ჯუმბერ ლეჯავას ცხრაწლიანი ველომოგზაურობის დასასრული

ჯუმბერ ლეჯავას ცხრაწლიანი ველომოგზაურობის დასასრული

 

შესავალი

 

„ჯუმბერ ლეჟავა (დ. 23 ივლისი, 1939 — გ. 25 ივლისი 2014) — ქართველი სპორტსმენი, მოგზაური და რეკორდსმენი.

 

დაიბადა თბილისში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. 1987 წელს გადატანილი მუცლის ღრუს მძიმე ოპერაციის შემდეგ შეიმუშავა ვარჯიშების საკუთარი სისტემა. 1990-1992 წლებში დაამყარა მსოფლიო და გინესის რეკორდები ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში (რამდენიმე გაუმჯობესებით, უკანასკნელად 2001 წ.).

 

1993 წლის 13 აგვისტოდან 2002 წლის 3 ნოემბრამდე ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო:[1] 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას; გადაიღო 50.000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი; შექმნა მოგზაურობის 7.000 გვერდიანი დღიური.“

 

ცხრაწლიანი ველომოგზაურობის დასასრული

დაუღალავი მოგზაურის ჯუმბერ ლეჟავას ცხრაწლიანი ოდისეა წარმატებით დასრულდა: 1993 წილს 13 აგვისტოდან 2002 წლის 3 ნოემბრამდე, ველოსიპედით და მარტოდმარტომ, კიდით-კიდემდე მოიარა მთელი სამყარო, ყველა კონტინენტი და 232 ქვეყანა, ათასობით ქალაქი, სოფელი და დასახლებული პუნქტი; დაძლია მრავალი დაბრკოლება და ხიფათი; ექსტრემალურ პირობებში, თოვლსა და ყინვაში, უდაბნოსა და ჯუნგლებში გაიარა 264 ათასი კილომეტრი და უვნებლად დაბრუნდა სამშობლოში - ცხრაწელშემატებული, მაგრამ გაუტეხელი, მრავალჭირგამოვლილი, მაგრამ ქუდბედიანი. მოგზაურობის პერიოდში – და, მით უმეტეს, ამ დღეებში, ასეთი წარმატებული ფინიშის შემდეგ - ჯუმბერ ლეჟავას საოცარ თავგადასავალს ღვთის ნებას, სასწაულსა და მისთანებს უკავშირებენ. თავად ბატონი ჯუმბერიც, როცა შორეული გზების დასალაშქრავად ემზადებოდა, ასეთ რამეს ამბობდა: “მე მორწმუნე ვარ. ამ მოგზაურობას უზენაესის დავალებით ვასრულებ. კლინიკური სიკვდილისას მივიღე ეს დავალება. უსიტყვოდ დავემორჩილე, ოღონდ ეჭვი გამოვთქვი, უკან დასაბრუნებელი გზის გამოვლა გამიჭირდება-ეთქი. პასუხად მომესმა: შენ ამ გზას დაძლევ და შეიძენ უდიდეს ენერგიას, რომელიც სამშობლოს უნდა მოახმარო.” ცხრა წლის შემდეგ ჯუმბერ ლეჟავა იმასვე იმეორებს და მიღწეულით უსაზღვროდ ბედნიერია.

მე კი იმას მოგახსენებთ, რომ ზეციური და იდუმალი ამბების განსჯა სპორტული მიმომხილველის საქმე არ არის. ამიტომაც ჩვენი პროგრამის პროფილს მივუბრუნდეთ და გინესის რეკორდების წიგნში ჩავიხედოთ: ხელებით აზიდვაში 12-გზის რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა, ახლა უკვე როგორც ველომოგზაური, კიდევ რამდენიმე რეკორდის ავტორი გახდა. და თუ ვინმე ამ რეკორდთა მოხსნას განიზრახავს, ჯერ 232 ქვეყანა და ამათი დედაქალაქები უნდა შემოიაროს, მერე კი ის დანარჩენი 6 ქვეყანა, რომლებმაც ქართველ მოგზაურს შესასვლელი ვიზა არ მისცეს. სხვა საქმეა, რომ მოგზაურობა, ტურიზმი, ექსკურსია და მისთანები სპორტული დისციპლინა სულაც არ გახლავთ და სპორტულობის საბუთად მხოლოდ რეკორდების არსებობა ვერ იკმარებს. ასე რომ იყოს, რეკორდების წიგნში შესული, ვთქვათ, ყველაზე მეტი რომანის ავტორი კეტლინ ლინდსეი ან ყველაზე ხანდაზმული საოპერო მომღერალი ჯოვანი მარტინელი სპორტსმენებად უნდა გამოვაცხადოთ, ლიტერატურა და მუსიკა კი - სპორტის სახეობად. ამათთან შედარებით, რა თქმა უნდა, ველომოგზაურობას სპორტთან ბევრი საერთო აქვს და ჯუმბერ ლეჟავას უნიკალური მიღწევაც, ძალაუნებურად, სპორტულ გამარჯვებასთან ასოცირდება. ალბათ, ამიტომაც მიანიჭეს საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება, თუმცა სპორტის დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, მავანისთვის საკამათო იყოს.

მოგზაურის მარშრუტი გავლილი დასახელებული პუნქტების მიხედვით დაფიქსირებულია 4 000-ზე მეტ პოლიციის განყოფილებაში.

15-მდე ღამე სხვადასხვა ციხეში გაატარა. უბედური შემთხვევის გამო

6-ჯერ მოხვდა საავადმყოფოში. 1000-ზე მეტჯერ გაათია ღამე კარავსა და ღია ცის ქვეშ.

გარდაიცვალა 2014 წლის 25 ივლისს.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %