მაღალ მთაზე - " მთა მაღალზე"

სულ მეწუწუნებიან მეგობრები დრო არაა, რანაირად ვიაროთ მთაშიო...ხოდა აგერ ამ სეზონისთვის ზედგამოჭრილ ერდღიან გასვლაზე დავიწყე ტლიკინი.  ეგეც არ იყოს და :  

- ჰა, აბა, მაღალ მთებზე სიარული გინდათ? - მაშინ გარდაუვლად, „ მთა მაღალი“ - დან უნდა დაიწყოთ...

 

 

ეს სახელის გამო რომ ვიხუმროთ, ისე კი  მთა სახელად „ მაღალი“ ,  2420 მეტრის სიმაღლის,  დუშეთის რაიონში მდებარეობს...

 

გუდაურისკენ მიმავალ გზიდანვე ჩანს.  მის გვერდითაა ხმალაც (2141), ლაღის მთაც (2602), გომეწარიც (2100)...ყოველთვის, როდესაც ამ გზაზე ჩავივლიდით ამ მთებს ვუყურებდით და ნერწყვებს ვყლაპავდით.

 

 

მისადგომად იოლი მთაა, მაგრამ რამდენიმე რჩევას  მაინც მოგცემთ. ანანურს გაცდებით თუ არა, ასე 15 კილომეტრში არის სოფელი ჭართალი. ჭართალთან ხიდია, რომელიც არაგვს იქით გადაგიყვანთ სოფელ დოლასქედისკენ...

 

 

დოლისქედიდან სოფელ ვაშლობამდე მიდის გზა. ძალიან პატარა და ლამაზი სოფლებია. ამ სეზონზე ზღმარტლით, კომშითა და კუნელით სავსე...ნამდვილი სამოთხე. გზა ქვიანია...რამდენჯერმე არც თუ ისე მცირე მდინარის გადალახვაც გიწევთ. დაბალი მანქანით წასვლას არ გირჩევდით. თუ ფეხით გადაწყვიტოთ ამ გზის გავლა გეტყვით რომ დოლისქედიდან ვაშლობამდე  5 კილომეტრია.  უშუალოდ ვაშლობიდან კი იწყება გზა მთა მაღალისკენ.

 

უშუალოდ მთის წვერიდან საოცარი ხედები გადაგეშლებათ წინ, როგორც მყინვარსა და ჭაუხებზე ასევე ანანურზე, მთა ხმალაზე, ჟინვალის წყალსაცავზე, ალევის მხარესაც მოავლებთ თვალს და უკან კი ისევ დუშეთს, ბარისახოს მიდამოებს შეგიძლიათ გადახედოთ. იოლად გამოარჩევთ დათვისჯვრის უღელტეხილსაც...

 

 

გზა არც მოსაწყენია და არც განსაკუთრებულად დამღლელი. უბრალოდ მუდმივი აღმართია მთის წვერამდე.

 

 

მივდიოდით ნელი ნაბიჯით, გზად ქიშმიშსა და კაკალს ვკვნეტდით. ენერგიასაც გვაძლევდა, შიმშილსაც გვიქრობდა და არც გვამძიმებდა...ჩვენ ორი დღით წავედით და ბანაკი იქვე, მაღალი მთის წვერთან დავიდეთ. მზის ჩასვლისას ულამაზესი ხედები იშლებოდა, ფერადი ცა მთის სილუეტებს ეხურა. მყინვარს ვუყურებდი. ჯერ ბოლომდე არ დაბნელებულიყო მაგრამ მის გარშემო უკვე ვარსკვლავები კიაფოდნენ. მყინვარის გვერდით ჯიმარაც ჩანდა...რთულად გამოარჩევდით მაგრამ საყვარელ მთებს იოლად ვიმახსოვრებთ...

 

 

ორი დღე გავატარეთ მაღალ მთაზე, თუმცა ვფიქრობ ადრიანად დაწყებულზე, თან თუ ვაშლობამდე მანქანით მიხვალთ ერთდღეშიც იოლად ჩასატევი მარშუტია. ლამაზი და ისეთი აღმართზე მუხლს რომ კარგად გაივარჯიშებთ ^_^

 

ვიფიქრეთ მთა სალაღოსაც ვესტუმროთო, მაგრამ უკვე საღამოვდებოდა და გადავიფიქრეთ. შემდეგი შაბათ -კვირაც ჩვენიათქო - თავს შევპირდით.  

 

ჩვენ ისევ ვაშლობში დავბრუნდით რადგან მანქანით ვიყავით, თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო რომ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული მეორე ვარიანტიც, პირადად მე ვგეგმავ კიდევ ერთხელ ახლა უკვე უმანქანოდ წავიდე ორი დღიანი გასვლა გავაკეთო და ამჯერად მეორე მხარეს ჩავიდე, კერძოდ კი სოფელ ხორხისკენ. შემდეგ კი გუდარეხით ან ისევ ანანურით დავბრუნდე უკან.  დარწმუნებული ვარ ეს ვარიანტიც ძალიან საინტერესო და სახალისო იქნება ...

 

 

მოკლედ, ნუ დაიწყებთ დროის არ ქონის გამო წუწუნს. მოინდომეთ, დაგეგმეთ და ერთდღიან ყველაზე გემრიელ მარშუტებზე იარეთ...გაინიავეთ ნერვები, გაისუფთავეთ ფილტვები, გაავარჯიშეთ მუხლი. ყველა რესურსი ამოწურვადია მაგრამ ადამიანი ერთხელ ცხოვრობ...ჩემის მხრივ  ვეცდები ბევრი ინფორმაცია მოგაწოდოთ...

 

გთხოვთ კომენტარებში მომწეროთ ნებისმიერი კითხვა, ამ თუ სხვა, ჩემს მიერ გათქმულ მაშრუტებზე...

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %