საქართველოს ულამაზესი ხედები
მაღალი მთები, მდინარეები, მწვანე მინდვრები, სუფთა ტბები, ფირუზისფერი ზღვა, მინერალური წყლები, ჩანჩქერები, კანიონები (მარტვილი და ოკაცე) და მღვიმეები, ეს საქართველოს ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების მცირე ჩამონათვალია. ყოველ სეზონზე შეგიძლიათ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იმოგზაუროთ და ახალი ლამაზი და გასაოცარი ადგილები აღმოაჩინოთ. ჩვენ კი, ქვეყნის 5 ყველაზე ლამაზ ხედს წარმოგიდგენთ.
გურია
გომის მთა გურიის რეგიონში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე. ის სქელი ფიჭვის ტყით არის გარშემორტყმული, ზაფხულის დადგომასთან ერთად კი, ის ნისლით იმოსება და ლეგენდებში აღწერილ მისტიკურ ადგილს ემსგავსება. ამინდი გომის მთაზე სწრაფად იცვლება, შეიძლება მოულოდნელად მოიღრუბლოს და ათ წუთში ისევ მზე გამოჩნდეს. გომის მთასთან ახლოს პატარა სოფელი მდებარეობს, იქ მისვლა მანქანით არის შესაძლებელი.
ყაზბეგი
კიდევ ერთი ულამაზესი ხედი შეგიძლიათ სტეფანწმინდაში იხილოთ. ის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი და გულისცემაა, სადაც არქიტექტურა და ულამაზესი ბუნება ერთმანეთთან არის შერწყმული. აქ შეგიძლიათ იხილოთ მე-14 საუკუნეში აშენებული გერგეთის წმინდა სამება, თოვლით დაფარული მყინვარწვერი (რიგით მესამე ყველაზე მაღალი მთაა საქართველოში), ყუროს მთაზე გამავალი ხედი. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ეროვნულ პარკს, ცხელ წყაროებს, მჟავე წყლებს, ჩანჩქერებს და ტბებს.
თუშეთი
თუშეთი ყოველთვის იზიდავდა ვიზიტორებს თავისი გასაოცარი ხედებით, თოვლიანი მწვერვალებით, ფერადი მთებით და მდელოებით, ფიჭვის ტყეებით, მდინარეებით და ნაკადულებით, ძველი სოფლებით და ციხეებით.
ეს რეგიონი ნამდვილი სამოთხეა ფოტოგრაფებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის, მათთვის ვისაც ლაშქრობა, კემპინგი და ველური ბუნების აღმოჩენა უყვარს. თუშეთში მისვლა მარტივი არ არის, მაგრამ სწორედ ეს სძენს მას დამატებით ხიბლს.
სვანეთი
საქართველოს ზღაპრული, ველური და მისტიკური კუთხეა სვანეთი. აქ მდებარეობს შხარა (5,201მ), თეთნულდი (4,974მ) და უშბა (4,700მ), საქართველოს 3 ყველაზე მაღალი მთა, რაც მას ქვეყნის უნიკალურ მხარედ აქცევს და მიმზიდველს ხდის ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის. აქვე მდებარეობს უშგული, ევროპის ყველაზე მაღალი, მუდმივად დასახლებული წერტილი.
ლამაზი ბუნების გარდა, სვანეთი უნიკალური არქიტექტურული ძეგლებით, სვანური კოშკებით, არის ცნობილი. ისინი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში არის შეტანილი.
ველური ბუნების და უნიკალური არქიტექტურის ერთიანობა კი, ულამაზეს ხედს ქმნის არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშიც.
რაჭა
რაჭა სტუმრებს ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების მთელ კომპლექსს სთავაზობს, მათ შორის ულამაზეს ბუნებას, მაღალ მთებს და ტყეებს, მყინვარებს, ალპურ ტბებს და მინერალურ წყლებს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია შორის ტბა, მას უძირო ტბასაც უწოდებენ. რაჭის მჟავე წყლების დაგემოვნება უფასოა. ის შეიცავს იოდს, ცალციუმს, რკინას და სხვა ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ელემენტებს.