რა ვნახოთ ქუთაისში ?

მე როგორც მოგზაურობის მოყვარულს ქუთაისის აეროპორტისკენაც ხშირად მქონია გეზი და თბილისიდან მომავალს ეს ერთადერთი გზა იყო,რაც ქუთაისთან მაკავშირებდა. სწორედ ყველაზე უღიმღამო გამზირის-ჭავჭავაძის გამზირის გავლა იყო მიზეზი, რომ ქალაქის დანარჩენ ნაწილზეც არასწორი წარმოდგენა შემექმნა. ჩემდა სასიხარულოდ, წელს ნამდვილი ქუთაისის გაცნობის საშუალებაც მომეცა. რაც მთავარია, ქალაქში მარტო მომიწია ყოფნა და ამან კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა მომცა, სრულიად უცხო ქალაქში მოგზაურისთვის დამახასიათებელი ბოდიალის სურვილი დამეკმაყოფილებინა.

 

 

პირველივე დღეს ახალი ქალაქის ნახვის სურვილმა სძლია წვიმიან ამინდს და როგორც ყოველთვის გათიშული ინტერნეტით და ჩართული ინტუიციით ცენტრისკენ გავეშურე. ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის მოედანზე პირველივე, რაც თვალში მოგხვდებათ ულამაზესი ორნამენტებით გაწყობილი ფანტანია. სხვადასხვა ცხოველის ოქროსფერი ფიგურები შადრევანთან ერთად ულამაზეს კომპოზიციას ქმნიან. ამ მოედანზევე შეხვდებით ქუთაისის თეატრს და ოპერის თეატრს. აქვეა ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი და ქუთაისში ალბათ ყველაზე ცნობილი რეკრეაციული ზონა ცენტრალური ბაღი ,,ბულვარი“. ცნობილი ქუთაისელი მოღვაწეების ძეგლებით გალამაზებული, გამწვანებული ტერიტორია თავისი შადრევნებით რელაქსაციის კარგი საშუალებაა გადატვირთულ ქალაქში. ბაღის გავლის შემდეგ აღმოჩნდებით ,,თეთრ ხიდზე“, რომელიც რიონზეა გაშენებული და  შუშის საფეხმავლო ხიდს წარმოადგენს. გარდა ლამაზი ხედებისა, ხიდიდან ძველ ქუთაისსა და თანამედროვე ქუთაისის ნაწილს შორის კონტრასტსაც შეამჩნევთ. ხიდთან რამდენიმე კაფეა, საიდანაც ქალაქის ხედებით დატკბობაც შეგეძლებათ.

 

 

სიმწვანის მოყვარულებს არ უნდა გამოგრჩეთ ბოტანიკური ბაღი, რომელიც არამარტო ქუთაისის, არამედ საქართველოს მწვანე საფარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

წვიმიანი საღამოსთვის საკმაოდ ბევრის ნახვა მოვასწარი და ქუთაისის ეშხიც შევიგრძენი, ამიტომ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობის- ბაგრატის ტაძრის მონახულება შემდეგი დღისთვის გადავდე. ბაგრატის ნახვის გარეშე ქუთაისიდან წამოსვლა ჩემთვისაც კი შეცდომა იქნებოდა. ქალაქის ცენტრიდან ბაგრატამდე ფეხით დაახლოებით 25 წუთის გზაა, რაც ბევრად უფრო კომფორტულიცაა, რადგან მანქანით ასვლის შემთხვევაში ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული გზის გავლა მოგიწევთ. ტაძრის არქიტექტურულ და მხატვრულ ღირებულებებზე მე დიდად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ის, რომ 11 საუკუნის წინანდელი ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი თვალსაჩინო შედევრია ჩემთვისაც ნათელი გახდა. ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან კი ყველაზე კარგად იშლება ქუთაისის ხედები.

 

 

ქუთაისი ბევრ საინტრესო ადგილს გვთავაზობს საღამოს წასახებსებლად და ჭიქა ღვინის დასალევად, თუმცა ჩემთვის ფავორიტი ღვინის ბარი ,,საფერეა“. გალაკტიონის ქუჩაზე აუცილებლად შენიშნავთ საბჭოთა კავშირის დროინდელ მოსკვიჩს, რომელიც ,,საფერეს“ ექსტერიერის მთავარი ატრიბუტია. ბარის ინტერიერი კი სიმყუდროვის შეგრძნებას დაგიტოვებთ. აქ ექსტერიერ-ინტერიერის გარდა მთავარი საქართველოს სხვადასხვა კუთხის უნიკალური ყურძნის ჯიშებისგან ოჯახურად დამზადებული ღვინის ფართო არჩევანია. გემრიელ ღვინოსთან ერთად აქ ძველი იმერული კერძების გათანამედროვებულ ვერსიებსაც დააგემოვნებთ, დესერტად კი შეგიძლიათ ქართულ-ევროპულ ტკბილეულობასაც გაუსინჯოთ გემო,რომელსაც სხვაგან ვერ ნახავთ. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით,რომ საქართველოს სამზარეულო მხოლოდ გამორჩეული კი არა უსაზღვროცაა. ,,საფერეში“ იგრძნობა, რომ ყველა დეტალზე ნაფიქრია. ხელნაკეთი ჭურჭელი, დეკორის ელემენტები, განსაკუთრებული მყუდრო გარემო..მოკლედ აქ ყველაფერია, რომ ქუთაისში გატარებული ერთი საღამო განსაკუთრებულად დაგამახსოვრდეთ.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
36 %
ევროპაში
28 %
აზიაში
6 %
თურქეთში
3 %
ეგვიპტეში
10 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
12 %