Vol.3 მოგზაურობა პრაღაში - ებრაელების კვარტალი

VOL.1 მოგზაურობა პრაღაში - დაუვიწყარი 4 დღე.

VOL.2 მოგზაურობა პრაღაში - დაუვიწყარი 4 დღე.

 


დღე მეოთხე - ებრაელების კვარტალი

 

პრაღის ძველი ქალაქის მოედნიდან ხელმარჯვნივ ებრაელების უბანი იწყება. ჩვენ მანდ თავდაპირველად შაბათს მივედით და, რათქმაუნდა, ყველაფერი დახურული დაგვხვდა. ამიტომაც ამ უბნის დათვალიერება გადავწყვიტეთ ბოლო დღეს. ებრაელების უბანი (Židovské Město) ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა ევროპაში, აქ ებრაელები შუასაუკუნებამდეც კი ცხოვრობდნენ და იმდროინდელი სასაფლაოც კი არის შემორჩენილი. ბევრი ომის, დევნის და უბედურების მიუხედავად, მოსახლეობამ მაინც შეძლო სინაგოგების შენობების შენარჩუნება და აღდგენა.

 

 

მაგალითად Staronová synagoga (ძველახალი სინაგოგა) მეცამეტე საუკუნეს არის აშენებული და ერთ-ერთ ყველაზე პირველ სინაგოგად ითვლება ევროპაში. თურმე ზუსტად ამ სინაგოგასთან არის დაკავშირებული გოლემის ისტორია, რომელიც თიხისგან შექმნეს, ჩაბერეს სული და მისი ერთადერთი მისია იყო - ებრაელები მტრებისგან დაეცვა. მისიის შესრულების შემდეგ, გოლემი დამალეს ამ სინაგოგის სხვენში. თუმცა მას ახლა ადვილად იპოვით სუვენირების მაღაზიებში, ზოგიერთ „გოლემს“ ებრაულად აწერია „რწმენა“ და ის ოჯახებში სიკეთის, სიმშვიდის და ბედნიერების მომტანია, მაგრამ თუკი გოლების წარწერის პირველი ასო წაიშლება - გამოვა სიტყვა „სიკვდილი“. ჩვენ, რათქმაუნდა, ვიყიდეთ ეს სუვენირი და ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ მას.

 


მეორე სინაგოგა, რომელზედაც ცალკე ყურადღება მინდა გავამახვილო ეს მე-16 საუკუნეში აშენებული Pinkasova synagoga, რომელიც ახლა მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. შენობაში შესვლისას ყურადღებას იპყრობს კედლები - ზედ რაღაც წარწერებია, სახელები გვარები, და როცა დაფიქრდები და დააკვირდები ეს მთელი ოჯახების, დიდებიან პატარებიანად - მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ან დაკარგული ებრაელების სახელები და გვარებია. ორივე სართულზე ყველა კედელზე ხელით (!!!) ჩამოწერილია რამდენიმე ათეული ათასი ებრაელის სახელი.

 

 

ამას ემატება საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფი ბავშვების ნახატები, რომელიც ძირითადად მშვიდობის და თავისუფლების თემატიკაზეა და აქვე გამოფენილია იმდროინდელი ადამიანების ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩემოდნები (სხვადასხვა წარწერებით). ამის შემყურე ლაპარაკის უნარი გეკარება, გეტირება და გრძნობ კიდევაც იმ ბავშვების და ხალხის ტკივილს. 

 


სინაგოგიდან გამოსვლისთანავე ხვდები სასაფლაოზე, რომელიც ასევე ერთ-ერთი უძველესია ევროპაში (Starý židovský hřbitov). ეს სასაფლაო სადღაც მე-15 საუკუნისაა, და იძახიან რომ ყველაზე ძველი საფლავის ქვაზე აღნიშნულია 1439 წელი. როგორც გავიგეთ ებრაელებს არ ჰქონდა სასაფლაოს გაფართოების შესაძლებლობა, ამიტომაც ისინი იძულებულები იყვნენ ვერტიკალურად, ფენებად დაესაფლავებინათ გარდაცვლილები. ამბობენ, რომ აქ 10-ზე მეტი ფენაა და 100 ათასზე მეტი გარდაცვლილი. საფლავის ქვაზე დახატული ცხოველი ან ფრინველი ნიშნავდა ადამიანის გვარში შესაბამისი სიტყვის არსებობას. ქვაზე სხვადასხვა ნივთის აღნიშვნა (სიტყვაზე მაკრატელი) აღნიშნავდა მის პროფესიას. 


ებრაელების კვარტალი საკმაოდ დათრგუნულმა დავტოვე, სულ მეფიქრებოდა იმ კედლებზე, იმ ჩემოდანზე, და იმ საფლავების 10 ფენაზე.

 

 

პრაღამ გამახსენა ავსტრია და სლოვაკეთი (ნუ რათქმაუნდა), თუმცა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშნებიც ჰქონდა. თითქოს დიდი ქალაქია და ამავდროულად პატარა, მყუდრო, საშენო, მშვიდი ხალხით და გემრიელი სამზარეულოთი. 


ჩვენი მოგზაურობა დასრულდა იქ საიდანაც დაიწყო. ჩვენ მეოთხე დღის მიწურულს აღმოვჩნდით ისევ ვაცლავის მოედანზე, საიდანაც პირდაპირ იგივე მარშრუტით გავეშურეთ აეროპორტისკენ. საკმაოდ ბევრ საინტერესო ადგილი ვნახეთ, თუმცა ძალიან ბევრის დათვალიერება ვერ მოვასწარით და ამისთვის პრაღაში აუცილებლად დავბრუნდები.

 

 

წინა ორი ნაწილის ნახვა:

VOL.1 მოგზაურობა პრაღაში - დაუვიწყარი 4 დღე.

VOL.2 მოგზაურობა პრაღაში - დაუვიწყარი 4 დღე.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %