ხეობები თბილისის გარშემო...

სეზონისთვის ოდნავ შეუფერებელია მაგრამ გადავწყვიტე ამ ლამაზობა ხეობებზე თქვენთვის მაინც მომეყოლა. 

 

კვარათხევზე ადრე მაქვს დაწერილი პოსტი. ზაფხულის რამდენი საათი რომ უნდა იჭყუმპალაო პატარა ჩანჩქერებში. თბილისთან ახლოს. ლამაზ ხეობებსა და ტყეებში. 

  

ესაა ერთდღიანი გასვლისთვის იდეალური გარემო. მშვიდი, წყლიანი და გზადაგზა ხილიანიც... 

ამ ჯერად გზა დავიგრძელეთ. კვარათხევიდან მეორე ხეობაში ძალაანთხევში გადავუხვიეთ და ბოლომდე ავყევით. მისადგომად ეს ორივე ხეობა ძალიან მარტივია, დელისიდან ავტობუს გაყვებით წოდორეთამდე, წოდორეთიდან კი ტყის ბილიკით ჩაუყვებით ხეობებისკენ. 

 

ჩვენც დავადექით ამ ბილიკებს და  გზად ათასი თავგადასავალი გადაგვხვდა... წყალ წაღებულები კლდეებზე ხავსებს ვეჭიდებოდით, ქვიდან ქვებზე ვხუტანაობდით, პატარა ლამაზ ჩანჩქერებში ვბანაობდით ^_^ ხეობა ვიწროა და გზადაგზე ისეთი სალი კლდეები გხვდება რომ ნატრობ ჩემი 60 მეტრიანი თოკი სახლში რატო დავტოვეო...

ეს ხუმრობით, ისე პირიქით გიხარია რომ კალიასავით მსუბუქი ხარ, და ხვლიკივით დაძრომიალობ ხავსმოდებულ კლდეებში. მაგრამ რთული ადგილებიცაა, სადაც  თუ ასრიალდი ცხვირიც გაიხეხო შეიძლება... თუმცა სახალისოც ისაა რომ გზა უნდა იპოვნო და კომფორტის ზონიდან გამოხვიდე.

სანამ ხეობას ზემოთ ავუყვებოდით მდინარის პატარა აუზები ვიპოვნეთ სადაც ფეხებს ვაჭყაპუნებდით. მერე მზისგან გახურებულ ქვებზე ხვლიკებივით ვეყარეთ. თვითონ ხეობა გრილია და დაბურული, მზის სხივები იშვიათად ხვდება და ნეშომპალითაა სავსე.

უმეტესი დრო ხეობის გავლას მოვანდომეთ, თუმცა ავედით თუ არა ფერდობზე ულამაზეს ტყეს გადავაწყდით. ხეები ცას წვდებოდნენ, მათი სიხშირე ტყეს დაბურულს, მაგრამ ძალიან, ძალიან მყუდროს ხდიდა. პატარა ჩანთით და ფეხზე მსუბუქი ბოტასით ამ ტყეში სეირნობა ნამდვილად სასიამოვნო ემოციებით გივსებს გონებას ადამიანს.

ზემოთ ამოსულს წვიმა დაგვეწია... დაახლოებით ნახევარი საათით წვიმდა ჩვენ კი ვისხედით ხის ქვეშ, ჩანესტილები მთელი დღე ხავსებსა  და ხეობებში ნატანტალები. გაწუწვა უკვე ზედმეტი ტენი იქნებოდა ჩვენთვის, ხოდა ვისხედით წაქცეული ხის მორზე და შევექცეოდით სახლიდან წამოღებულ სასუსნავებს... ჭვიშტრებს კიტრთან ერთად. ჩვენ ცოტა ნაგლები ვართ და ჭვიშტარს ზემოდან კიდევ ყველს ვაყოლებთ ხოლმე... მოკლედ, მწყემსის სადილზე გემრიელი ცოტა რამ მეგულება.

 

დავადექით გზას ჭილის ტბისკენ... გზად  საოცრად ჭკვიანი მეცხვარე ძაღლებიც გადაგვეყარნენ... ჭკვიანი რადგან გარს შემოგვერტყნენ, შეგვჭამეს ლამის და პატრონმა დაუძახა თუ არა, მაგ წამიდან  ზედაც არ შემოუხედავთ ისე გაგვშორდნენ... ჩვენც გზა გავაგრძელეთ...

ჩამოვუხვიეთ ჭილის ტბაზე. უკვე საღამოვდებოდა, არც მეთევზე არც მოსეირნე კაციშვილი გზად არ ჭაჭანებდა...  თბილისზე საოცარი ხედები იშლებოდა. ჩამოვედით მუხათგვერდის სასაფლაოსთან და იქიდან კი 69 ნომერი ავტობუსით დავეშვით თბილისისკენ. სამწუხარო ამბავი ისაა რომ ეს ავტობუსი როგორც ვიცით შეზღუდული გრაფიკით მოძრაობს, ამიტომ წასვლამდე აუცილებლად გადაამოწმეთ.

 

არასოდეს ამ ადგილებში ტანტალი არ მომბეზრდება ალბათ, თბილისიდან ძალიან ახლოს, თან ხეობები, თან ხედები, ალაგ-ალაგ ველური მწვანე ვაშლები ხეებზე. თან ხშირი დაბურული ტყეები, ნაგაზები ადრენალინისთვის... განა რა უნდა გინდოდეს განტვირთვისთვის სხვა...

 

გირჩევთ გამოიდარებს თუ არა აუცილებლად ესტუმროთ ამ ადგილებს...

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
39 %
არა
30 %
გააჩნია მიმართულებას
31 %