turebi.ge მომხმარებლის გვერდი

უხმლოდ ხმალაზე

 

 

ხმალა.

ისეთი სახელი აქვს აღწერას აღარ საჭიროებს თითქოს. გაგონებისთანავე გიქმნის ადამიანს  წარმოდგენას დაახლოებით სად მიდიხარ...

ხმალა მთაა, თიანეთისა და დუშეთის რეგიონში. გააჩნია საიდან ახედავთ  2160 მეტრის სიმაღლის მისი "წაწვეტებული" წვერის გამო ეს სახელი უხდება. ყაზბეგისკენ მიმავლებს არაგვს იქიდან  გვეპრანჭებოდა წლების მანძილზე. შემდეგ მეგობრები, აისიდან ხალხი,  ავიდნენ და გვითხრეს რომ ერთი-დიდი რამე სიამოვნებააო...

მეტი რა გვინდოდა.  მარშუტი დაახლოები 20-23 კილომეტრს შეადგენს. სიმაღლეს კი 800 მეტრიდან კრეფ, თუმცა სანამ ალპურ ზონას მიაღწევ სიმაღლეს ფაქტიურად სამანქანო გზით კრეფ.  მოკლედ:  გავწერეთ ჩვენთვის  და წავედით აღსაწერად თქვენთვის .

იმედები ნამდვილად არ გაუცრუებია.

ხმალაზე შემოდგომის მიწურულს ვიყავით. აი ზუსტად იმ პერიოდში ზღმარტლი და კუნელზე სანადირო სეზონი რომ გვაქვს ხოლმე გამოცხადებული. დუშეთი მდიდარია ამ ხილით მაგრამ ეს ადგილი ნამდვილი საბადო იყო.

გვახსოვს ვიცინოდით რომ საბანაკე ადგილამდე შებინდებისას ძლივს მივაღწიეთ და ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი მანდ ( თოვლი გათვალისწინებული იყო და არ ითვლება) ზღმარტლის და კუნელის ხეები იყო, ყოველ მეორე ნაბიჯზე. ჩვენ კი ნამეტანად "კუჭის მონები" ვართ იმისთვის რომ გვერდი, რომელიმე ხისთვის გულგრილად აგვევლო...

მოკლედ მაცდურთ გავცდით და სიმაღლის აკრეფასთან სისწრაფეც მოგვემატა.

 

მარშუტი სოფელ ცივწყაროდან დავიწყეთ და ღამე შეიძლება ითქვას ხმალადან გამომავალ ქედზე გავითენეთ. ხედები ყოველი მხრიდან საოცარი გვქონდა. საღამოს ვახშმისას ნაცნობ ადგილებს ვითვლიდით, იქ ის მთაა , იქ ის მონასტერი, იქ ის ქედი. ეს ხეობა იქ შედის , ის კიდევ აქ სრულდება... მოკლედ ხედებმა არ მოგვაწყინა.. ბევრგან ნამყოფები ვიყავით და უფრო ბევრგან ყოფნა გვეწადა. მომავალის ლამაზ კადრებს ვგეგმავდით. საშიშად ნათელი ღამე იყო, მყინვარწვერი კი მთავარის შუქს ისე ირეკლავდა როგორც არასდროს.

 

მეორე დღეს ქედი მელიების კვალდაკვალ გადავიარეთ. დაახლოებით საათ ნახევარში უკვე ხმალას წვერზე ვიყავით მოქცეულები. ამინდი საოცარი ხედებით ტკბობის საშვალებას გვაძლევდა.

 

ხმალას წვერზე ჯვარია აღმართული.  აქ სალოცავია. შევისვენეთ, ვისადილეთ და დაშვება ციცაბო დაღმართით დავიწყეთ სოფელ პავლეურისკენ.

 

დავკარგეთ თუ არა სიმაღლე, ტყეში შესვლისას ისევ მაცდურთა გარემოცვაში მოხვდით, ისევ ხან ამ ხეს "ვკბეჩდით" ხანაც იმას...

ბოლოს იმდენად "გავნაგლდით" სახლშიც მთელი გუდვილის პარკი კუნელი წამოვიღეთ. აბა, სამსახურში რამე ხომ უნდა ცმუცნო ადამიანმა?! უკეთეს რას იპოვი...

.

ასე იყო ეს ამბავი, ჩვენი და მთა ხმალასი.

ნამდვილად გირჩევთ შაბათ-კვირის ორი დღე გამოყოთ სანამ თოვლი ბოლომდე დადნება და მზე დააჭერს. ანდაც შემოდგომის გეგმებში შეიტანოთ ეს მართლაც რომ განსაკუთრებული ფორმების მქონე მთა საოცარი ხედებით.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
45 %
არა
25 %
გააჩნია მიმართულებას
30 %