დასავლეთ ფლანდრიის პროვინციის დედაქალაქი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ ბელგიურად, ფრანგულად, გერმანულად, ჰოლანდიურად და ფლამანდიურადაც ლაპარაკობენ. რასაკვირველია, ინგლისურადაც - ბრიუგე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა.
ქალაქი ცნობილია შოკოლადით, უგემრიელესი ვაფლით, ლუდით, აქაური მაქმანით... ქუჩებში უამრავი შოკოლადის მაღაზიაა, საიდანაც მადის აღმძვრელი სურნელი გამოდის.
ქალაქის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის.
ბრიუგე ისტორიულ წყაროებში 1116 წლიდან მოიხსენიება. მისი ლამაზი, ფერად-ფერადი შენობების ძველი არქიტექტურა კარგადაა შემონახული. ვიზიტორების რაოდენობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც 1900 წლებიდან მდიდარმა ინგლისელმა და ფრანგმა ტურისტებმა გადაწყვიტეს, რომ მათი საყვარელი დასასვენებელი ადგილი უნდა გამხდარიყო. დღეს ბრიუგეში უამრავ ტურისტს შეხვდები მსოფლიოს ყველა კუთხიდან.
რა უნდა ვაკეთოთ ბრიუგეში გარდა ღირსშესანიშნაობების თვალიერებისა?
საფეხმავლო ტური: აიღეთ რომელიმე ტურ-ოპერატორის მიერ შემოთავაზებული საფეხმავლო ტური და გიდის მეშვეობით გაეცანით ქალაქის ისტორიას და მის საინტერესო ადგილებს...
ნავით გასეირნება: ტყუილად კი არ ეძახიან ჩრდილოეთის ვენეციას. შეგიძლია იქირაო გონდოლა და 35-წუთიანი კრუიზი მოიწყო (სტანდარტული ტური). ხედები განსაკუთრებით მშვენიერია, როცა ნავში ზიხარ და არსად მიგეჩქარება.
გაეინჯო ადგილობრივი გემრიელობები :აქაური ვაფლი ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ ტკბილეულადაა აღიარებული (სცადეთ შოკოლადით და მარწყვით). არ დაგავიწყდეთ შოკოლადის გასინჯვაც, ის ლამის ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყიდება.
უბრალოდ, გაისეირნე: ახალგაზრდებში განსაკუთრებით პოპულარული გასართობი - ქუჩიდან ქუჩაზე, ბარიდან ბარში და კაფიდან კაფეში, ერთი საინტერესო ადგილიდან მეორეში... ბრიუგეში ყველა იპოვის "საკუთარ" ქუჩას, აქ ხომ ყველას საკუთარი ისტორია აქვს და ყველა შენობა რაღაცას გვიყვება. მშვენიერი შენობები, შოკოლადის პატარა მაღაზიები, კაფეები და პაბები - დრო ისე შეუმჩნევლად გავა ვერც კი მიხვდებით, რომ უკვე რამოდენიმე საათია ბრიუგეს ვიწრო ქუჩებში დაბოდიალობთ.