turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

თუშეთი - ადგილი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს

თუშეთი საქართველოს გამორჩეულად საინტერესო კუთხეა. იგი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონზე, ზღვის დონიდან 1650-4493 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. თუშეთის სოფლები ზღვის დონიდან 1900-დან 2400 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული. ადმინისტრაციული ცენტრი ომალოა. თუშეთში მოხვედრა საქართველოში ყველაზე მაღალი, აბანოს უღელტეხილის გავლითაა შესაძლებელი და ის ზღვის დონიდან 2900 მეტრზე მდებარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ თუშეთისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთულია და გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მქონე ტრანსპორტითაა შესაძლებელი, სამაგიეროდ სტუმრებს თვალწინ ულამაზესი ხედები ეშლება.

თუშეთი გამორჩეულია ულამაზესი ალპური მდელოებითა და საუცხოოდ შემონახული ფიჭვნარი ტყეებით, ტებულოს (ზღვის დონიდან 4492 მ.), დიკლოს (ზღვის დონიდან 4285 მ.) და ბორბალოს (ზღვის დონიდან 3294 მ.) დიდებული მწვერვალებით. თუშეთში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, უძველესი ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, ყოფითი კულტურის ნივთები. აქ გარემომცველ ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტებთან ერთად დაცულია ტრადიციები და მოსახლეობის ყოფითი წეს-ჩვეულებები.

 

დღეს თუშეთში 50–ზე მეტი სოფელი თუ ნასოფლარია შემორჩენილი. მხოლოდ რამოდენიმე მათგანში ცხოვრობს მოსახლეობა მთელი წლის მანძილზე. ეს სოფლებია ომალო (ადმინისტრაციული ცენტრი), შენაქო, დართლო და დიკლო. ბევრია სოფლები რომლებშიც ყოველ წელიწადს ზაფხულში ადის მოსახლეობა: გირევი, ჭეშო, კვავლო, ჭონთიო, დოჭუ, ხისო, ბოჭორმა და ა.შ. ზაფხულის პერიოდში მოსახლეობა რამოდენიმე ასეულს შეადგენს.

თუშეთი მკაცრი კლიმატითაც გამოირჩევა. ივლის-აგვისტოში აქ ტემპერატურა 14-15 გრადუსია. თუშეთში უამრავი პატარ-პატარა ზომის ტბაა. სუბალპურ ზონაში (მდინარე ორწყლის სათავეებში) მყინვარული წარმოშობის ტბებია. არც ერთი მათგანის დიამეტრი არ აღემატება 20 მეტრს. ასეთივე ზომის ტბებია შავიკლდის ხევისა და ვებუს ხევის სათავეებში. კალოანის ხევის სათავეში მდებარე ტბა (მყინვარული წარმოშობით) მთელი წლის განმავლობაში გაყინულია. ჭანჭახოვანის ქედის ჩრდილო ფერდობებზე მდებარე ტბის სიგრძე 12-15 მ-ა, სიგანე — 5-6 მ. ტბა ძალიან ღრმაა. ნასოფლარ ჰეღოსთან გვხვდება გამდინარე ტბა სიგრძით 200 მ.

თუშეთი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც უყვარს თავგადასავლები, მთა, ბუნება, ტრადიციები და ამ ყველაფრით მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

თუშეთის ტურები იხილეთ ბმულზე

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
43 %
არა
25 %
გააჩნია მიმართულებას
32 %