რუმინული მოგზაურობა/ სინაია

ოდესმე გქონიათ ისეთი მომენტი, როცა ახალ ადგილას მოხვედრისას ერთდროულად რამდენიმე ნაცნობი ადგილი გაგხსენებიათ? მე პირადად მსგავსი გრძნობა დამეუფლა სინაიაში ჩასვლისას და დღემდე დეტალურად მახსოვს ყველა ის ემოცია,რაც ამ კურორტმა გამოიწვია.

 

 

რუმინეთში მოგზაურობა შეიძლება ითქვას სპონტანური იყო. ჩემთვისაც, როგორც ბევრი მოგზაურისთვის ბარათზე დასმული ხელფასი პირდაპირ სიგნალებს აძლევს ტვინს, რომ მოგზაურობის დროა. განსაკუთრებით ზაფხულში ძლიერდება ეს სიგნალები ამიტომ ივლისში გადავწყვიტე, ვიზეარზე მომეძებნა ეკონომიური და თან საინტერესო მიმართულებები. აღმოჩნდა, რომ ქუთაისი-ბუქარესტი ახალი ავიარეისი იყო და საკმაოდ დაბალბიუჯეტიანიც, ამიტომ ბევრი არ მიფიქრია და ორმხრივი ბილეთი მაშინვე შევიძინე. მხოლოდ ყიდვის შემდეგ გავაანალიზე,რომ ძალიან მაგარი გადაწყვეტილება მივიღე და ეს იქნებოდა ნამდვილი ზურგჩანთამოკიდებული მოგზაურობა. ჩემს განკარგულებაში სულ რაღაც ერთი კვირა იყო, ამიტომ ამ შემთხვევაში სპონტანურობა არ გამომადგებოდა და დეტალურად დავგეგმე ჩემი ყოველი დღე რუმინეთში. ალბათ ლოგიკური იქნებოდა,რომ ჩემი რუმინული მოგზაურობის აღწერა ქალაქ ბუქარესტიდან დამეწყო, რომელიც პირველი ლოკაცია იყო, თუმცა ბუქარესტის მონახულება ჩემი გეგმით სულ ბოლო დღეს იყო ჩანიშნული. ვფიქრობ, სინაიათი დაწყება თქვენში უფრო მეტ ინტერესსაც გამოიწვევს რუმინეთის მიმართ.

 

 

მეორე დღეს დილას უკვე ბუქარესტის სარკინიგზო სადგურში ვიყავი და რუსულინგლისურ-ჟესტურ ენაზე ვცდილობდი გამერკვია სინაიას მიმართულებით როდის გადიოდა მატარებელი და როგორ შემეძინა ბილეთი. საბედნიეროდ მალევე აღმოვჩნდი მატარებელში, თუმცა საბჭოთა დროინდელი მატარებლის დანახვისას გული მიგრძნობდა, მითითებულზე უფრო დიდხანს მომიწევდა მგზავრობა. სამწუხაროდ წინათგრძნობა ამიხდა და შუა გზაში მატარებელი გაფუჭდა, მანდ ცოტა ეჭვი შემეპარა, რომ სხვადროს საბჭოთა კავშირში მყოფ ან მის სატელიტ ქვეყნებში მოგზაურობა კარგი იდეა არ იყო,რადგან ასეთ ქვეყნებს ყოველთვის ეტყობათ საბჭოთა კავშირის კვალი. :/ მაგრამ , რა თქმა უნდა, ეს ფიქრები მაშინვე გამეფანტა, როცა სინაიას მივუახლოვდი. სადგურიდან გამოსვლისას პირველი, რაც გამახსენდა იყო ჩემი თინეიჯერობის წლების საყვარელი სერიალის ,,ვამპირის დღიურების“ მთავარი ქალაქი ,,Mystic Falls”. შეიძლება ეს სადგურის ტერიტორიის ბრალიც იყო, რომელიც ქალაქის ცენტრთან შედარებით ბევრად დაბლა მდებარეობს, მაგრამ სადგურიდან გამოსულს ამ ჩადაბლებულმა, თან ძალიან გამწვანებულმა და თითქოს მიყრუებულმა სადგურმა მისტიკური ქალაქის შთაბეჭდილება დამიტოვა. რეალურად სინაია ძალიან ხალხმრავალი და ჩემთვის ზღაპრული კურორტი აღმოჩნდა.

 

 

პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ არის სიმწვანე და სისუფთავე. ფართობით ძალიან პატარაა სინაია და სწორედ ამიტომ გავითვალისწინე ამ ქალაქისთვის მხოლოდ რამდენიმე საათი, თუმცა რომ არა დროში შეზღუდულობა აუცილებლად დავრჩებოდი ამ საოცარ ადგილას რამდენიმე დღე სრული რელაქსაციისთვის. სინაიამ თავისი ბუნებით და დანიშნულებით ბორჯომიც მომაგონა. კურორტს ეტყობოდა, რომ ყველა ასაკის ადამიანისთვისაა გათვლილი. სინაია ძირითადად სამთო-კლიმატური კურორტია და დიდი პოპულარობით განსაკუთრებით ზამთარში სარგებლობს, მაგრამ შუა აგვისტოშიც ნამდვილად არ უჩიოდა დამსვენებელთა რაოდენობას.

სინაიაში ყველაზე კარგად აღვიქვი რუმინული არქიტექტურის თავისებურება. აქ შეხვდებით ჩემთვის ყველაზე საყვარელ გოთიკური სტილის ნაგებობებს და ნეორენესანსულ სტილში აშენებულ სახლებს. სინაიას ფეხით შემოვლისას დავრწმუნდი, რომ ეს ის ქალაქია, სადაც რეჟისორი, რომ ვყოფილიყავი აუცილებლად გადავიღებდი მისტიკური ჟანრის ფილმს. დიდად გალერეა-მუზეუმების მოყვარული არ ვარ, ამიტომ არც მიფიქრია სინაიაში მსგავსი დაწესებულებები მომეძებნა და იქ გატარებული დრო უშუალოდ ქალაქის დათვალიერებას მივუძღვენი. გეგმაში პელეშის სასახლის მონახულებაც მქონდა, რომელიც სიანაიდან მანქანით სულ რაღაც 15 წუთის სავალია. სამწუხაროდ, გაფუჭებულის მატარებლის გამო ვეღარ მოვახერხე დროში ჩატევა, მაგრამ თქვენ აუცილებლად მოინიშნეთ ეს ადგილი. მიუხედავად ქალაქის პატარა ფართობისა აქ ყველანაირი საჭირო დაწესებულებაა სავაჭრო ცენტრის ჩათვლით. დასარჩენად კი განთავსებულია სასტუმროები, უფრო ბიუჯეტური საოჯახო ტიპის სასტუმროებიც, სანატორიუმი და კემპინგისთვისაც იდეალური ადგილებია არჩეული.

 

 

სინაიამ წინასწარ იმოქმედა შემდეგი დღეების განწყობაზეც. წამოსვლამდე კი კიდევ ერთხელ შემექმნა ორი ანტაგონისტური შთაბედილება- სინაია ერთდროულად არის მისტიკური და თან ზღაპრიდან რეალობად ქცეული ქალაქი.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %