turebi.ge მომხმარებლის გვერდი

მტირალას ეროვნული პარკი/ წაბლნარის ბილიკი

თუ ზაფხულის ცხელ დღეებში აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის პეიჟაზებით ტკბობა და რუჯის მიღება შენი საყვარელი, მაგრამ ცოტათი მოსაბეზრებელი რუტინაა, შეგიძლია თავისუფალი დრო ,,ახალი“ აჭარის აღმოჩენას დაუთმო.

 

 

პირადად ჩემთვის აჭარა ბევრი წლის განმავლობაში მხოლოდ ზღვაზე დასვენებასთან, ბათუმის ბულვარში სეირნობასთან და დილამდე გართობასთან ასოცირდებოდა, მაგრამ წელს ჩემი N რაოდენობის ლაშქრობის გამო ტენდენცია შევცვალე და მიხარია, რომ აჭარის სხვა კუთხით გაცნობის შესაძლებლობა მომეცა.

 

გარდა იმისა, რომ აჭარა საქართველოს მთავარი საზღვაო საკურორტო რეგიონია, ეკო ტურიზმის განვითარებისთვისაც დიდი პოტენციალი აქვს, რაზეც ჯერ მხოლოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ ქვეყანაში არსებული 12 ეროვნული პარკიდან 3 აჭარაში მდებარეობს. შეზღუდული დროის გამო წელს მხოლოდ მტირალას ეროვნული პარკის მონახულება მოვასწარი, მაგრამ ესეც საკმარისი იყო იმ მოტივაციისთვის, რომ შემდგომში ზღვაზე დასვენება მხოლოდ ზღვით და ქალაქში გართობით არ შემოიფარგლოს.

 

 

თუ საკუთარი ტრანსპორტით მოძრაობთ თავისთავად მარტივად მიაგნებთ სოფ. ჩაქვიდან პარკამდე მისასვლელ გზას, მაგრამ მანქანის გარეშეც არ არის რთული დანიშნულების ადგილამდე მისვლა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უშუალოდ ჩაქვისთავამდე, საიდანაც იწყება საფეხმავლო ბილიკი, მხოლოდ პარასკეობით და ორშაბათობით მოძრაობს, ამიტომ თუ თქვენ სხვა დღეს გადაწყვიტეთ მტირალას პარკში წასვლა, მაშინ შეგიძლიათ, სადგურიდან სამარშრუტო ტაქსებს გაყვეთ სოფელ ჩაქვამდე. აქედან კი ტაქსით მოგიწევთ ასვლა, რადგან ჩაქვისთავამდე 15 კილომეტრია. თუ ადგილობრივებს შეევაჭრებით 30-35 ლარად პარკამდე აგიყვანენ, დაგელოდებიან და ჩამოგიყვანენ. ჩაქვისთავშივე მდებარეობს ვიზიტორთა ცენტრი, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ საგამოფენო დარბაზი, აქვე შეგიძლიათ იქირაოთ სალაშქრო აღჭურვილობა ან აიყვანოთ გიდი, თუმცა პარკში მარკირებული ბილიკებია, ამიტომ თქვენითაც მიაგნებთ მთავარ ლოკაციებს. ეროვნულ პარკში ორი სატურისტო ბილიკია: წაბლნარის და ცივწყაროს. თუ ერთი დღე გაქვთ დაგეგმილი მტირალასთვის, მაშინ ჩემსავით წაბლნარის ბილიკს უნდა გაუყვეთ, რაც ჯამში დაახლოებით 7 კმ. სავალ გზას გულისხმობს.

 

 

წაბლნარის ბილიკზე მოსახვედრად მდინარის თავზე გადებული მექანიკური საბაგიროთი უნდა გადახვიდეთ, რომლისთვისაც ჯიბეში ლარიანი უნდა გეგდოთ და ამასთანავე ძალაც უნდა გერჩოდეთ, რათა საბაგიროს ,,საჭე“ დაატრიალოთ და თქვენივე ძალებით აღმოჩნდეთ მდინარის მეორე მხარეს. წაბლნარის ბილიკზე ორი მთავარი სანახაობაა: წაბლნარის ჩანჩქერი და მდინარე/ ტბა.

 

მტირალას ეროვნული პარკი უდაოდ საქართველოს ბუნების ერთ-ერთი საგანძურია. აქ იმდენად მრვალფეროვანი ფლორაა, რომ თუ დაინტერესებული ხართ ბოტანიკით ან ჰერბარიუმით ხართ გატაცებული ეს ადგილი თქვენთვის აღმოჩენა იქნება. მართალია, გზად ბევრი უცნობი ხე და მცენარე შემხვდა, მაგრამ ჩემით მაინც მოვახერხე იმის დადგენა, რომ აქ წაბლნარი და წიფლნარი ჭარბობს. საინფორმაციო პოსტერებიდან კი ამოვიკითხე, რომ მტირალას ეროვნულ პარკში მრავლად არის წარმოდგენილი აჭარა-ლაზეთის ენდემური და ,,წითელ ნუსხაში “ შესული სახეობები.

 

 

თუ გზად ყურადღებით იქნებით და მარკირებულ ნიშნებს მიყვებით, ბილიკიდან ჩანჩქერამდე მისასვლელად დაახლოებით 25 წუთი დაგჭირდებათ, მაგრამ თუ იქაური ბუნება ჩემსავით გაგიფანტავთ გონებას და მსგავს ნიშნებს ვერ შეამჩნევთ თქვენივე ინტუიციით მაინც მიაღწევთ ჩანჩქერამდე ოღონდ შედარებით რთული გზით (ლაშქრობის მოყვარულთათვის  ეს სირთულეც სასიამოვნო იქნება). თავად ჩანჩქერი ბზასა და სუროშია (მცენარე) ჩაფლული და კიდევ უფრო ალამაზებს იქაურობას. ჩანჩქერთანვე მოწყობილია საკემპინგე ადგილები, ამიტომ შესაბამისი აღჭურვილობის ქონის შემთხვევაში შეგიძლიათ ბუნების წიაღში ღამის გათევითაც ისიამოვნოთ.

 

 

ჩანჩქერიდან სულ რაღაც 10 წუთის სავალზეა ტბა. რეალურად ამ ადგილას მდინარე ჩამოედინება, მაგრამ კლდეებს შორის მომდინარე წყალი მორევს ქმნის და ისეა  დაგუბებული, რომ ტბის იმიტაცია იქმნება. სწორედ ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ სურვილის შემთხვევაში იცურაოთ კიდეც. ამ ადგილის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი საპიკნიკე ადგილია, რომელიც სპეციალურად ვიზიტორებისთვის არის მოწყობილი თავისი მაგიდა-სკამებით და კოცონის დასანთები ადგილით.

 

ჯამში წაბლნარის ბილიკზე ეს ორი მთავარი ლოკაციაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქაურობა გაძლევთ ,,ფრთების  გაშლის“ შესაძლებლობას, ამიტომ იხეტიალეთ, დატკბით სიმწანით და მრავალფეროვანი ფლორით. მტირალას პარკი თქვენს საზღაო დასვენების რუტინას ნამდვილად შეცვლის.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
37 %
ევროპაში
31 %
აზიაში
4 %
თურქეთში
3 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
4 %
სახლში
12 %