turebi.ge მომხმარებლის გვერდი

მოგზაურობა შრი ლანკაზე - სამოთხის კუნძულზე!

ავიაკომპანია Fly Dubai - ს რეისი უკვე ასრულებდა თითქმის 5 საათიან ფრენას დუბაიდან კოლომბოს მიმართულებით, ადგილობრივი დროით დილის 4:00 იყო, ილუმინატორებიდან გარიჟრაჟი ჩანდა. სადღაც შორს, ქვიშიან სანაპიროს ინდოეთის ოკეანის ტალღები ხვდებოდა, ნაპირს კი მთელს სიგრძეზე მიუყვებოდა მწვანე პალმების ზოლი. ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა შორეულ ტროპიკულ მხარეში და მოუთმენლად ველოდი, თუ როდის დაიწყებდა ლაინერი დაშვებას.

 


კუნძული შრი ლანკა, იგივე ცეილონი. სუსხიანი ზამთრისგან დაღლილი ადამინისათვის ეს ადგილი არის შველა და ბედნიერება. აეროპორტშივე გვხდება წარწერა : “Welcome to our paradise island” და უკვე გრძნობ, რომ წინ არაჩვეულებრივი დღეები გელის. საუკეთესო სეზონი აქ ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით არის - მე მარტის თვეში ვიმოგზაურე. ავიაბილეთი დაახლოებით 500 დოლარამდეა, თუმცა აქაც შეგიძლიათ სხვადასხვა პრომო-ტარიფებს ჩაუსაფრდეთ. ტურისტულ ვიზას ადგილზევე აიღებთ სულ რაღაც 35 დოლარად. პირველი, რაც აეროპორტის ტერმინალიდან გამოსულ ტურისტს დახვდება - ეს არის საოცრად ნოტიო ტროპიკული ჰაერი. ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს გახურებულ საუნაში მოხვდი და სუნთქვას ვეღარ შეძლებ. მაგრამ რამდენიმე წუთში ეჩვევი და ეს დისკომფირტი სადღაც ქრება. შრი ლანკაზე ტემპერატურაც საკმაოდ მაღალია - დილის 6 საათზე ალბათ უკვე 30 გრადუსი იქნებოდა, ამიტომაც ძალიან თბილად შემოსილიც ნუ გამოხვალთ აეროპორტიდან  :) კოლომბოდან ტურისტები სხვადასხვა ოკეანისპირა კურორტებზე მიემგზავრებიან - მე გეზი მქონდა ადგილისკენ სახელად ჰიკადუვა (Hikkaduwa). ტერმინალთან უამრავი ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი, მოპედი და ტუკ-ტუკი აყენია, ყველა გთავაზობს დახმარებას, ჩანთის წაღებას, სასტუმრომდე მიყვანას. აქ მთავარია არ დაიბნეთ და თავი მოაჩვენოთ, თითქოს ფასებში ძალიან კარგად ერკვევით. უნდა შეევაჭროთ - ეს პროცესი უყვართ. ყველაზე კომფორტული ალბათ მინივენის ქირაობაა, მე წინ ორსაათიანი გზა მელოდა ამიტომაც სწორედ ასე მოვიქეცი. ამგვარი მომსახურება 40 დოლარამდე დაგიჯდებათ, მაგრამ თუ იპოვით თქვენი მარშრუტით მიმავალ ტურისტებს და თანხას გაიყოფთ, კარგი ეკონომია გამოგივათ.

 

 

მაშ ასე, ჰიკადუვა - კუძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე კურორტი. ეს არის სერფერების თავშეყრის, დიდი ტალღების და ღამის ცხოვრების ეპიცენტრი. ადგილის მთავარი ღირსშესანიშნაობა კი რა თქმა უნდა, ოკეანე და სანაპირო ზოლია. ქვიშა აქ ოქროსფერია, ნაპირი ძალიან ფართო და ტალღები - უბრალოდ უზარმაზარი. ზოგჯერ მათი სიმალე 2-3 მეტრსაც აღწევს, ამიტომაც თუ თქვენ მშვიდ წყალში ნებივრობის მოყვარული ხართ, იცოდეთ რომ აქ ეს ნაკლებად გამოგივათ. (საამისოდ არსებობს სხვა სანაპიროები, მაგ: ბენტოტა) ჰიკადუვაში ჩამოდიან დიდ ტალღებზე მონადირე გარუჯული სერფერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, აქ გახსნილია სერფინგის უამრავი სკოლა, სადაც ახალბედებსაც შეუძლიათ გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები. და თუ თქვენ უბრალოდ პლიაჟზე წოლის და მზის აბაზანების მიღების ხასიათზე ხართ, მაშინ ნაპირისკენ მომავალი ტალღების ყურებაც კი ძალიან დიდ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ - მე პირადად მთელი დღე არ მბეზრდებოდა თვალ-ყურის დევნება.


All-inclusive ტიპის დიდი რეზორტები - ეს აქაური სტილი არაა. უფრო მეტად შეხვდებით პატარა ზომის სასტუმროებსა და „გესთჰაუსებს“. ჩემი სასტუმრო სულ 4 ნომრისგან შედგებოდა, ოთახები ძალიან სუფთა და ნათელი, კონდიციონერი, wi-fi, საკუთარი აბაზანა და პატარა აივანი, ყოველდღიური დალაგების სერვისი, პლიაჟამდე დაახლოებით 5 წუთი ფეხით. ორადგილიანი ნომრის ფასი ერთ ღამეში 28 დოლარი - ძალიან იაფია. არ გაგიკვირდეთ თუ თქვენი ოთახის კედელზე პატარა ხვლიკს დაინახავთ, ხვლიკები აქ ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა , როგოც ჩვენთან კატა ან ძაღლი - თქვენ ხომ ტროპიკებში ხართ. რაც მთავარია, ისინი სრულიად არ არინ საშიშები - ამიტომაც სანერვიულო არაფერია.

 

 

ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან ღარიბია, მაგრამ ამავდროულად, უმრავლესობა საკმაოდ უდარდელად ცხოვრობს - ბანაობენ ოკეანეში, ჭამენ ხილს, ეწევიან მარიხუანას და ეს მათთვის სრულიად საკმარისია. ყველა მეგობრულად გექცევა, უყვართ გამოლაპარაკება და შენი ამბების გამოკითხვა.

 


შრი ლანკაზე ყოფნისას აუცილებლად უნდა გაიკატაოთ ტუკ-ტუკით და ადგილობრივი რკინიგზით: ტუკ-ტუკი სათამაშო ტრანსპორტს უფრო მოგაგონებთ, მაგრამ აქ იგი გადადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, ფერადები და სხვადასხვანაირად გაფორმებულები, აუცილებლად საკუთარი მუსიკალური რეპერტუარით. მგზავრობა ძალიან სახალისოა და კაპიკები ღირს. რაც შეეხება რკინიგზას, იგი კუნძულის მთელ სიგრძეზე არის გაყვანილი, ძველებური ღია ვაგონები, შინგით დამონტაჟებული არანაკლებ ძველებური ვენტილატორებით (თუმცა დიდად ვერ აგრილებს იქაურობას  :)). რკინიგზით ვიმგზავრე კუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქ გალემდე. ეს ქალაქი ევროპელი კოლონიზატორების (პორტუგალია, ჰოლანდია) გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ამიტომაც ქუჩებში სეირნობისას ხშირად შეხგვდებათ კათოლიკური ეკლესიები და ევროპული სტილის პატარა შენობები, შესაძლოა ხანდახან დაგავიწყდეთ რომ შრი ლანკაზე ხართ და თავი პორტუგალიის რომელიმე ქალაქში გეგონოთ.

 


დავბრუნდეთ ჰიკადუვაში - მოსაღამოვდება თუ არა, ყველა ოკეანისპირა კურორტის მსგავსად, აქაც იწყება ფუსფუსი: რესტორნებს გამოაქვთ მაგიდები სანაპიროსთან, გთავაზობენ ახლადდაჭერილი ზღვის პროდუქტების უდიდეს ასორტიმენტს გრილზე, ადგილობრივი სამზარეულო - რა თქმა უნდა, ცნობილი Rice & Curry, არის ბევრი იტალიური რესტორანი, ყველაფერი ძალიან იაფი და გემრიელია. ქუჩებში ყოველ ნაბიჟზე ტროპიკული ხილით დატვირთული დახლები შეგხდებათ - პარატა ზომის ბანანები, წითელი ბანანი, მანგო, მარაკუია, პაპაია, ქოქოსი, ლიჩი. საღამოს 10 საათიდან კი ყველა მხრიდან ისმის შეძახილები - “party tonight” , “ free cocktails”, სანაპიროზე უამრავი ბარია - მუსიკა, ცეკვა, სასმელი, სხვადასხვა კონკურსები - მოკლედ „გულავი“ გვიანობამდე გრძელდება, ასე რომ აქ ნამდვილად ვერ მოიწყენთ.

 


ოკეანისპირა დასვენების გარდა, შრი ლანკაზე სხვა აქტივობებსაც მოძებნით - ამისთვის თქვენ უნდა გადაინაცვლოთ კუნძულის შუაგულში - აქ გექნებათ საშუალება მოინახულოთ ცნობილი ჩაის პლანტაციები და შეხვდეთ განთიადს კუნძულის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე - Adam’s Peak (2243 მ.). ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ მთაზე დადგა პირველად ფეხი ადამმა, როდესაც დედამიწაზე ჩამოვიდა. მთაზე მსვლელობა ღამით იწყება, იმისათვის რომ თქვენ მოასწროთ მზის ამოსვლის ყურება მწვერვალიდან. მგონი ღირს ერთი ღამის გადათენება ამ სილამაზედ  :)

 


ერთი სიტყვით, თუ თქვენ მოგბეზრდებათ ზამთრის ნაცრისფერი დღეები, შრი ლანკა არის ბიუჯეტური ტროპიკული დასვენების შესანიშნავი ვარიანტი. ასე რომ, არ დაგენანოთ და აჩუქეთ საკუთარ თავს ეს მოგზაურობა - ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ადამიანმა უნდა ნახოს ოკეანე  :)


თბილისში დავბრუნდი 10 დღის შემდეგ, დასვენებული, გარუჯული და ბედნიერი  

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
27 %
გააჩნია მიმართულებას
32 %