მოგზაურობა ბულგარეთში/ ვარნა

 

საზღვარგარეთ ჩემი პირველი მოგზაურობისას ერთი ქვეყნით ვერ დავკმაყოფილდი და მეზობელ ქვეყანაში გადასვლით ერთ თრიფზე ,,ორი კურდღელი დავიჭირე". რუმინეთში მოგზაურობამდეც იგივე მქონდა გადაწყვეტილი, რუმინულთან ერთად რომელიმე მეზობელი ქვეყნის კულტურაც უნდა გამეცნო. ბუქარესტიდან  სიახლოვის და თან საზღვაო კურორტების სიმრავლის გამო ბულგარეთი გახდა ჩემი შემდეგი სამიზნე, კონკრეტულად კი ქალაქი ვარნა.

ბუქარესტიდან ვარნაში გადასასვლელად რამდენიმე ვარიანტია: მატარებელი, ავტობუსი (დღის და ღამის რეისით) და მანქანის დაქირავება. ვინაიდან გზა საკმაოდ გრძელია (ავტობუსით დაახლოებით 6 სთ), ავტობუსის ღამის რეისით წასვლა გადავწყვიტე. ვარნის მთავარ სადგურთან დიდი სავაჭრო მოლია, ამიტომ თუ თქვენც ჩემსავით დილაადრიანად მოგიწევთ ქალაქში ჩასვლა, სასტუმროში check in-მდე შეგიძლიათ, დრო მოლში გაიყვანოთ ან პირდაპირ ფეხით გაუყვეთ გზას ცენტრისკენ.

თუ რუსული წერა-კითხვა იცით და გესმით, მაშინ ქალაქში გაკრული სარეკლამო აბრების მნიშვნელობის ამოცნობა არ გაგიჭირდებათ. ბულგარული ენა სლავური  ენების ჯგუფს მიეკუთვნება, ამიტომ ჟღერადობითაც და სიტყვებითაც რუსულს წააგავს. სასტუმრომდე გავლილ გზაზე საერთოდ არ მიგრძვნია თავი უცხო ქვეყანაში, ეს ალბათ იმის, გამო, რომ ქალაქის ღირსშესანიშნაობები და კულტურული მნიშვნელობის ადგილები უფრო ცენტრში და მის შემოგარენშია მოქცეული. ამ შემთხვევაშიც, სასტუმრო ქალაქის ცენტრში მქონდა დაჯავშნილი. სასტუმროების გარდა აქ თითქმის ყოველი მეორე სახლი ჰოსტელად არის გადაქცეული. ვარნას ცენტრი მთავარი სატურისტო ადგილია უზარმაზარი საფეხმავლო მოედნებით, სავაჭრო ცენტრებით, კაფე-ბარებით და რესტორნებით, სანაყინეებით და ტურისტული მაღაზიებით, მოკლედ ტიპური სატურისტო ცენტრია. მიუხედავად, თანამედროვე ქალაქისთვის დამახასიათებელი დეტალებისა, ქალაქს ეტყობა ,,კომუნისტური აურა“, ინფრასტრუქტურა მოძველებულია და კომუნისტური ეპოქის ძეგლებს და ნაგებობებსაც ხშირად შეხვდებით. სასტუმროში გავიგე, რომ თურმე ქალაქს 1949-56 წლებში „ სტალინი“ ერქვა.  თუმცა, ალბათ, მსგავსი დეტალები ყველა ყოფილ სოციალისტური ბანაკის წევრ ქვეყანას ახასიათებს.

ცენტრიდან სანაპირომდე დაახლოებით 20 წუთის სავალია, მაგრამ ცხელ ამინდშიც არ გაგიჭირდებათ სიარული, რადგან  გზა სანაპირომდე გამწვანებულ, ხეების ჩრდილებით დაფარულ საფეხმავლო გზას მიუყვება. ვარნაში ზღვის, სანაპიროს და ბულვარის გარდა სხვა საინტერესო სანახავი ადგილებიც არის. მაგალითად, რომაული აბანოები, რომლებიც ევროპაში შემორჩენილი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ამავდროულად ერთ-ერთი უდიდესია. ახლა, რა თქმა უნდა, ნანგრევები და ნაშთებია შემორჩენილი. საინტერესო ადგილია რეტრო მუზეუმიც, რომელშიც მეოცე საუკუნის ბულგარეთი თვალწინ გაგიცოცხლდებათ. აქ ბულგარული სიგარეტები, სამზარეულოს ჭურჭელი, კოსმეტიკა, ტექნიკა და რაც მთავარია ყველაზე გავრცელებული მანქანების( განსაკუთრებით ჟიგულის) გამოფენა დაგხვდებათ.

თუ გინდათ, რომ ბულგარეთის ხალხის კულტურა და ცხოვრების ძველებური სტილი გაიცნოთ, მაშინ ,, barite complex” უნდა ეწვიოთ, რომელიც ვარნიდან მანქანით 30 წუთის სავალია. კომპლექსი 5 ტრადიციული ბულგარული სტილის სახლისგან შედგება, რომელშიც პატარა ფერმაც არის მოწყობილი. აქ ტრადიციული, სოფლის ნატურალური პროდუქტებით და კერძებით გაგიმასპინძლდებიან. აქვეა პატარა ეთნოგრაფიული მუზეუმიც, საღამოობით კი გასართობი ღონისძიებები ტარდება და ადგილობრივები ტურისტებს ბულგარულ ფოლკლორს აზიარებენ.

საღამოობით ვარნაში ისეთივე სიტუაციაა როგორიც, მაგალითაც ბათუმში. შეგიძლიათ ბულვარში სეირნობით, სუვენირების მაღაზიაში შოპინგით გაერთოთ, პატარ-პატარა მუსიკალურ და ცეკვის ღონისძიებებს დაესწროთ, ან პირდაპირ სანაპიროზე ათობით კლუბს შორის ერთ-ერთს ეწვიოთ. მოკლედ ყველანაირი შესაძლებლობაა, რომ ღამეც აქტიურად გაატაროთ.

ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, არის რესტორანი ,, ჩუჩურა“ ( chuchura), მართალია სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ეს ის must see place არის, რომლითაც ბულგარეთის სამზარეულოს შეიცნობთ. რესტორანი ცენტრში მდებარეობს, თუმცა ხმაურიანი ნაწილისგან იზოლირებულია. სახელის ჟღერადობამ იმდენად დამაინტერესა, რომ მომსახურე პერსონალს ავახსნევინე მნიშვნელობა და როგორც აღმოჩნდა ჩუჩურა ბულგარულად წყლის ჭავლს ნიშნავს. რესტორანი ექსტერიერ-ინტერიერით და კონცეფციით აბსოლუტურად ბულგარულ სტილშია. რაც მთავარია, აქ ტრადიციული სამზარეულოს თითქმის ყველა ძირითად კერძს შეხვდებით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ხარისხი ფასზე მაღალია. ასე რომ, ამ რესტორანში  არა მარტო ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ, არამედ პატარ-პატარა დეტალებშიც ბულგარეთის კულტურას შეიცნობთ.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
0 %
B. საერთოდ არ მივმართავ
33 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
67 %