იმერული ღვინის გზა

ქართველმა პირველად ბახუსი ჯერ კიდევ ნეოლითის ეპოქაში დაიწყო. საქართველოში ღვინის დასაყენებლად ფართოდ გამოყენებული ქვევრი ნეოლითის ჭურჭლის მსგავსია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ რეგიონში ღვინის კულტურას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და მის უწყვეტობას უსვამს ხაზს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი ეპიზოდი კი არა, მთლიანი სურათი გვაქვს – უძველეს დროში დავიწყეთ ღვინის წარმოება და დღემდე ვაგრძელებთ მას.

წარმოიდგინეთ, ჩვენი მხრებში მოხრილი, გარუჯული წინაპარი, გრძელი თმითა და ტყავის ტანსაცმლით - რომელიც რუდუნებით აგროვებდა ტყეში ყურძნის მარცვლებს, დასახლებამდე მოჰქონდა, ჭყლეტდა, ქვევრში ავარგებდა . მერე ვაზი ისევე ,,მოიშინაურა'' და თავისთან ახლოს გარმოირგო, როგორც სხვა მცენარეები. ღვინოს მაშინ რელიგიური რიტუალების დროს მოწიწებით სვამდნენ.

“გადაჭრილი გორა “ - ასე ჰქვია ადგილს მარნეულში, რომელიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნის არქეოლოგების საკვლევი საგანი გახდა.

ისტორიული ცნობების თანახმად, ეს ის ადგილია, სადაც ადამიანმა, მსოფლიოში პირველად, ველური ვაზი მოაშენა და მიღებული ყურძნისგან ღვინო დაწურა. თუმცა, არქეოლოგიური აღმოჩენები გვაძლევს საფუძველს თამამად ვთქვათ, რომ მეღვინეობა მაშინ თითქმის ყველა ქართველური ტომის საყვარელი საქმიანობა იყო.

ნეოლითის შემდეგ ათასწლეულები გავიდა. ჩვენ დღემდე რუდუნებით ვაგროვებთ ვაზის საჩუქარს ყოველ შემოდგომაზე, სათუთად მიგვაქვს საწნახელამდე, დღემდე ქვევრში ვავარგებთ, იმ განსხვავებით, რომ ახლა ღვინო მხოლოდ რელიგიურ რიტუალებს აღარ უკავშირდება.  

იმერეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მხარეა, სადაც ძალზე განსხვავებული კლიმატური პირობები და ნიადაგური შემადგენლობაა, ამიტომ ღვინოები ყველგან განსხვავებულია. იმერეთში გავრცელებული ჯიშებია: ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ქვიშხური, ძელშავი, ალადასტური, დონდღლაბი, ბაზალეთური, კუნძა, ოცხანური საფერე, არგვეთული საფერე, რკო, ადანასური, ბზვანურა, შავი დონდღლაბი, ვანის ჩხავერი და სხვა. ტრადიციული მეღვინეობა აქაც, როგორც სხვა რეგიონებში, ქვევრთანაა დაკავშირებული, რომელსაც იმერეთში ჭურს უწოდებენ. განსხვავებით კახური ტრადიციული ღვინისგან, აქ ტკბილს უმატებენ ჭაჭის მხოლოდ მცირე ნაწილს. დადუღების შემდეგ ღვინოს ჭურში აყოვნებენ დაახლოებით 2 თვე, შემდეგ ხსნიან დურდოდან, გადააქვთ კასრებში და ამუშავებენ. იმერული ტიპის ღვინო ლამაზი ყვითელი ფერისაა, სრული, შინაარსიანი, საკმაოდ ჰარმონიული და ხალისიანი. იმერეთი განთქმულია სვირული კრახუნათი, ობჩური ცოლიკოურითა და კვალითური ციცქათი. იმერეთში იწარმოება ადგილწარმოშობის ღვინო „სვირი“.

იმერეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვანი მხარეა, მისი 70% მთიანი ადგილებია, ყველგან ძალზე განსხვავებულია კლიმატური პირობები და ნიადაგური შემადგენლობა, ამიტომაც, თუკი ყველგან ღვინოს ტრადიციების დაცვით დაწურავენ და, რაც მთავარია, კარგად მოუვლიან ვენახსა და ღვინოს, ძალზე მრავალფეროვანი შედეგი შეგვიძლია მივიღოთ.

 

იმერეთს სამ მიკრორაიონად ყოფენ ხოლმე. ზემო, შუა და ქვემო იმერეთად. ზემო იმერეთი თავის მხრივ ძირულა-ხარაგოულისა და ჭიათურა-საჩხერის ქვერაიონებად იყოფა. შუა იმერეთი არამხოლოდ მხარის, არამედ საქართველოს უმნიშვნელოვანესი რეგიონიცაა. მაღალი ღირსების ღვინოებად ითვლებოდა დიმის, ფუთი-ილემის, კიცხის, ჩხარი-საზანოს (სადაც XX საუკუნეში ყველაზე მეტი იშვიათი ჯიში შემორჩა, მათ შორის დონდღლაბი, თავწითელა, გაბეხოურა, ჩხიკოურა), სიმონეთის, საქარა-არგვეთის, ტყიბულის ქვერაიონები შედის. ქვემო იმერეთში ძირითადად ქუთაისისა და ვანის ქვერაიონები შედის, სამტრედიასთან და ხონთან ერთად და ამ რაიონებში ვანის ცოლიკოურსა და ალადასტურს გამოყოფდნენ ხოლმე. იყვნენ ისეთებიც, ვინც ფარცხანაყანების ცოლიკოურსაც აქებდა.

ადრე იმერეთი ექვსი რეგიონისგან შედგებოდა და მასში საჩინო-საჯავახოსაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა. სოკოვანი დაავადებების შემოსვლამდე საჯავახოში ლეგენდარული “საჯავახოს ღვინო” იწურებოდა, სხილათუბანის ჯიშის ყურძნიდან, რომელიც 19-ე საუკუნის ბოლოს უკვე ძალიან დიდი იშვიათობა იყო და რომელსაც, ჩხავერთან ერთად, მთელი ქუთაისის ბაზარი ეკავა ძველად. როგორც მაშინდელი ავტორები წერენ, ნაცრის გამო ამ რეგიონიდან შორაპნის მაზრაზე და რაჭაზე გადასულა ქუთაისის ღვინით მომარაგება და შესაბამისად, ციცქა-ცოლიკოურის, კრახუნასა და მეორე მხრივ, ყიფიანის ღვინის პირველი დიდი წარმატებებიც სწორედ ამ პერიოდში დაწყებულა.



იმერული ღვინის გზა ქვიან სოფლის ორღობეებს მიუყვება, რომლის ორივე მხარესაც ხანდახან მთაგორიანი, ტყიანი პეიზაჟი მოსჩანს, ხანაც კოლხეთის გაშლილი ველები, ხანაც იმერული, ცელქი, ჩუხჩუხა მდინარეები მიუყვებიან გზის ერთ მხარეს.

ეთნოლოგიური თვალსაზრისით, ხის საწნახლები დასავლეთ საქართველოსთვის ყოფილა დამახასიათებელი. ხოლო მის დასამზადებლად საუკეთესო ხედ ცაცხვს მიიჩნევდნენ. ძველი იმერლები სასაწნახლე ხეს წინასწარ არჩევდნენ, ზამთრის დამდეგს მოჭრიდნენ და ერთ წლამდე ადგილზე ტოვებდნენ. მერე ნაჯახით გათლიდნენ, გულს ამოუღებდნენ და საბოლოო დამუშავებისთვის სახლში მიიტანდნენ ხოლმე. 

მარანი ცალკე ნაგებობად და თანაც - ღია სივრცედ დასავლეთ საქართველოსთვის ყოფილა დამახასიათებელი, განსაკუთრებით ხშირად კი სწორედ იმერეთში გვხვდება. ღია მარნის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ღია ცის ქვეშ გამართული ჭურების ადგილსამყოფელი - ჭურისთავი, ეზოს ყველაზე სუფთა ადგილი, სადაც საქონელი ვერ უნდა შესულიყო. ამიტომაც ჰქონდათ შემოღობილი. ჭურებისთვის მზეს რომ არ დაეხედა და ღვინო არ წაეხდინა, ჭურისთავს, ტრადიციულად, კომშის, თხილის ან რცხილის ხეებით ჩრდილავდნენ. უმეტესწილად - კომშით, რადგან მისი ფესვები მიწაში ღრმად და სწორად მიდის, რის გამოც ჭურებს დაზიანება არ ემუქრება.

იმერული ღვინის გასასინჯად რეგიონში ბევრი ადგილის მონახულება შეგიძლიათ, მაგრამ თუ გინდათ ღვინოსთან ერთად გემრიელი საჭმელიც დააგემოვნოთ , კონიაკიც, ჯაჭვის პერანგის ქსოვასაც დაესწროთ და  ცნობილი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის შესახებაც გაიგოთ ბევრი საინტერესო და უცნობი დეტალი წყალტუბოში, ოტიას ეზოში შეგიძლიათ შევლა.

თუ მხოლოდ ღვინოზე საუბარი  გსურთ, ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების წესების გაცნობა და იმერული ცქრიალა ღვინით შებრუებაც გინდათ შეგიძლიათ ბაღდადში, ბაიას ვენახებს ეწვიოთ და ნახოთ, როგორ მუშაობს ახალი თაობა იმერული ღვინის პოპულარიზაციაზე საკუთარი ძალებით და საკუთარი ხელების იმედად.

ბაიას ოჯახი ბაღდათის რაიონ სოფელ ობჩაში ცხოვრობს და ღვინის დაყენება მათთვის მამაპაპისეული საქმის გაგრძელებაა, რომელსაც ისინი მანამდეც სიამოვნებით აკეთებდნენ. 

იმერულ ღვინოებს ჯერ კიდევ ვახუშტი ახსენებდა, განსაკუთრებით სვირულ ღვინოებს აქებდა და ამბობდა, მრავლად არის კარგი ღვინოო. ჩინებულ იმერულ ღვინოებზე ბევრი სხვა წყაროებიც მოგვითხრობდნენ, თუმცა XIX საუკუნის მეორე ნახევრისთვის, ფილოქსერის საზოგადოების პირველ აღმწერლებს, ე. ნაკაშიძესა და ე. ვაწაძეს ძალზე სავალალო სურათი დახვდათ მხარეში. 80-იან წლებში იმერეთი ნაცარმა და ჭრაქმა დააზარალა, სულ მალე კი მას ფილოქსერას შემოტევა დაერთო და 90-იანი წლებისთვის იმერეთის მთელი ვენახების ნახევარზე მეტი უკვე განადგურებული იყო. იმერული ღვინო ალბათ სწორედ ჭრაქის შემოსვლის შემდეგ შეიცვალა საბოლოოდ, შეიცვალა ჯიშური შემადგენლობაც, მევენახეობის წესები და რაც მთავარია, მეღვინეობა. მაშინდელ “ივერიებში” წამიკითხავს არაერთი ცნობა იმერელი მევენახეების გასაჭირზე, იმაზე, რომ ზოგიერთ მხარეში საერთოდ ვერ იღებდნენ მოსავალს ზიანის გამო, ზოგი კი სანაცვლოდ კახურ ჯიშებს ან სულაც იზაბელას რგავდა.

ეს დაავადებები და მისი თანამდევი “იზაბელიზაცია” იმერეთს ისე არ დაეტყო, როგორც გურიას, მაგრამ აქაურობა მაინც ძალიან დაზარალდა. იმერულ ღვინოს დღემდე უჭირს და რომ არა რამდენიმე მცირე მეწარმე და მართალი მეღვინე, მხარეში ძალზე არასახარბიელო სურათი იქნებოდა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %