სტამბოლი - ქალაქი, სადაც აუცილებლად დავბრუნდები

თურქეთი ყველაზე მეტად ორჰან ფამუქის რომანებს ჰგავს...ან ფამუქის რომანები ჰგავს თურქეთს...


ან უბრალოდ - ფამუქი ძალიან ნიჭიერია (რასაც წყალი არ გაუვა) და დაგვაჯერა, რომ სტამბოლი ზუსტად ისეთივე რომანტიულია, როგორც მის რომანებში.



საოცარია, მაგრამ ის, რაც ყველაზე მეტად სტამბოლიდან დამამახსოვრდა არის არა ღირშესანიშნაობები, არამედ კატები და ყვავილების მაღაზიები, ხალხის სახეები ქუჩებში, მარილიანი ზღვის სურნელი ჰაერში და აზიური მზე, რომელიც მთელს ქალაქს უხვად ჩუქნის სხივებს, თუმცა ვერც ვერაფერს ვერ ათბობს.



პირველად და ბოლოჯერ სტამბოლი დაახლოებით რვა წლის წინ ვნახე. შემოდგომის ჩვეულებრივი დღე იდგა და ჩემი იქ ჩასვლის მიზანი სამწუხაროდ ქალაქის დათვარიელება არ იყო.



მატყუარა არ ვარ, ამიტომ გეტყვით, რომ ფამუქი კი ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ მისი ჯერ არაფერი არ წამეკითხა. მაშინ ქალაქში ჩემი ჩასვლის მისია არა ტურისტული, არამედ ათათურქის აეროპორტიდან სულ სხვა ქვეყანაში , სხვა მიზნით გაფრენა იყო. ამიტომ ვერ მოვასწარი სრულად შემეგრძნო ის სული, რასაც სტამბოლში მოგზაურები აღწერენ, თუმცა დამრჩა ის მიზიდულობა, რომელიც ყოველთვის უკან აბრუნებს ყველა მოგზაურს, ვინც ამ ქალაქში ერთხელ მაინც ყოფილა.



ამაღელვებელი - ეს ის სიტყვაა, რომელიც ბოსფორზე მდებარე ქალაქს ზუსტად შეეფერება.



სტამბოლის ერთხელ ნახვისას მიღებული შთაბეჭდილებები სამუდამოდ გრძელდება და ის ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი ქალაქია, რომელიც აქამდე მინახავს.თუმცა სტამბოლი ჩემთვის სიყვარულის დედაქალაქი ვერაა- ისტორიული ქარტეხილების და ძველი იმპერიების დიდების ნაშთი უფროა, ვიდრე რომანტიული თავგადასავლების ლოკაცია.

 

თუ თქვენ გეგმავთ მოგზაურობას სტამბოლში, მაშინ სწორ ლინკზე შემოხვედით. ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ თუ რა შეგიძლიათ ნახოთ თურქეთის უდიდეს ქალაქში ერთ დღეში.



სტამბოლი არის ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, სანამ ცოცხალი ხართ.  მეგაპოლისის ყოველდღიური მაჯისცემის შესახებ წერა და საუბარი ძალიან რთულია, რადგან თანამედროვე ტურიზმი მხოლოდ ემოციებზეა დაფუძნებული. თურქეთში მიღებული ემოციების სიტყვებით გადმოცემა კი ყველაზე კარგად ისევ ადგილობრივს- ფამუქს გამოსდის.

 

სტამბოლი  უნიკალურია და განსხვავდება ნებისმიერი სხვა ქალაქისგან. ის ორი სამყაროს შეჯახებაა - აქ ევროპა და აზია ხვდება ერთმანეთს და ქმნის დახვეწილ ნაზავს ორი კულტურისას.  საინტერესოა, რომ სტამბოლი მსოფლიოში ერთადერთი მეგაპოლისია, რომელიც მოიცავს ორ კონტინენტს. ეს თურქული ქალაქი ორ ნაწილად არის გაყოფილი-არსებობს ორი მხარე, ორი კონტინენტი, ორი კულტურა. ეს წინააღმდეგობა სტამბოლს ერთ – ერთ ყველაზე დამაინტრიგებელ ქალაქად აქცევს.



ჩემი და თურქეთის მეგაპოლისის შეხვედრა რიჟრაჟისას მოხდა. ავტობუსი ქალაქში დილის ბინდბუნდში შესრიალდა. მაგისტრალზე დიდი, ევრაზიული მზე ამოგორდა, ბოსფორის სრუტეში წყალი ააციმციმა და ქალაქს ოქროსავით გადაეღვარა.



სტამბოლში ბევრ ღირსშესანიშნაობამდე მისვლა ფეხით საკმაოდ მარტივია. ჩემი ტური, გამომდინარე იქედან რომ ქუთაისიდან სტამბოლამდე ავტობუსით ჩავედი, არატურისტულ რაიონში დაიწყო. მალევე საერთაშორისო- სხეულის ენის გამოყენებით ტაქსი დავიჭირეთ და სულთანჰმეტის რაიონში აღმოვჩნდით. აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ამბავი, რომ საშუალო სტატისტიკური თურქები, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლები უცხო ენებთან მწყრალად არიან, ამიტომ ორიოდე სიტყვა თურქულადაც მოიმარაგეთ ან გუგლის სათარგმნი აპლიკაცია გამოიყენეთ.



 ჩვენი ტაქსი სულთანაჰმეტის რაიონში გაჩერდა და თვალწინ აია სოფიას გრანდიოზული გუმბათი ამოიზარდა.

 

აია სოფია სამართლიანად იყო ოდესღაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ქრისტიანული ეკლესია, შემდეგ ის მეჩეთი გახდა, ახლა კი მუზეუმია და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობაა და ერთ – ერთი აუცილებლად სანახავი ადგილი სტამბოლში.

რადგან აია სოფია სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციაა, შესასვლელში (განსაკუთრებით აქტიურ ტურისტულ სეზონზე) შეიძლება ლოდინი მოგიწიოთ, ან ხალხის დიდი რაოდენობის გამო ისეთი ფოტოები ვერ გადაიღოთ, ცნობილი მოგზაურების ინსტაგრამის გვერდზე რომ გინახავთ. მაგრამ იმედები ნუ გაგიცრუვდებათ- ეს ადგილი ყველაფრად ღირს.

 

დამატებითი ინფორმაცია აია სოფიას მონახულების შესახებ: დაახლოებით რვა წლის წინ შესვლა დაჯდა- 60 თურქული ლირა

ადგილმდებარეობა: სულთანაჰმეტის რაიონი

როგორ მივიდეთ: ტაქსი, ტრამვაი.

მეორე და მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც თურქეთის ორდღიანი ტურის დროს ვნახე აია სოფიასთან ახლოს მდებარეობს.




უდიდესი და უდავოდ ყველაზე შთამბეჭდავი მეჩეთი მთელს სტამბოლში: ცისფერი მეჩეთი უნიკალურია თავისი ექვსი მინარით.

 

ჩვენ, როგორც სტუმრები, უფასოდ შეგვიშვეს მეჩეთში - ოღონდ ლოცვის დროს. მეჩეთში შესვლის დროს აუცილებელია მთელი რიგი სარწმუნოებრივი დეტალების გათვალისწინება- ფეხსაცმელის კართან დატოვება, თმის საბურავით დაფარვა, შესაფერისი ტანისამოსით შესვლა და სიჩუმის დაცვა.

 

ინფორმაცია ცისფერ მეჩეთის მონახულების შესახებ:

შესვლა: უფასო

ადგილმდებარეობა: აია სოფიას მახლობლად

როგორ მივიდეთ: ტრამვაი, ტაქსი.



ორი მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ლოკაციის მონახულების მერე სტამბოლის ქუჩებში უთავბოლოდ ხეტიალი გადავწყვიტეთ. რადგან აეროპორტში მისვლამდე კიდევ რამდენიმე საათი გვქონდა, შეგვეძლო ადგილობრივი ტკბილეული დაგვეგემოვნებინა ან ტანსაცმლის მაღაზიებში ტრადიციული სამოსი შეგვეძინა.



არჩევანი სამზარეულოზე შეჩერდა. 



რა გახსენდებათ პირველად როდესაც სიტყვა ,,თურქული სამზარეულო'' გესმით? წელგამოყვანილ ჭიქაში  ჩასხმული , მოზომილი, თურქი ქალის თვალებივით შავი , ოხშივარადენილი ჩაი დამახასიათებელი გემოთი და სურნელით, ცხიმში აცურებული ტკბილეული და კერძები, რომლებსაც ვერაფრით ვერ მოინელებთ თუ ისევ და ისევ ტრადიციულ სასმელს - შავ ჩაის არ დააყოლებთ. 




აუცილებლად გასასინჯი კერძებიდან თევზის სენდვიჩს გამოვარჩევდი, რომელიც ზუსტად ისეთივე პოპულარული ქუჩის საჭმელია იქ, როგორც ჩვენთან ჩამოსული სტუმრებისათვის ჩვენი იმერული ხაჭაპური.



გაჭრილ პურში ჩადებული თევზის ფილე ხახვითა და მწვანილებით ყველაზე კარგად ინახავს თურქეთის მეგაპოლისის სურნელს. თოლიების გამყინავ ხმასაც ყველაზე უკეთ უხდება. 



სანამ თვალდახუჭული თევზის სენდვიჩს ვკბეჩდი და თურქეთში ჩემი მოგზაურობის მომავალ გეგმებს ვადგენდი ( სამწუხაროდ მას შემდეგ რვა წელი გავიდა და გეგმები გეგმებადვე დარჩა), აეროპორტში წასვლის დრო მოვიდა. ჩვენ ისევ საერთაშორისო, სხეულის ენის გამოყენებით დავიჭირეთ თურქული ტაქსი, ულვაშებიანი, აზიური მზით გარუჯული ტაქსის მძღოლით. ბუზღუნ-ბუზღუნით მივედით აეროპორტში და მოლდოვამდე გამფრენი რეისის მოლოდინში დღის მანძილზე მიღებული შთაბეჭდილებების დახარისხება დავიწყეთ.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %