რა უნდა ვნახოთ შიდა ქართლში? ბატეთის ტბა (ნაწილის 3)

მართალია, ჩემს შემთხვევაში ბატეთის ტბის მონახულება შიდა ქართლის ტურში სხვა ლოკაციებთან ერთად შედიოდა, მაგრამ მას ცალკე ბლოგს მივუძღვნი, რადგან მგონია, რომ ეს ის ადგილია, რომელსაც შეიძლება მთელი დღე დაუთმოთ. 

შიდა ქართლის ტურის მთავარი ლოკაცია ბატეთის ტბა იყო, ამიტომ დღის განრიგში ყველაზე დიდი დრო მას დავუთმეთ. ალბათ, სოციალურ ქსელში მოგზაურთა გვერდებზე ბატეთის ტბა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტბაა, რომლის ფოტოებითაც აჭრელებულია პოსტები.ბატეთის ტბის მონახულების ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო - რეალურად გვენახა პოსტებში ათასჯერ ნანახი. 

ბატეთის ტბა ძამას ხეობის შუაგულშია მოქცეული და ზღვის დონიდან 1313 მეტრზე მდებარეობს. როგორც გავიგე, ტბა ზამთარში იყინება, ამიტომ მის სანახავად საუკეთესო სეზონები გაზაფხულის დასასრული, ზაფხული და შემოდგომაა. ტბამდე მისასვლელად ორი ვარიანტია: ტრადიციულად ფეხით და დელიკათი ან სხვა მაღალი გამავლობის მანქანით. მე გეტყვით, რატომ არ უნდა ახვიდეთ ტბამდე მანქანით და რატომ უნდა აირჩიოთ ისევ ცოცხალი ტრანსპორტი -საკუთარი თავი. დაბლობიდან ტბამდე დაახლოებით სამი კილომეტრია სავალი, გზა ტყეს მიუყვება და გზადაგზა მაღლობიდან უმშვენიერესი ხედები იშლება. გზის დაბრკოლებას აღმართი წარმოადგენს, ამიტომ ვისაც ჰაიკინგი არ გიყვართ თქვენთვის ცოტათი საწვალებელი იქნება ტბამდე მიღწევა. აუცილებლად ჩაიცვით გამძლე ბოტასები და მოსახერხებელი ტანსაცმელი. გაითვალისწინეთ, რომ ტბა ტყის შუაგულშია და მზე ნაკლებად აღწევს, ამიტომ თბილი ტანსაცმელი ნამდვილად დაგჭირდებათ. მანქანით ასვლის შემთხვევაში, დამიჯერეთ, გზა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კომფორტულად იმგზავროთ, თან ვიწრო გზის გამო შემხვედრი მანქანები აქ დიდი ხნით იჭედებიან, ამიტომ თუ დროის გამო ფიქრობთ მანქანით ასვლას, არაა გამორიცხული, რომ ისევ ფეხით მოსიარულემ აგასწროთ. რაც შეეხება თავად ტბას, ნამდვილი სილამაზე მის შემოგარენშია, თორემ თავად ტბას ძალიან ბევრი ნაკლი აქვს: აქ ზაფხულის დღეებშიც ვერ იცურავებთ, რადგან ბევრი დაჭაობებული ადგილია, ბინადრობენ მცირეაზიური წარმოშობის არსებები- ტრიტონები, თევზაობასაც ვერ შეძლებთ ტბაში თევზის არარსებობის გამო და არ აქვს გამოკვეთილი ნაპირები, რათა უშუალოდ ტბის პირას მოისვენოთ.

თუ შაბათ-კვირას მოინახულებთ ტბას, სავარაუდოდ, ბევრი მნახველი იქნება თქვენთან ერთად და იმ ცნობილ ადგილას (ხის მორებზე)რიგში ჩაგდომა მოგიწევთ, თუ მაინცდამაინც ტბის ფონზე გინდათ ფოტოს გადაღება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ირგვლივ არსებული სილამაზის გამო მაინც ღირს აღმართის ავლა და ერთხელ საკუთარი თვალით ნახვა. მე, როგორც ზაფხულის მოყვარულს, იძულებული ვარ ვთქვა, რომ ეს ადგილი შემოდგომაზე უფრო ლამაზია, რადგან ზაფხულის დომინანტი მწვანე ფერი შემოდგომისას სხვა ფერებთან ერთად ირევა და წითელ-ყვითელი-მწვანე ფერი ერთმანეთში ჰარმონიულად გადადის. ტბასთან საბანაკე ადგილიცაა მოწყობილი და საპიკნიკედაც აარჩევთ ადგილებს, ამიტომ მეგობრებთან ერთად ბუნების წიაღში დროის გასატარელად მშვენიერი ადგილია. 

ბოლოსკენ კი მინდა ერთი არასახარბიელო ფაქტი აღვნიშნო. როგორც ზემოთ ვთქვი, ბატეთი სოციალურ ქსელებში პოპულარობით გამოირჩევა, თუმცა უმეტესობა მათგანი ფოტოშოპის და ფილტრების დამსახურებით არარეალურ ეფექტს ქმნის, შესაბამისად იქმნება “ვაუ” მოლოდინი და საბოლოოდ ვიღებთ იმას, რომ რეალურად ნანახი მოლოდინებს არ ამართლებს და უკმაყოფილოები და “მოტყუებულები” ვრჩებით. მე კი ვფიქრობ, რომ ასეთ ადგილებს არანაირი ეფექტი არ სჭირდებათ,რათა თავიანთი სილამაზე ღირსეულად წარმოჩნდეს ფოტოებში. ამიტომ ჩემი, როგორც მოგზაურის და ჰაიკინგის მოყვარულის რჩევა იქნება, საინტერესო სანახავი ადგილები ინტერნეტით მოძებნეთ, მაგრამ ფოტოებს ნუ ენდობით, ენდეთ მხოლოდ საკუთარი თვალით ნანახს და ბუნებას ნუ მოსთოვთ იმას, რასაც ადამიანები ხელოვნურად ქმნიან კომპიუტერულ პროგრამებში ან აპლიკაციებში. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %