ფერფლით დაბადებული - პომპეი

დაძაბული წლის შემდეგ გადავწყვიტეთ ერთი-ორი ოცნების ადგილი გვენახა...

წინასწარი დაგეგმების გარეშე დავადექით გზას...

 

 

 

ისე მოხდა რომ ბევრი ვიარეთ თუ ცოტა თავი იტალიაში ამოვყავით.

ბავშობაში გეორგრაფიის ან ისტორიის გაკვეთილზე ერთხელ მაინც იქნებოდა, როდესაც გიფიქრით: აუცილებლად ნახავდით ადგილს, რომელზეც გესაუბრებოდნენ.. სწორედ ასე ვიყავი მეც. 

 

ყოველთვის ვიცოდი რომ არსებობს ადგილები, რომლებსაც აუცილებლად ვნახავდი ოდესმე. ერთ-ერთი პომპეი იყო. მახსოვს ისტორიის გაკვეთილზე, როგორ მიყვებოდნენ კაცობრიობის ისტორიაში ვულკანით გამოწვეული ყველაზე დიდი კატასტროფის შესახებ. შესვენებაზე როგორ გავიქეცი რუკაზე რომ მომეძებნა, მივედი, ვიპოვნე, თითი სამჯერ დავაბაკუნე ზედ და ჯადოსნური სიტყვები წარმოვთქვი: აუცილებლად გნახავ.

 

მაგის მერე რა არ მოხდა, რამდენმა ზამთარმა აღარ გადაიარა. და აი, წელს მე იტალიაში, ნეაპოლში ამოვყავი თავი. ნეაპოლიდან სულ რაღაც ოციოდე კილომეტრში კი პომპეი მდებარებს.... 

 

 

დარწმუნებული ვარ ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ ამ ადგილზე. თავის დროზე საოცარი ეკონომიკის მქონე ქალაქი რომელშიც სიცოცხლე ჩქებდა, ერთ დღეში გაანდაგურა „ურჩხულმა „ სახელად - ვეზუვი. ვულკანი ვეზუვი ნეაპოლიდანაც ჩანს, ყოველთვის უზარმაზარი და დიადი წარმომედგინა, ახლა კი როდესაც მის წინ ვიდექი ეს ერთი ჩვეულებრივი მთა აღმოჩნდა. ერთი შეხედვით არაფრით განსხვავებული იმათგან  მე რომ ასოცჯერ ვარ ამძვრალი ზედ...

 

 

ერთ პატარა მთა, 1280 მეტრი სიმაღლის, რომელიც დღემდე ყველაზე აგრესიული ვინმეა...დღემდე მოქმედი ვულკანის თავზე ახლა მოწმენდილი ცა იდგა. საშიშ, გამანადგურებელ მხეცზე მეტად კეთილ, გულღია მასპინძელს მოგაგონებდათ. მისკენ მიმავალს გზაში იმაზე მეფიქრებოდა რომ ხანდახან ყველა უბედურება ერთად დაგატყდება თავს. ვგულისხმობ რომ ვეზუვი ბოლოს 1944 წელს ამოიფრქვა. მეორე მსოფილიო ომს იტალიელებისთვის საკუთარი მხეცის გაღვიძებაც დაერთო.

 

 

 

რაც შეეხება პომპეის, იმაზე მეტად გასაოცარი აღმოჩნდა ვიდრე ვიმედოვნებდი. ნეაპოლიდან რკინიგზით მივედით. ბილეთი 3.5 ევროს შეადგენდა და გზად მუმივად ვეზუვის ხედებით ვტკბებოდით. გირჩევთ რაც შეუძლება ადრიანად გაეშუროთ დილას რომ შემდეგ კილომეტრიან რიგებში არ მოგიწიოთ დგომა....

 

მუზეუმის შესასვლელთან პრომო გოგოებს შეამჩნევთ, აუცილებლად ისე იზამენ რომ შეამჩნიოთ, ისინი შემოგთავაზებენ ვეზუვის სალაშქრო ტურს, ადამიანი 10 ევრო ღირს და მანქანით აყავხართ ვეზუვის წვერზე საიდანაც შიგ ჩახედვას მოახერხებთ, ამ ეტაპზე თქვენდა სასიკეთოთ ქვა-ღორღის მეტს ვერაფერს დაინახავთ მაგრამ იქიდან შეგიძლიათ ფეხით დაეშვათ, და ნეაპოლის ყურის სილამაზით დატკბეთ ან ისევ მანქანას გამოყვეთ უკან. ჩვენ დროის არ ქონის გამო სხვა დროისთვის მოგვიწია გადადება მაგრამ ვინაიდან ნეაპოლი ჩემი ქალაქი გახდა დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთხელ მომეცემა შანსი ვეზუვის გულს თვალი შევავლო.

 

 

უშუალოდ მუზეუმის ფასი 11 ევროა 25 წელს ზევით ადამიანებისთვის, ხოლო თუ 25 წლამდე ხართ სულ რაღაც 6 ევრო. ჩვენ გაგვიმართლა, სეზონის პირველი კვირა იყო. ამ დროს საერთაშორისო მუზეუმები უფასოა იტალიაში. მათ შორის პომპეიც.

 

მუზეუმთან არაერთი სასადილო ობიექტია მაგრამ უთქმელად მიხვდებით ალბათ ფასები რამდენადაა გაბერილია. შესაბამისად გირჩევთ ჩვენსავით სახლიდან ჩანთით წაიღოთ ხილი და სენდვიჩები, სადმე პომპეიში სეირნობისას მყუდრო ადგილას, რომელიმე ვიწრო ქუჩაზე, ამფითეატრის საფეხურზე ანდაც ვენახის შესასვლელთან  ჩამოსხვდეთ და იქ ისადილოთ. ასე უამრავი ტურისტი აკეთებს. ამაზე სასიამოვნო სადილს ალბათ ვერავინ შემოგთავაზებთ.

 

 

პომპეის რამდენიმე ძირითადი ქუჩა აქვს. რუკებს ადგილზე მიიღებთ და თავად გადაწყვეტთ, პირველი რის ნახვას ინდომებთ.

 

პომპეი პატარა მაგრამ ძალიან მდიდარი ქალაქი იყო. მშვენიერი ჰავით. ნეაპოლის ყურე აძლევდა მას საშვალებას განევითარებინა ვაჭრობა და სწორედ ამ ქალაქიდან გადიოდა ღვინო და ზეთი. როგორც ყველა რომაულ ქალაქში აქაც იყო აბანოები, თეატრები, გლადიატორთა არენა და საროსკიპოები...ფრესკები არაერთგზის გვიამბობენ მათ „ცნობადობაზე“ ქალაქში.

 

 

პირადად ჩემზე საოცარი გავლენა მოახდინა პომპეის აბანომ. წარმოვიდგინე 2000 წლის წინ როგორ შემოდიოდნენ  ტოგაში გამოწყობილი მამაკაცები ამ აბანოებში და ცხელი აბაზანების მიღებით ნასიამოვნები თან რომის საოცარ პოლიტიკას გეგმავდნენ...

 

 

აღფრთოვანებაში მომიყვანა შენობების ფერთა გამამ, კედლების საოცარი არქიტექტურა და ფერთა შეხამება ნამდვილად მოგხიბლავთ. საცხოვრებელ შენობათა იატაკები უმეტესად მოზაიკითაა მოპირკეთებული. დღემდე საოცარ სილამაზეს და სინაზეს ანიჭებს არემარეს, სიმდიდრის ხაზგასმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. 

 

 

 უზარმაზარი მოედნები, სვეტებით აღმართული, ვეზუვის ხედებს გაჰყურებს.

 

 

მაკედონელის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული მოზაიკის ფრესკა. ალბათ ცხოვრებაში მილიონჯერ მაქვს ამ ფრესკის ფოტო ნანახი და აი ახლა, პომპეის მზის ქვეშ ვდგავარ და საკუთარი თვალით ვუყურებ ამ მოზაიკას, საუცხოოდ შესრულებული, ვცდილობ წარმოვიდგონო მთლიანი სურათი, ადამიანები მოედნიდან შემოდიან მცირე  ბაღში და ბაღიდან კი აქ, ვეზუვის ხედების ქვეშ ალექსანდრეს მოზაიკაზე დააბიჯებდნენ და არ იცოდნენ, რაოდენ ძვირფასი გახდებოდა კაცობრიობისთვის ყველაფერი რაც მათ გარშემო ცოცხლობდა.

 

 

პომპეის ამფითეატრი, უზარმაზარი შენობა, რომელიც საოცრად შეუნახავს ფერფლს...იმდენად რომ დაჯერებაც კი გიჭირს ადამიანს, ნამდვილად იმ დროინდელია თუ არა... ესაა ადგილი, სადაც გასულ საუკუნეში 1972 წელს, პინკ ფლოიდს გაუმართავს კონცერტი...საოცარი სანახავი იქნებოდა ამ კოლიზეუმში მათი მოსმენა...

 

 

უზარმაზარი მამრის ქანდაკება პომპეის შესასვლელშივე...რომელიც გეტყვით რომ წარმოდგენა არ მაქვს დღემდე ვინაა, მაგრამ ვარაუდობ რომ რომელიმე ადგილობრივი ღმერთი. დგას და მთელს პომპეის თავზე გადაჰყურებს...ვუყურებდი და ვფიქრობდი რა საოცარი სანახავი იქნებოდა კონკრეტულად იმ დროს, ვეზუვის ამოფრთქვევუსას მისი სილუეტი, ფერფლს, კვამლსა და ცეცხლში გახვეული....

 

 

აქვე პატარა მუზეუმია სადაც პომპეიში ნაპოვნო ცხედრების სილუეტები დგას. მათ უმრავლესობა ნამდვილის ასლია თუმცა ნამდვილებსაც წააწყდებით. შტრიხკოდით დანომრილ თავის ქალებს...ტკივილისა და შიშისგან მოკვანტულ ცხოველებსა თუ ადამიანებს...

 

 

ვუყურებდი და ამის მიუხედავად გააზრება მიჭირდა რა საშინელება დაატყდათ თავს. დიდი ალბათობით, ქვათა წვიმისა და ამოფრქვეული ფერფლის გამო იქამდე გაცილებით ადრე დაიხოცნენ ვიდრე ფერფლი და ლავა მათ სხეულებს საბოლოოდ დაფარავდა თუმცა მათი სხეულის ფორმები თითქოს საპირისპიროში გვამტკიცებს და გვეუბნება რომ ისინი საშინელი, გრძელი, მწველი სიკვდილით დაიხოცნენ...თავიანთი გარდაცვალებით კი ჩვენამდე მოიტანეს ცოცხალი, ხელშესახები ისტორია.

 

 

 და ბოლოს, ქუჩები, პომპეის წვრილი ქუჩები რომლის ბოლოშც ვაზის ვენახებია ახლა გაშენებული...

 

 

ღვინო რომ პომპეიში სათანადო ადგილს იჭერდა ამაზე იქ ნაპოვნი ღვინის ჭურჭლის რაოდენობაც მეტყველებს...

 

 

იმედი მაქვს ოდნავ მაინც გაგიღრმავეთ სურვილი და გიბიძგეთ თქვენი თვალით ნახოთ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები 2000 წლის წინ, როგორი საოცარი არქიტექტურის და ფერთა გამის აღქმა გააჩნდათ... მით უფრო რომ ახლა უკვე პირდაპირი რეისი გვაქვს ქუთაისი-ნეაპოლის მიმართულებით. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ძალიან იაფად ესტუმროთ იტალიის ყველაზე იტალიურ ქალაქსა და მოინახულოთ პომპეი. ცოცხალი ისტორია.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %