მოგზაურობა სომხეთში/ ერევანი

როცა საქმე საზღვარგარეთ მოგზაურობას ეხება, რატომღაც ძირითადად შორეულ ქვეყნებში მოგზაურობაზე გვეფიქრება, ამის ერთ-ერთი არსებითი მიზეზი ალბათ ის არის, რომ მოგზაურობისას ყველას გვსურს ყოველდღიური რუტინიდან თავის დაღწევა, ჩვენი კომფორტის ზონიდან გასვლა და ახალ სივრცეში მოხვედრა. თუმცა სომხეთში მოგზაურობამ მიმახვედრა, რომ ამ სურვილების განსახორციელებლად სულაც არ არის საჭირო, მაინცდამაინც შორეული ქვეყნის ავიაბილეთები ვსერჩოთ, საქართველოს სამეზობლოშიც გვაქვს საინტერესო, დაბალბიუჯეტური და დასამახსოვრებელი ადგილები.

 

რომ არა სამსახურებრივი საქმე, ალბათ მეც არ ვიფიქრებდი ერევანში მოგზაურობაზე, მაგრამ საბოლოოდ მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა, გამეცნო სომხეთი და ჩემი დასკვნები გამეკეთა სხვადასხვა ასპექტით.

 

 

პირველ რიგში, გეტყვით, რომ ერევანში მოსახვედრად პირადი ტრანსპორტის გარდა ყველაზე მოსახერხებელი მინივენით მგზავრობაა. მეტრო ავლაბართან ყოველდღიურად გადიან მინივენები ერევნის მიმართულებით და ფასიც საკმაოდ ხელსაყრელია. გზას (საზღვარზე პასპორტკონტროლის გავლის ჩათვლით) სულ 5 საათი სჭირდება, თუმცა ეს არ ჰგავს თბილისიდან ბათუმამდე გასავლელ 5-საათიან გზას, რადგან ერევნისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთულია, მიხვეულ-მოხვეული აღმართები მგზავრობას ართულებს. ერევნამდე აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია ცნობილი სევანის ტბა, რომელიც კავკასიაში უდიდესია და რომლითაც ასე ამაყობს სომეხი ერი. ეს სწორედ ის ტბაა, რომელსაც ალექსანდრე ჭავჭავაძემ ლექსი მიუძღვნა (გოგჩა). უზარმაზარი ლურჯი ტბა თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. თუ ნისლიანი ამინდი არ დაგემთხვათ, მაშინ კარგი ფოტოაპარატით და კარგი გადამღებით ულამაზესი ფოტოები დაგრჩებათ სევანის ტბიდან. თუმცა ნისლიც ძალიან უხდება ტბას და თავისებულ ელფერს სძენს იქაურობას. მიმდებარე ტერიტორიაზე კი კურორტია გაშენებული და საშუალო და მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის სევანი ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს.

 

დამღლელი მგზავრობის შემდეგ ერევანში ჩასვლა დიდი შვება იყო, თუმცა იქაურ ავტოგასამართ სადგურზე გავჩერდით თუარა თავი დიდუბის/ ოკრიბის სადგურზე მეგონა იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში ტაქსისტები რუსულად და სომხურად მთავაზობდნენ დანიშნულების ადგილამდე მიყვანას. პირველ დღეს ცენტრალურ ნაწილში არ მომიწია დარჩენა, ამიტომ ერევნის გაცნობა მეორე დღეს გამოძინებულზე გადავწყვიტე. ერევანი თბილისზე დაახლოებით სამჯერ პატარაა ფართობით, ამიტომ ქალაქის დასათვალიერებლად 2 დღეც საკმარისია, თან თუ კარგი ორიენტაციის უნარი გაქვთ შეიძლება google map-ის დახმარება ერთხელ დაგჭირდეთ და მერე უკვე თქვენითაც გაიკვლევთ გზას, ჩემს შემთხვევაში კი იმდენად ,,დავუმუღამე“ ერევანს, რომ მესამე დღეს მე თვითონ ვუთითებდი ჩემს სომეხ მეგობარს საით უნდა წავსულიყავით კონკრეტულ ადგილამდე მისასვლელად. (:

 

 

პირველი ცნობილი ადგილი რესპუბლიკის მოედანია, რომელიც გარშემორტყმულია სამინისტროებით, გალერეა-მუზეუმით, სასტუმროებით. სწორედ ამიტომ რესპუბლიკის მოედანი ერთ-ერთი გადატვირთული ადგილია, თუმცა მისი ფართობიდან გამომდინარე საცობის პრობლემა თითქმის არ არის.

 

 

ერევნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი ,,კასკადია“, რომელიც წარმოადგენს უზარმაზარი კიბეების კომპლექსს. კიბეებს შორის სივრცეც იმხელაა, რომ კასკადი ე.წ სართულებად იყოფა და თუ მაინცდამაინც კარდიოვარჯიშის მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ, ესკალატორი გამოიყენოთ. ე.წ სართულებზე სხვადასხვა სახის ქანდაკება და შადრევანია, კასკადზევეა გაშენებული ხელოვნების გალერეა. პირადად ჩემთვის კასკადის წინ არსებული სივრცე/სკვერი უფრო საინტერესო აღმოჩნდა. კარგ ამინდში უბრალოდ განტვირთვის გარდა შეგიძლიათ, აქ განთავსებული სახალისო ქანდაკებების თვალიერებითაც გაერთოთ.

 

 

ერევნის ყველაზე თანამედროვე ნაწილი უდაოდ ,,ჩრდილოეთის გამზირია“, რომელიც არქიტექტურულადაც და შოპინგის მხრივადაც ევროპული სტილით არის მოწყობილი. ჩრდილოეთის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდებით რესტორნებს და სხვადასხვა სახის კვებით დაწესებულებას, თუმცა თუ გინდათ, რომ სომხურ ნაციონალურ კერძებს გაუსინჯოთ გემო გირჩევთ, იქაც ძალიან პოპულარულ საშაურმეებს გვერდი აუაროთ და ეწვიოთ ცნობილ რესტორნებს. ჩემი ფავორიტი ,,Vostan Tsirani”-ია, სადაც უგემრიელეს კერძებთან ერთად ინტერიერით, ცოცხალი მუსიკით და მომსახურებით ისიამოვნებთ. თუ დრო გაქვთ ეწვიეთ ბაზარსაც, სადაც სომხური ნუგბარის უდიდესი ასორტიმენტი დაგხვდებათ და ოპტიმალურ ფასში იყიდით გემრიელ ჩირებს. გირჩევთ, გასინჯოთ სომხური დელიკატესი სუძუხი და ბასტურმა. ეს დელიკატესები საქართველოშიც შეგხვდებათ, თუმცა მე პირადად ძალიან იაშვიათად შემიმჩნევია ჰიპერმარკეტებში, ამიტომ გამოიყენეთ ერევანში ყოფნის დრო და გემო გაუსინჯეთ ნამდვილ სუძუხ-ბასტურმას.

 

 

ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის პუშკინის ქუჩა ჩასანიშნი ადგილია. სწორედ აქ მდებარეობს პაბები, ბარები და ყველა ის ადგილი,სადაც მეგობრებთან ერთად სასიამოვნო მუსიკის ფონზე გააარებთ დროს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთ ბარში სომხური როკ მუსიკა ჩემთვის აღმოჩენა იყო. რატომღაც ამ ენის და მუსიკის ამ ჟანრის ერთობლიობა ვერ წარმომედგინა, თუმცა live-ში პირველად მოსმენილმა სასიამოვნოდ გამაოცა.

 

ბოლოსკენ კი მოგზაურობა რა მოგზაურობაა თუ სახლში თუნდაც მინიმალისტური სუვენირებით არ დაბრუნდი, ამისათვის კი ერევანში საუკეთესო გზაა ეწვიოთ ,,ვერნისაჟს“. მე ამ ადგილს სომხურ ,,წითელ ხიდს“ დავარქმევდი, სადაც შეგეძლებათ შეიძინოთ ყველაფერი მაცივრის მაგნიტებიდან დაწყებული ხელნაკეთი ნივთებით დამთავრებული. ცენტრალურ ქუჩებზე სუვენირის მაღაზიებთან შედარებით აქ ბევრად მეტი არჩევანია და ბევრად ეკონომიურადაც გამოხვალთ, მითუმეტეს თუ ჩემსავით რუსულის პრაქტიკისთვის ადგილობრივ ვაჭრებს მოუყვებით, რომ საქართველოდან ხართ და იქვე რამდენიმე სომხურ სიტყვასაც ჩააკვეხებთ ჩათვალეთ, სასურველი ნივთის ფასი მალე ჩამოვა სასურველ რიცხვამდე.

 

 

ერევანში კიდევ ბევრი საინტერესო ადგილია: მუზეუმები, გალერეები, აუცილებლად სანახავი „გენოციდის მუზეუმი“, კონიაკის მოყვარულთათვის ,,არარატის“ კონიაკის ქარხანა, რეკრეაციული პარკები და სხვა .. ამიტომ თუ კვირის ბოლოს ქვეყნიდან გასვლა, რაიმე ახლის ნახვა და განტვირთვა გსურთ ერევანი თავისი საინტერესო ადგილებით, თბილი ადამიანებით და გემრიელი კერძებით კარგი გადაწყვეტილებაა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
22 %