ალგეთი. მანგლისი. მთა ელი ქარი

 ბოლო ხანებში დროის უკმარისობის გამო, უმეტესად ისეთ ადგილებს შევეჩვიეთ სადაც ერთ დღიან გასვლებს შევძლებთ. ერთ დღიან ლამაზ, მაღალ გასვლებს, როდესაც თავს ტყეში მანქანების ხმაურისგან შორს, სიარულით გავირთობთ. სიმაღლეებიც თუ დაემატება და პანორამული ხედები ხომ მთლად გაგაბედნიერებს ადამიანს.

  ალგეთის ეროვნული პარკი სწორედ ის ადგილია, რომელიც მსგავსი გასვლების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. დილის ცხრიდან გასულები 11 ის ნახევრისკენ უკვე მარშუტზე ვდგავართ ხოლმე. შინაც საღამოს 11 ზე გვიან ჯერ არ დავბრუნებულვართ.
  ამ ჯერად, მთა ელი ქარისკენ ავიღეთ გეზი. 2200 მეტრის სიმაღლის ეს ლამაზი, წვეტიანი მთა დიდი ხნის წინ შევამჩნიეთ მთა შიხანიდან, რომელზეც მანგლისის მხრიდან ვიყავით ასულები. მაშინვე ვთქვით რომ ერთხელაც ერთ დღეს მისთვის გამოვყოფდით... 


 და დადგა ეს დღეც. ისევ მანგლისიდან, მთა შიხანის მხრიდან დავიძარით მთა ელიქარისკენ. რაც უფრო ახლოს მივდიოდით მით უფრო გვშორდებოდა თითქოს. გზად მესაქონლეთა ბინას წავაწყდით წინ რომ ტბის ოაზისი ჰქონდათ გაშენებული. მშვენიერი ადგილი იყო ზაფხულში საქონლის ამოსარეკად.

 მწყემსი კაცი შეგვხვდა... მისი ძაღლები ჩვენსკენ გამოენთნენ ყეფით, მაგრამ პატრონი გაუჯავრდა და სანამ ჩვენამდე მოვიდოდნენ აზრი შეიცვალეს, ყეფით გამოქცეულები ჩვენთან უკვე კუდის ქიცინით მოვიდნენ და ერთს ისე მოვეწონეთ სიხარულით და ლოკვით ზედ მახტებოდა... მწყემს კაცს გაუკვირდა " კარგი რამ კი ჩაგიდიათ გულში, ლამაზი მთაა ელიქარი, მაგრამ რა გულადები ხართ მასეთი, "ამშიერებული დათვის" რომ არ გეშინიათო... მხრები ავიჩეჩეთ, გულადები ვართ ან სულელებითქო , ადგილი მოვიწონეთ და გზა განვაგრძეთ...

  ცოტა ვიარეთ თუ ბევრი, ცხრა მთა გადავიარეთ თუ ცხრა ქედი, მივაღწეით მთა ელიქარის ძირსაც... ავჩოჩდით და აი. უკვე წვერზე დგახარ. გარშემო ხედავ ყველაფერს და რაც კიდეც უფრო მეტად სასიამოვნოა ცნობ ყველა მთას შენს გარშემო. ყველაზე ნამყოფი ხარ, ეს ბოლო იყო და აი, აქაც წვერზე დგახარ უკვე.
მთა ნამტვრიანი, ელი ქარი, შიხანი, აბულები, კლდეკარი, ზირთა, თეძამის ხეობა, ადრე რომ მეგობრებმა სახელი დავარქვით რკნოთან ერთ მთას " გაშებრუმ II " ეგეც კი ჩანს... შორს გვირგვინაც ხელისგულზეა, კავკასიონზე მყინვარსა და ჭაუხებს გამოარჩევ კარგ ამინდში, ობოლ კლდესაც ეპრანჭები... მოკლედ ჩანს ყველაფერი, ნაცნობიც და ბევრი უცნობიც...


 ბედნიერობ და ფიქრობ ახლა საით ჩაუყვე გზას...
უკან მანგლისისკენ? ამ ბილიკებზე ნამყოფი ვარ უკვე, მეორე მხარეს გოსტიბეს გავლით კასპისკენ? შორია და გზა მოსაწყენი მაგრამ ვინაიდან 5 საათია უკვე, დაგიღამდება, დაბნელებულზე კი ისევ ფართო და მოსაწყენ გზაზე არჩევ ადამიანი სიარულს...
  გოსტიბესკენ ვეშვებით ვიწრო ბილიკით, ლამაზ შერეულ ტყეში ბედნიერები და რომ გვგონია ხასიათს ვეღარაფერი გაგვიფუჭებს სწორედ მაგ დროს ზედ ბილიკზე წავაწყდით გაკაფულ ტყეს. სრულიად ჯანმრთელი ათწლოვანი ხეებია ახლად მოჭრილი, წასაღებად გამზადებულები...

 გარშემო ვიხედებით და ნელ-ნელა ვფხიზლდებით...მერეღა ვამჩნევთ ყველაფრის დამახინჯება როგორ ოსტატურად შეუძლია ადამიანს... გოსტიბეს მიდამოებისთვის კბილი კარგად გამოუკვრიათ ქვეყნის გამყიდველ ხისმჭრელებს. როგორ იცვლება ყველაფერი რომ იზრდები, ბავშობის ყველა ზღაპარში სუსტების დამცავ და მშველელად მოვლენილი ხის მჭრელი, ახლა თავად გადაიქცა ბუნების ყველაზე დიდ მტრად და მჩაგვრელ არამზადად. 
  ფოტოებს ვიღებთ ქალაქში ამბავი რომ ჩამოვიტანოთ და გზას ვადგებით ისევ... გოსტიბე ცარიელია... მხოლოდ სოფლის ბოლოში ერთი მოხუცი კაცი ძალიან ნელი, მოტეხილი, მძიმე ნაბიჯებით მიიწევს შინ. გოსტიბედან ახლად გამოსულები ვართ რომ წინ კურდღელი გადაგვირბენს... თითქოს ნიშნად რომ ხელი არ უნდა აიღო გარემოს დაცვაზე არასდროს. სევდა ბრაზში გადადის და მთელი დარჩენილი 15 კილომეტრი ხისმჭრელებზე ამ ბრაზს საწვავად ვიყენებ... 


 მზე ჩადიოდა სავახშმოდ მინდორზე რომ წამოვკოტრიალდით, ულამაზესი მზის ჩასვლა გვქონდა. უკანასნელი საკვების მარაგი ამოვწურეთ და კასპიკსენ გზას გავუყევით...


  ორი გადარეული გოგო, "ამშიერებულ დათვს " აცდენილი და ხისმჭრელთა სისაძაგლის მნახველი, საღამოს უცნობი სოფლის გზებზე მარტოსულად მოვაბიჯებთ... გარკვეული სევდისა და ბედნიერების ერთდროულად მატარებელი იყო ეგ კადრი...
მოკლედ... რაც უფრო მეტს ვივლით მით ურო მეტად გავიცნობთ ჩვენს პატარა ქვეყანას, მით უფრო მეტად ვამხელთ ქვეყნის გამყიდველებს და მით ურო მეტად აშკარა ფაქტებით ვისწავლით კარგისა და ცუდის, სასარგებლოსა და უსარგებლოს გარჩევას...  

ასე რომ ბევრ სიარულს გისურვებთ და ერთდღიანი ლამაზი მარშუტებისთვის ალგეთის ეროვნულ პარკს გირჩევთ... ამ ახლომდებარე დაუფასებელ სამოთხეს

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %