დრაკულას სასახლე

რუმინეთში მოგზაურობის მთავარი მუღამი თავიდანვე ე.წ დრაკულას სასახლის მონახულება იყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბრემ სტოკერის ,,დრაკულა“ წავიკითხე და გავიგე, რომ მასში გადმოცემული გრაფ დრაკულას სასახლის პროტოტიპი რეალობაში არსებობდა, კიდევ უფრო გამიმძაფრდა წაკითხულის რეალობაში ნახვის სურვილი. ასე რომ, ქალაქ ბრაშოვიდან მეორე დღესვე გავემართე რუმინეთის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობისკენ- ბრანისკენ,  იგივე დრაკულას სასახლისკენ. 

ბრაშოვიდან ბრანში მოხვედრა სირთულეს არ წარმოადგენს. ქალაქის სადგურიდან, რომელიც ცოტა ქართულ სადგურებსაც კი ჰგავს, ბრანის მიმართულებით ყოველ საათში  ერთხელ დადიან ავტობუსები. მგზავრობა დაახლოებით 8 რუმინული ლეი ანუ 2 ევრო ღირს. დანიშნულების ადგილამდე მგზავრობა 40-50 წუთს გრძელდება, მაგრამ ეს არ იქნება მოსაბეზრებელი წუთები, რომელსაც მხოლოდ ფლეი ლისტით გაიყვანთ. ტრანსილვანიის ბუნება იმდენად თვალისმომჭრელია, რომ მგზავრობითაც ისიამოვნებთ. გზად რამდენიმე პატარა სოფელს თუ დასახლებას გაივლით.  რასაც აუცილებლად შეამჩნევთ იქნება სისუფთავე, მოწესრიგებულობა და ერთსართულიანი ძალიან კოხტა სახლები, რომლებიც ყვავილებით და სხვა დეკორაციებითაა გალამაზებული, ხშირად კი სხვადასხვა ფერში გაფერადებულ სახლებსაც შეამჩნევთ. ეს ყველაფერი უნისონში პატარა ზღაპრულ დასახლებებს მოგაგონებთ.

ბრანიც პატარა დასახლებაა, შიეძლება თაუნის სტატუსიც ჰქონდეს. ჯერ კიდევ ცენტრში შესვლამდე შორიდან შევამჩნიე სასახლე, რომელიც კლდეზე აშენებულ მორუხო ფერის ასიმეტრიულ ნაგებობას წარმოადგენს. მაგ მომენტშივე თვალწინ გამიცოცხლდა სტოკერისეული დრაკულას სასახლე. 

ზაფხულის პერიოდში აქ განსაკუთრებით ხალხმრავლობაა,  ამიტომ წინასწარ დაიზღვიეთ თავი და შეამოწმეთ სასახლეში შესასვლელად  თუ შეიძლება ბილეთის დაჯავშნა, რათა თავი აარიდოთ გრძელ, დამღლელ რიგებს. ბილეთის ფასი დაახლოებით 5 ევროა. რა თქმა უნდა, თუ გსურთ, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ შეგილიათ გიდი დაიქირაოთ, მაგრამ შენობაშივე არის განთავსებული ინფორმაციები ინგლისურ და რუსულ ენებზე და შეგიძლიათ თავად გაეცნოთ.

თვითონ სასახლე ექსტერიერით ნამდვილად შთამბეჭდავია. ტრანსილვანიის ბუნებაში და ხშირი ტყით გარშემორტყმულ, ციცაბო კლდეზე აგებულ მეცამეტე საუკუნის კოშკს თავისებური მისტიკური ელფერი აქვს. თუმცა სასახლის ასე გაპოპულარულებაში სტოკერის ,,დრაკულამ“ იმოქმედა, რომელშიც აღწერილია ამ სასახლეში სისხლისმწოველი გრაფ დრაკულას ცხოვრება. თავად დრაკულა კი რუმინელი იმპერატორის ვლად მესამე ცეპეშის (მფატრავის)იგივე ვლად დრაკულას პროტოტიპია. სწორედ ამიტომ გავრცელებულია მცდარი ინფორმაცია თითქოს ვლად დრაკულას საკუთრება ყოფილიყოს სასახლე. რეალურად სანდო ინფორმაციებზე დაყრდნობით იმპერატორს სულ რამდენჯერმე გაუტარებია ღამე სასახლეში, მაგრამ სტოკერის დამსახურებით ბრანის სასახლემ უფრო მიმზიდველი სახელი და შეთხზული ისტორია შეიძინა. 

სასახლის ინტერიერი ათობით ოთახისა და კიდევ უფრო მეტი ერთმანეთში გამავალი დარბაზისგან შედგება. ვიწრო გასასვლელების და კიბეების კომბინაცია კი ლაბირინთისებრ ნაგებობას  ქმნის. საგამოფენო ოთახებში დაგხვდებათ ძველური რუმინული საბრძოლო აღჭურვილობების ნიმუშები და რაც მთავარია, საწამებელი იარაღები, რომელსაც ვლად ცეპეში იყენებდა. როგორც მოგვიანებით გავიგე, აქ ,,ღამის ტურში” შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა და ღამის წყვდიადში სხვანაირად აღიქვათ სასახლის ლეგენდად ქცეული მისტიკა. 

არანაკლებ საინტერესო და ლამაზია ციხესიმაგრის ეზო. უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაჭრილი ხასხასა მწვანე მდელო თავისი შადრევნებით შესაძლებლობას გაძლევთ, წამოწვეთ და ქვემოდან შეათვალიეროთ გარემო, ასე თითქოს უფრო შემზარავ სახეს იღებს ციხესიმაგრე. თუ ,,დრაკულა” გაქვთ წაკითხული ალბათ წარმოსახვაში სცენებსაც გაათამაშებთ, როგორ დაძრწოდნენ მგლები ამ მიდამოებში და როგორ ყმუოდნენ ციხესიმაგრის ფონზე მსხვერპლის მოლოდინში.

ამჟამად სასახლის გალავნის გარეთ არსებული ტერიტორია ტრადიციულ ტურისტულ ადგილად არის ქცეული, სადაც დახლებზე უამრავი სახის სუვენირს და სამახსოვრო ნივთებს ნახავთ. თუმცა, სამწუხაროდ, არც დრაკულასთავიანი ბეჭედი და არც ვამპირებისგან დასაცავი თილისმა არ შემხვედრია :) 

თუ დრო გექნებათ გირჩევთ, რომ ბრანში დარჩეთ ერთი ღამით, ასე დასახლების დათვალიერების შესაძლებლობაც გექნებათ და დარწმუნებული ვარ, ღამით სულ სხვა ხიბლი ექნება იქაურობას, მთვარიანი ღამის დროს კი თავისებური აურა თავს წიგნის პერსონაჟად გაგრძნობინებთ. 

to be honest, დრაკულას სასახლე ტურისტული ” ხაფანგია”, რომელსაც თავის დროზევე კარგი პიარი გაუკეთდა და დღემდე ძალიან მაგრად მუშაობს. მაგრამ ამის გამო ნამდვილად არ უნდა თქვათ უარი ამ ადგილის ნახვაზე. ეს ის გამონაკლისია, როცა ხაფანგში გაბმა მოსულა :)

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
40 %
არა
29 %
გააჩნია მიმართულებას
31 %