turebi.ge მომხმარებლის გვერდი

რკონი - მთა ზირთა

ამ ზამთარს რკონში ყოფნისას (იხ. წინა პოსტი) მთა ზირთამ მოგვხიბლა. მაშინ დიდი თოვლით იყო დაფარული და სურვილადღა შევითქვით: გაზაფხულზე მისთვის აუცილებლად დავრუნდებოდით.
ასვლა ზირთაზე იმაზე მშვენიერი იყო ვიდრე წარმომედგინა. 
რკონიდან დავიწყეთ. გადავკვეთეთ ჩემი საყვარელი თამარის ხიდი და კლდეკარისკენ ბილიკს დავადექით. თეძამის გადაკვეთა მოგვიწია რამდენჯერმე.რკონიწყალი მუხლს არ აცდენილა, თუმცა მთიდან ჩამოტანილმა სიგრილემ სისხლი გაგვიყინა ძარღვებში. ხმელეთზე ასულს ისეთი განცდა გაქვს, რომ მუხლს ქვემოთ ლავა გადაგასხეს, მაგრამ გამყინავი ლავა. თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთი და მერე სითბო ისევ გეპარება. სახალისო იყო, მდინარის გადალახვა ყოველთვის გაცოცხლებს და  გახალისებს ^^ 

თეძამის გადაკვეთის შემდეგ გავიარეთ ადგილები, სადაც ადრე სოფლები იყო. აღარც ნასახლარია და აღარც რამე ნიშანწყალი აქ ადამიანების თანაცხოვრებისა გარდა ერთისა: ხეხილი: ვაშლი, მსხალი, ტყემალი... ყველაფერი გაყვავილებული, ისე როგორც ჩვენს ეზოებში. მაგრამ უსახლოდ, უადამიანოდ. აქაურობა სამოთხეს გავდა, მაგრამ მაინც რაღაც უცნაურად სევდიანი განწყობა დამეუფლა. ასე იქნება ყველაფერი თუ ჩვენ გავქრებით? ლამაზი მაგრამ სევდიანი უკანასკნელთათვის?... ფილმის სიუჟეტები გამახსენდა. მიდიხარ სიჩუმეში იქ სადაც ადრე სიცოცხლე ჩქეფდა. ბავშვები დარბოდნენ, ძაღლები ყეფის გარეშე არ გაგატარებდნენ... ახლა კი ჩანთა აკიდებულები, ლამის მწკრივში ჩუმად მივაბიჯებთ. უკანაკსნელი ადამიანებივით  საკუთარ წარსულზე, მიტოვებულ საფლავებთან, მიტოვებულ ხეხილთან. მიტოვებულ სიცოცხლესთან... იცით, მხოლოდ გზა, მისასვლელი გზა სჭირდება აქაურობას რომ ხალხი ისევ ჩამოსახლდეს. აგარაკები მაინც ჰქონდეთ. ზაფხულობით მაინც ისევ შემოვიდეს სიცოცხლე ხეობაში.  მაგრამ არა... გზა არ არის... აქამდე გზა არ არის.
ჩვენ კი ამ ადგილიდან მალევე  კომფორტული საბანაკე ვიპოვნეთ. კარვები მიწას დავაჭედეთ. ფრიზბის ხელი დავავლეთ და იქაურობა ავახმაურეთ.რკონი, თეძამის ხეობაშემდეგ იყო კოცონი, ისტორიები, ახალი ამბების გაცვლა-გამოცვლა და გატრუნვა შემდეგი დღის მოლოდინში.

შემდეგი დღე დამღლელი რომ იქნებოდა ზუსტად ვიცოდი, მაგრამ დამღლელზე მეტად მშვენიერი გამოდგა. დილით ჩანთები ხეებზე შემოვკიდეთ (დაუპატიჟებელი მღრღნელი სტუმრებისგან რომ დაგვეცვა თავი) შოკოლადებით შევმარაგდით და დაუსრულებელ აღმართს დავადექით.ლაშქრობა რკონშიზირთა 2250 მეტრია. გზაში ვხუმრობდით, რომ უნივერსიტეტის სახელმწიფო გადასახადივით მთაათქო. 
გზად ერთი მთის შემოვლა დაგვჭირდა. სრულებით კლდოვანი ფერდი ჰქონდა.ლაშქრობა მთა ზირთაზე, რკონიგვეგონა მთელი დღე გზად წყალი არ შეგვხვდებოდა, მაგრამ სწორედ ამ კლდოვან ნაწილთან შევხვდით კლდიდან გადმოხეთქილ წყაროს. ცხელოდა და ტყეში დახუთულობა იგრძნობოდა. მით უფრო რომ საათებია აღმართს კეცავ. ეს წყარო მაცოცხლებლად მოგვევლინა. ცივი, ანკარა და გემრიელი. ყველა გამოვცოცხლდით, მარაგი შევავსეთ და გზა გავაგრძელეთ. რკონი, rkoniსულ მალე გზად ბილიკთან ახლოს ჩანჩქერსაც გადავაწყდით. არც ისე დიდს, თუმცა საკმაოდ ლამაზს. ამ ჩანჩქერმა ჩვენი გასვლა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა ^^ rkoniგზად ნასოფლარს გადავაწყდით. არ ვიცი რა ერქვა ადრე ამ ადგილს, მაგრამ მთაზე ციხე დგას ამ სოფლის დასაცავად. აქ უკვე ხეხილთან ერთად ნასახლარსაც იოლად გამოარჩევდით. ნეტავ რკონში მაინც იციან ამ ადგილზე? ვეკითხებოდი საკუთარ თავს. მხოლოდ ათეულებს თუ გაუგიათ და ერთეულები თუ ყოფილან ალბათ.... სამწუხაროდ.რკონი
ამ ადგილს გავცდით და სულ მალე იალაღებს მივაღწევდით რომ ღრუბლები დაგვეწივნენ. შეიკრიბნენ, მოიღუშნენ და გაბრაზებულებმა დაგვცხეს. იქვე ნაძვნარს შევაფარეთ თავი. თითქოს მხოლოდ ათი წუთი, მაგრამ გამყინავი ათი წუთი ნაძვებს შეფარებულები ვიდექით. გალუმპულები და ქარიც... არ გვინდობდა, შემდეგ ცოტა ჩადგა. ქარმა თავის საქმე პირნათლად შეასრულა და ჩვენი გაყინვის გარდა თან ღრუბლებიც "გადარეკა". წვერზე ასულები ვიყავით მზეც რომ დაგვეწია, გამოანათა. გაგვათბო და ხედებით ტკბობის უფლება მოგვცა. შემდეგ ქედზე ვირბინეთ, ვიხტუნავეთ, წავიხემსეთ და უკან დავეშვით. მთა ზირთა, რკონიჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ კადრებში ეგ ამბავი შედის. ჩვენი სირბილი ქედებზე. უჩანთოთ კალიებივით წინ და უკან დახტიხარ ან თავქუდმოგლეჯილი გარბიხარ. სადღაც სამყაროს თავსახურზე....
შემდეგ იყო დაშვება. იმ დღესვე რკონში ჩამოსვლა იყო გეგმაში, შესაბამისად " მოკლე გზები" ავირჩიეთ. ვიარეთ ტყეში, სადაც ალბათ საუკუნეა ადამიანს ფეხი არ დაედგა. და ეს ულამაზესი იყო. ხელუხლებელი ტყე. ველური. ისეთი როგორიც უნდა იყოს. თავისთავზე მებატონე. საკუთარი წესრიგით, ჩვენგან ხელჩაურევლად.რკონიშოკოლადებმა 2250 მეტრის აწევა / დაკარგვას ვერ უშველა. ჩანთებთან მიღწეულს ისე მშიოდა, ვიცინოდი ცოტაც და კბილს მეგობრებს გავკრავთთქო.
მოკლედ ჩანთებთან ვშანთქე ყველაფერი, რაც კი მომეპოვებოდა. ჯიბეში ორი პეჩენიაღა ჩავიგდე. ჩანთა ზურგს მივიწებე და გზას დავადექით. 
 ამასობაში მზე მიიკარგა. ბინდდებოდა. დილის თავსხმა წვიმასაც არ ჩაუვლია უშედეგოდ. მდინარე ადიდებული დაგვხვდა და იქ სადაც ადრე მშრალად გადმოვედით, ახლა გადასვლა უკვე ჭირდა. ვინაიდან რკონამდე გვიანობამდე ვერ ჩავაღწევდით, სიბნელეში ფარნების ამარა კი მდინარეში სველ ქვებზე ხტუნვა გონივრული არ იქნებოდა, პირველივე " მდინარის დაბრკოლებასთან " მოვითათბირეთ და ფეხი დასასველებლად გავიმეტეთ. ამიტომაა კარგი, ლაშქრობაში შენი მანქანით მოძრაობა. რკონში ყველას გველოდებოდა " გამოსაცვლელი" , არც არავის გვიდარდია ღამით ცივ მდინარეში გატოპვა.
თეძამის მთავარი ნაწილი გვანაღვლებდა მხოლოდ. ადრე თუ მუხლამდე მოგვწვდა ახლა იქნებ წელამდეც არ მოერიდოსთქო. მაგრამ კარგი ისაა, როდესაც კარგი გუნდი გყავს. ჩავმწკრივდით და მდინარე ერთად გადავკვეთეთ. მთლად წელამდე ვერ მოგვწვდა თეძამი, თუმცა არც დიდად დააკლდა... ამჯერად ფეხზე არ გვქონდა გახდილი და ქვებზე იოლად მივაბიჯებდით. ეგ ერთი/ათად აიოლებს მდინარის გადაკვეთას. ბათინკის დასველების ხარჯზე. შემდეგ იყო ისევ ნაცნობი ბილიკი.რკონი, თეძამის ხეობაფარნების შუქზე სიარული. ულამაზესი კადრია ტყეში მდინარის პირას რომ მიდიხარ, უკან კი ფარანანთებული შენი ხალხი მოგყვება. საოცარი სიმშვიდით ავსებული, ლამაზი კადრია. 
და რკონამდეც ჩავაღწიეთ. ჩვენი ნაყინივით დელიკა დავინახეთ. და მე ჯიბიდან ჩემი ორი პეჩენია ამოვაძვრინე. მერე მეგობარმა ფორთოხალიც დაგვირიგა და ჩვენს ნეტარებაში, მთელი დღის ნასიარულები მოვითენთეთ. შინისკენ გზაში აღარც მახსოვს რაზე საუბრობდნენ. მახსოვს მხოლოდ რომ ვეუბნებოდი საკუთარ თავს: 
 - რაღაც მომენტში ცხოვრებაში განცდა გაქვს, რომ ამ ქვეყნად ბევრი რამ გინახავს. მაგრამ შემდეგ, ოდნავ გადაუხვევ ნაცნობ გზებსა თუ ბილიკებს და მიხვდები, რომ ეს ქვეყანა ყველა მოსახვევსა თუ ხეობაში  ინახავს რაღაცას, რითიც გაგაოცებს. მიგახვედრებს " შენ მას არ იცნობ, საკუთარ ქვეყანას არ იცნობ.  ჯერ კიდეც არ იცი რა გენიალურია"...

საკუთარი ქვეყნის გაცნობას გისურვებთ მეგობრებო... 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
26 %
გააჩნია მიმართულებას
32 %