მოგზაურობა ფილიპინებზე...There is heaven on earth

There is heaven on earth....


 ეს არის ფილიპინების ერთ-ერთი ულამაზესი კუნძული - ბორაკაი.

 

 

შევეცდები გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და შესაძლოა, სულ მალე თქვენც დატკბეთ ამ პეიზაჟებით. მაშ ასე, ვიმოგზაურე აპრილის თვეში, 2 კვირით. ქვეყანაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეს ესაჭიროება ტურისტული ვიზა, რომლის აღებაც შეგიძლიათ თბილისში, ფილიპინების საკონსულოში. ვიზის ღირებულება 50 დოლარია, მზადდება დაახლოებით 5 სამუშაო დღეში.

 

 

ახლა რაც შეეხება ბილეთს და გადაფრენას. თბილისი-მანილა-თბილისი - ავიაკომპანია Turkish Airways, გამიმართლა და პრომო ტარიფით მოვასწარი ბილეთის ყიდვა (მოგზაურობამდე დაახლოებით 5 კვირით ადრე), ფასი 750 დოლარი, სტამბულში დაახლოებით 7 საათიანი ლეიოვერი, სტამბულიდან მანილამდე (ფილიპინების დედაქალაქი) ფრენის დრო შეადგენს 12 საათს, თუმცა მინდა გითხრათ რომ ეს დრო თითქმის არ მიგრძვნია, ვუყურე 3 ფილმს, 3 ჯერ გვაჭამეს, დანარჩენი დრო მეძინა) მანილაში ჩავფრინდი საღამოს 8 საათზე, იმ საღამოს დავრჩი ჰოსტელში, ხოლო დილით გადაფრინდი ამ საოცარ კუნძულზე.

 

 

მანილა ძალიან დიდი და ხალხმრავალი ქალაქია, აეროპორტიც შესაბამისად - დიდი. როგორც კი გამოვედი აეროპორტის შენობიდან, რა თქმა უნდა, უამრავი ტაქსისტი დამეხვია. თუმცა მე გირჩევთ, რომ პირველივე ტაქსისტს არ გაყვეთ (მე პირველმა შემომთავაზა 50 დოლარად წაყვანა :)) იკითხეთ Grab Taxi (ჩვენი Yandex taxi-ს იქაური ანალოგი) , აეროპორტის გასასვლელთან არის დახლები, სადაც ეუბნებით თუ სად გსურთ მისვლა, მანქანა მოვა 10-15 წუთში და მშვიდობიანად მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე. მოკლედ, ამ მგზავრობაში გადავიხადე 5 დოლარი ( და არა 50!!  :)). ჰოსტელში ერთი ღამე 15 დოლარი, საკმაოდ ნორმალური და სუფთა ჰოსტელი იყო, მით უმეტეს ერთი ღამისთვის. გავიცანი მალაიზიელი პუტკუნა ბიჭი და ფრანგი გოგონა. მანილადან- ბორაკაიმდე დაფრინავს ადგილობრივი ავიაკომპანია Air Asia, ბილეთი ორი გზა 120 დოლარამდე დაგიჯდებათ, ბილეთის ყიდვისას მიაქციეთ ყურადღება, რომ ტარიფში შედიოდეს ბარგის საფასურიც. ფრენა 40 წუთი გრძელდება, გაჭმევენ ბრინჯს, ქათამს + წყალი. თვითმფრინავი ჩაფრინდება ბორაკაის მეზობელ კუნძულზე (რადგან ბორაკაი საკმაოდ პატარაა და თავისი აეროპორტი არ გააჩნია). შემდეგ ტუკ-ტუკით ან მოპედით მიდიხართ პორტამდე, ყიდულობთ ნავის ბილეთს, და 15 წუთის განმავლობაში ტკბებით საზღვაო ვოიაჟით.

 

 

და აი, უკვე ბორაკაიზე ხართ. ისევ ქირაობთ მოპედს და მიდიხართ სასტუმრომდე. (ყველანაირი ადგილობრივი ტრანსპორტი არის ძალიან იაფი). რაც შეეხება თვითონ კუნძულს, აქ არის ყველანაირი სახის საცხოვრებელი, შედარებით ძვირი და ასევე, ბიუჯეტური ვარიანტებიც. მე ჰოსტელში ვცხოვრობდი, სადაც გადავიხადე 100 დოლარი 11 ღამეში, საუზმით. და არ გეგონოთ, რომ საშინელ პირობებში ვცხოვრობდი, ყველაფერი ძალიან სუფთა და მოწესრიგებული იყო. 11 -დან მხოლოდ 3 ღამე იყო ისეთი, როდესაც ოთახი მთლიანად გავსებული იყო, დანარჩენი დღეები ვცხოვრობდით მე და ერთი ესპანელი გოგო.

 

 

ბორაკაის პლიაჯი, რომელსაც ქვია White Beach, აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში - თეთრზე თეთრი ქვიშა, ფირუზისფერი გამჭვირვალე წყალი, ირგვლივ სიმწვანე. გგონია, რომ ცურავ უზარმაზარ აუზში. აქ არის უამრავი კვების ობიექტი, ბარები, ღამის კლუბები, ადგილობრივი სამზარეულო, უგემრიელესი ზღვის პროდუქტები, ინდური, იტალიური, ჩინური სამზარეულოები, McDonalds, Subway, KFC, Sbarro, მოკლედ ერთადერთი ხინკალს და ხაჭაპურს ვერ იპოვით, დანარჩენი მგონი ყველაფერია :)) ღამით კლუბები და ბარები გვიანობამდე მუშაობს, ყველა მეგობრულად გექცევა, კრიმინალი არ არის, ჰოსტელამდე გვიან ღამით ფეხით მივდიოდი, არანაირი პრობლემა, არავინ გეხება  :)) ორი კვირის განმავლობაში დავხარჯე 300 დოლარამდე, გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, რომ მქონოდა დრო კიდევ დავრჩებოდი სიამოვნებით. არ მიმიმართავს არანაირი ტურისტულისთვის, ყველაფერი ჩემით დავგეგმე, იმიტომ რომ ჩემი აზრით ესე ბევრად უფრო საინტერესოა. თუ ვინმეს რაიმე რჩევა-დახმარება დაგჭირდათ, სიამოვნებით დაგეხმარებით. მადლობა ყურადღებისათვის და ყველას უამრავ საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ :))

 


 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %