უფროსწორად, რაღაც ახლის დანახვის შესაძლებლობას გაძლევს.
გაზაფხული ჩემთვის თოვლიანი მთის, სურნელოვანი მინდვრებისა და მზის სეზონია. სეზონი, როდესაც ერთდროულად შეიძლება გადააწყდე ყვავილებს მინდორში, სოკოს ტყეში და თოვლს მთაში. თითქოს დროში შეგიძლია მოგზაურობა.
სწორედ ამიტომ გაზაფხულია ის პერიოდი, როდესაც ყველაზე მეტ დროს ვატარებ ალბათ ტყესა და „პატარა“ სიმაღლის მთებში. ბორჯომ-ხარაგაული კი ჩემი ფავორიტი განსაკუთრებით წლის ამ პერიოდშია.
მთა გვირგვინაც ბორჯომ-ხარაგაულის ერთი „შუა“ სიმაღლის მთაა. კერძოდ 2252 მეტრის. გვირგვინას კალთებზე მუქწიწვოვანი ტყეებია, მწვერვალზე კი ალპური მდელოები.
უშუალოდ გასვლა, რომელზეც უნდა მოგიყვეთ გაზაფხულის ერთ დღეს გაჩუქებთ, რომელიც მუდმივ დროის კონტროლზე გადართულ გონებას განტვირთავს სხეულს კი საუკეთესოდ წაავარჯიშებს. მოკლედ, მარშუტი ტიმოთისუბნიდან იწყება. ეს სოფელი ბორჯომიდან 15-იოდე კმ-ში მდებარეობს, თავად ტიმოთისუბანიც ცალკე სანახავი ადგილია, ვინაიდან ნამდვილად აღტაცებაში მოგიყვანთ მდინარე გუჯარეთისწყლის პირას კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბულები. სამწუხაროდ, არ ვფლობ ინფორმაციას რისთვის გამოიყენებოდა ეს მართლაც რომ საოცარად მიუდგომელი საოცრება. ორი ვარიანტია: პირველი „ რელიგიური პირების განმარტოებისთვის“ და მეორე მოსახლეობის თავშესაფრად ომიანობისას. მოკლედ ეს ისაა აუცილებლად სანახავის სიაში რომ უნდა შეიტანოთ. ისევე, როგორც ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც XII-XIII საუკუნეში აუგიათ.
მოკლედ, არა მარტო „გაზმორებისთვისაა“ ეს ადგილი განსაკუთრებული, არამედ კულტურული ტურებისთვისაც.
ახლა კი ცოტახნით მოგვიწევს გონება ხელთქმნილ მშვენიერებებს მოვწყვიტოთ და ისევ მარშუტს დავუბრუნდეთ. ტიმოთისუბნიდან კილომეტრში გვირგვინასკენ სატყეო გზა მიდის. გზას კოტეჯებამდე მივყავართ, რომლებიც გვიან გაზაფხულამდეა მიტოვებული. უნდა ითქვას, რომ მთელი გზა, ფაქტიურად, სიმაღლის კრეფაა, საოცარ ნაძვნარში, შემდეგ კი ამავე სიმაღლის დაკარგვა. თუმცა გვირგვინას წვერიდან ისეთი ხედები იშლება რომ ნამდვილად ღირს ასკილის ჭამით, თოვლის ტკეპნა. გზად ციხის ნანგრევები გვხვდება, კიდევ ერთი თამარის ციხე შეგიძლიათ შეიტანოთ სიაში.
რაც შეეხება ხედს. წვერიდან მეორე მთა გვირგვინა ჩანს, რომელზე ასასვლელიც ატენის ხეობიდანაა. და რომელზეც ჩემს წინა პოსტებში მოგიყევით,.
ჩანს ბაკურიანიც, და თუ ამინდში გაგიმართლათ მთლიანი კავკასიონი. მოკლედ, არ ინანებთ.
მარშუტი საშუალო სირთულისაა, უფროსწორად, ერთადერთ სირთულეს აქ ვისთვის --„აღმართი“ და ვისთვის „დაღმართი“ წარმოადგენს. მთლიანად 7-8 კმ-ს არ ცდება. სრულებით მოსწრებადია ერთ დღეში.
საუკეთესო სეზონი სულ მალე დადგება აქ წასასვლელად. კერძოდ აპრილს გირჩევდით. აპრილში ქვემოთ ყველაფერი გამოცოცხლებულია, მთის წვერზე კი ჯერ კიდევ არის მუხლამდე თოვლი შერჩენილი. ხედებიც განსაკუთრებულად მშვენიერია და ამინდებიც...
მოკლედ, იმედი მაქვს ვინმეს მაინც გიბიძგებთ ამ ხედების ფონზე ღრმად ჩასუნთვისკენ.
წარმატებები მეგობრებო.